შედეგიანი მეკარეები

AutoSharing Option
ოთხი მატჩი გაიმართა გუშინ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. "მონრეალი" საკუთარ მოედანზე ხვდებოდა "კაროლინას", რომელსაც ბოლო 12 მატჩში მხოლოდ სამი ჰქონდა მოგებული. სტუმართა ცუდი სათამაშო ფორმა ამ შეხვედრაშიც დამტკიცდა.

"კაროლინამ" პირველ ორ პერიოდში ორ-ორი შაიბა გაუშვა, თავად კი ვერაფერი მოუხერხა "მონრეალის" მეკარე კერი პრაისს, რომელმაც 25 დარტყმა მოიგერია და სეზონში პირველი შათაუტი შეასრულა. გუშინდელი დღის პირველი ვარსკვლავი სწორედ მონრეალელთა გოლკიპერი გახდა.

კაროლინასგან განსხვავებით, "მონრეალი" შესანიშნავ ფორმაში იმყოფება - ბოლო ათ მატჩში ეს "კანადიენსის" მეშვიდე მოგება იყო.
დღის მეორე ვარსკვლავის სტატუსი ერგო "ჩიკაგოს"
ფორვარდს მარიან ჰოსას. მის ანგარიშზე სამი შედეგიანი პასი მოდიოდა. "ბლეკჰოქსმა" გუშინ უპრობლემოდ დაამარცხა "ვანკუვერი". "კენაქსმა" მეორე პერიოდის სტარტზე გახსნა ანგარიში, მაგრამ შემდეგ ხუთი შაიბა გაუშვა.
რაც შეეხება მესამე ვარსკვლავს, ის გახლავთ "ანაჰაიმის" კარის დარაჯი იონას ჰილერი, რომელმაც 36 დარტყმა მოიგერია. მაგრამ შვეიცარიელმა თავისი გუნდი მაინც ვერ გადაარჩინა: "ლოს ანჯელეს კინგზი" ბულიტების სერიაში უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

"ნიუ ჯერსის" დაუბრუნდა რუსი ვასკვლავი ილია კოვალჩუკი, რომელმაც ტრავმის გამო ხუთი შეხვედრა გამოტოვა. სწორედ კოვალჩუკისა და ზაკ პარიზეს მონდომებით, "ეშმაკებმა" "ბაფალოსთან" გასვლით შეხვედრაში მეხუთე წუთისთვის 2-შაიბიანი უპირატესობა მოიპოვეს და ამის შემდეგ მასპინძლები მუდმივად მდევრის როლში იყვნენ, მაგრამ მაინც ვერ დაეწივნენ მეტოქეს.

"ბაფალომ" დარტყმების რაოდენობით აშკარად აჯობა "ნიუ ჯერსის" - შეფარდება 32 19-თან იყო, მაგრამ შესანიშნავად თამაშობდა "დევილზის" კარის დარაჯი მარტინ ბროდო, რომელმაც 29 დარტყმის მოგერიება შეძლო.

ნიუ ჯერსიმ ბოლო სამ მატჩში მეორედ მოიგო, "ბაფალომ" კი შეწყვიტა სამმატჩიანი მოგებათა სერია საკუთარ მოედანზე.

* * *
გუშინ შედეგიანი დღე ჰქონდათ მეკარეებს. ერთბაშად ორმა გოლკიპერმა გამოიჩინა თავი შედეგიანი გადაცემებით. "ნიუ ჯერსის" კარის დარაჯმა მარტინ ბროდომ დაიწყო შეტევა, რომელიც კოვალჩუკმა დაასრულა გოლით, "მონრეალის" კიპერი კერი პრაისი კი მაიკ კამალერის დაეხმარა გოლის გატანაში.

კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი ის იყო, რომ NHL-ის რეგულარულ ჩემპიონატში საიუბილეო, მე-1000 შეხვედრა ჩაატარა "ნიუ ჯერსის" ლიტველმა ლეგიონერმა დაინიუს ზუბრუსმა. ამ მატჩებში მან 504 ქულა (193+311) დააგროვა, 1660 დარტყმა შეასრულა და მიიღო მეტად ლამაზი სარგებლიანობის კოეფიციენტის საერთო მაჩვენებელი - ნული.

მონრეალი-კაროლინა 4:0
2:0, 2:0, 0:0
გოლები: 1:0 კამალერი-4 (პლეკანეცი-11, პრაისი-1), 2:0 ი. უებერი-3 (ე. კოული-5, პლეკანეცი-12), 3:0 სუბანი-1 (პასიორეტი-7, დეშარნე-9), 4:0 მოენი-6 (გომესი-2, სუბანი-7).

ბაფალო-ნიუ ჯერსი 3:5
1:2, 0:1, 2:2
გოლები: 0:1 პარიზე-6 (ენრიკე-5), 0:2 კოვალჩუკი-3 (ელიაში-10, ბროდო-1), 1:2 მიერსი-1 (პომინვილი-15, ვანეკი-12), 1:3 ფეინი-3 (ენრიკე-6), 1:4 ელიაში-7 (სიკორა-6), 2:4 მიერსი-2 (გერბე-7, ელისი-2), 2:5 კლარკსონი-6 (ე. გრინი-6), 3:5 ლეოპოლდი-4 (სტეფორდი-7, ლეინო-3).

ვანკუვერი-ჩიკაგო 1:5
0:0, 1:2, 0:3
გოლები: 1:0 ჰანსენი-5 (ჰ. სედინი-15, დ. სედინი-17), 1:1 ბრუნეტი-4 (კრუგერი-3, მონტადორი-4), 1:2 პ. კეინი-7 (მარიან ჰოსა-11, კეიტი-9), 1:3 ტეუვზი-10 (სტალბერგი-5, მარიან ჰოსა-12), 1:4 შარპი-6 (ლედი-11, პ. კეინი-14), 1:5 მონტადორი-4 (მარიან ჰოსა-13, ტეუვზი-7).

ლოს ანჯელესი-ანაჰაიმი 2:1 (ბ)
0:0, 1:0, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 მ. რიჩარდსი-5 (ჯ. ჯონსონი-5, დ. ბრაუნი-8), 1:1 სელიანე-6 (პერი-6, გეტცლაფი-6).
ბულიტები გაიტანეს: სტოული (ლოს ანჯელესი), გეტცლაფი (ანაჰაიმი), ჯასტინ უილიამსი (ლოს ანჯელესი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული