იხვებმა მწვრთნელი შეცვალეს

AutoSharing Option
გუშინ, ჰოკეის ეროვნული ლიგაში "ბოსტონსა" და "ტორონტოს" შორის გამორჩეული შეხვედრა იყო, რადგან გუნდები ერთმანეთს ლიდერობას ეცილებოდნენ
ჩრდილო-აღმოსავლეთის დივიზიონში. ჯერჯერობით, მიმდინარე სეზონში ამ გუნდების დაპირისპირება "დათვების" სასარგებლოდ ვითარდება. სამიდან სამივე მატჩი "ბოსტონმა" დიდი ანგარიშით მოიგო, მათ შორის გუშინ - 6:3.
ამ შეხვედრამდე "ბოსტონს" ფანტასტიკური სერია ჰქონდა - ბოლო 12 მატჩში 11 მოგება და ერთი წაგება ბულიტების სერიაში!
საინტერესოა, რომ ზუსტად ერთი თვის წინ, სტენლის თასის მოქმედი მფლობელი ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი სულ ცოტა აკლია კონფერენციის ლიდერობამდე.

წარმატებული მატჩი ჩაატარა "კოლორადომ",
რომელმაც "ნიუ ჯერსი" გაანადგურა - 6:1. "ეველანშის" რიგებში ექვსივე გოლი სხვადასხვა მოთამაშემ გაიტანა, მთავარი გმირი კი 20 წლის ფორვარდი რაიან ო'რაილი გახდა, რომელმაც სამი ქულა დააგროვა და დღის პირველი ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა.

ასევე უნდა აღვნიშნოთ კოლორადოელი მცველი სტეფან ელიოტი, რომელიც კლუბის ისტორიაში პირველი ჰოკეისტია, ვინც პირველ სამ სადებიუტო შეხვედრაში მინიმუმ ერთ ქულა დააგროვა.

ამ სეზონის ორი აღმოჩენა - "მინესოტა" და "ედმონტონი" წელს მეოთხედ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ და საინტერესო სანახაობა შესთავაზეს მაყურებელს. "ველურები" 26-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდნენ. ორი ქულა ჩაიწერა აქტივში 2011 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსმა. ეს ჰოკეისტი დამაჯერებლად მიიწევს სეზონის საუკეთესო დებიუტანტის ტიტულისკენ.
"მინესოტამ" შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ბულიტების სერიაში ექვსიდან ოთხჯერ გაიტანა და ამ მოგებით ლიგაში პირველი ადგილი დაიბრუნა!

ლეგენდარული სტივ აიზერმანი პირველად ჩავიდა დეტროიტში "ტამპა ბეის" გენერალური მენეჯერის რანგში და მისი სტუმრობა მშობლიურ ქალაქში უიღბლო გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ სტივენ სტემკოსმა სეზონში მე-16 შაიბა გაიტანა და დაეწია ტორონტოელ ფილ კესელს, სტუმრებმა პირველ და მესამე პერიოდებში ორ-ორი შაიბა გაუშვეს და 2:4 დამარცხდნენ. "დეტროიტმა" "ჩიკაგოს" გაუსწრო და თავის დივიზიონში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

"ანაჰაიმის" ფორვარდმა რაიან გეტცლაფმა სამი ქულა დააგროვა და თავის გუნდს შვიდმატჩიანი წაგებათა სერია შეაწყვეტინა. "იხვები" აქაც მდევრის როლში იყვნენ: მეოთხე წუთზე "მონრეალი" კოსტიცინმა დააწინაურა, მაგრამ სწორედ გეტცლაფის მონდომებით "ანაჰაიმმა" ზედიზედ ოთხი შაიბა გაიტანა და 4:1 მოიგო.

* * *
ამ გამარჯვების მიუხედავად, გუშინ, "ანაჰაიმის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა რენდი კარლაილი და იქვე ახალი დამრიგებლის ვინაობაც გამოაცხადა. ეს გახლავთ ბრიუს ბუდრო, რომელიც 28 ნოემბერს გაანთავისუფლეს "ვაშინგტონის კეპიტალზის" მთავარი მწვრთნელობიდან. ასე რომ, ეს სპეციალისტი მხოლოდ ორი დღე იყო უმუშევარი.
როგორც ზემოთ ვთქვით, "მონრეალის" დამარცხებამდე "ანაჰაიმს" ზედიზედ შვიდი მატჩი ჰქონდა წაგებული, სულ კი ბოლო 19 შეხვედრაში მხოლოდ სამ გამარჯვებას მიაღწია.

კარლაილმა "ანაჰაიმი" 2005 წლის აგვისტოში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით "დაქსმა" 2006-07 წლების სეზონში სტენლის თასი მოიგო. კარლაილთან ერთად გუნდი დატოვეს მისმა თანაშემწეებმა - დეივ ფარიშმა და მაიკ ფოლინომ.
"ანაჰაიმი" ამ მომენტისთვის ბოლოსწინა ადგილს იკავებს დასავლეთ კონფერენციაში. 24 შეხვედრაში გუნდს 18 ქულა აქვს დაგროვებული და პლეი ოფის ზონას 10 ქულა აშორებს.

ტორონტო-ბოსტონი 3:6
1:1, 1:2, 1:3
გოლები: 1:0 გრაბოვსკი-6 (მაკარტური-3, გუნარსონი-7), 1:2 ლუჩიჩი-9 (სეგუინი-12, ხარა-13), 1:2 კრეისი-4 (ჰორტონი-9, ზაიდენბერგი-5), 2:2 ლუპული-12 (კესელი-16, შენი-6), 2:3 ხარა-5 (კრეისი-8, ჰორტონი-10), 2:4 პუიო-3 (კორვო-10, გ. კემპბელი-5), 3:4 ფრატინი-2 (კრები-2, შენი-7), 3:5 ლუჩიჩი-10 (კრეისი-9), 3:6 მარშანი-9 (პევერლი-11).
დეტროიტი-ტამპა ბეი 4:2
2:0, 0:2, 2:0
გოლები: 1:0 დაციუკი-7 (ბერტუცი-5, ფრანცენი-13), 2:0 ჯ. ერიქსონი-1 (ფილპულა-13), 2:1 სან ლუი-7 (პურსელი-9, მ-ა. ბერჟერონი-17), 2:2 სტემკოსი-16 (გილროი-6, ლეკავალიე-8), 3:2 ჰოლმსტრიომი-4 (ლიდსტრიომი-11, დაციუკი-14), 4:2 ჰელმი-3 (კინდლი-5, ჯ. ერიქსონი-3).
ედმონტონი-მინესოტა 2:3 (ბ)
1:0, 1:2, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 ნიუჯენტ-ჰოკპინსი-11 (ე. სატონი-1, ებერლე-17), 2:0 ებერლე-9 (ჰორკოფი-10, ნიუჯენტ-ჰოკპინსი-16), 2:1 სეტოგუჩი-8 (მ. კოივუ-16, ჰიტლი-9), 2:2 ბროძიაკი-6 (ნ. ჯონსონი-5, სკანდელა-2).
ბულიტები გაიტანეს: ებერლე (ედმონტონი), ბუშარი (მინესოტა), მ. კოივუ (მინესოტა), სემ განიე (ედმონტონი), ჰორკოფი (ედმონტონი), ჰიტლი (მინესოტა), ბროძიაკი (მინესოტა).
კოლორადო-ნიუ ჯერსი 6:1
3:0, 0:1, 3:0
გოლები: 1:0 ჰეიდუკი-8 (რ. ო'რაილი-13, ლანდესკოგი-6), 2:0 გალიარდი-2, 3:0 ჰეიდა-3 (დუშენი-9, რ. უილსონი-12), 3:1 კოვალჩუკი-5 (ენრიკე-10, პარიზე-7), 4:1 რ. ო'რაილი-3 (ჰეიდუკი-9), 5:1 მაკლემანი-4 (ქუინსი-12, ვინიკი-5), 6:1 ელიოტი-2 (ქუინსი-13, რ. ო'რაილი-14).
ანაჰაიმი-მონრეალი 4:1
1:1, 1:0, 2:0
გოლები: 0:1 ა. კოსტიცინი-6 (პლეკანეცი-16, ჯონტა-7), 1:1 გეტცლაფი-5 (პერი-9), 2:1 სმიტ-პელი-2 (რაიანი-5), 3:1 პერი-11 (ბოშემენი-6, გეტცლაფი-13), 4:1 ჰაგმანი-2 (პერი-10, გეტცლაფი-14).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული