"დეტროიტი" "კოლორადომ" შეაჩერა

AutoSharing Option
გუშინ, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მხოლოდ სამი შეხვედრა გაიმართა - სამივე დასავლეთ კონფერენციაში. ცენტრალური იყო მატჩი "კოლორადოსა" და "დეტროიტს" შორის.

სეზონში არცთუ ისე წარმატებული სტარტის შემდეგ "რედ უინგზმა" თავისი თამაში იპოვნა და გუშინდელ შეხვედრას შვიდმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა. ამ წარმატების წყალობით "დეტროიტმა" დასავლეთ კონფერენციის უმაღლეს საფეხურს მიაღწია, მაგრამ ფავორიტს წინ აღუდგა მოკრძალებული "კოლორადო", რომელიც პლეი ოფის ზონასთან არის ახლოს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრამდე "ეველანშმა" შინ დამაჯერებლად დაამარცხა "ნიუ ჯერსი", "სენტ ლუისი" და "ედმონტონი".

პირველი პერიოდი "დეტროიტს" დარჩა. სტუმრების უპირატესობა
ლოგიკურ გოლში გადაიზარდა, რომელიც დაციუკის პასით ლიდსტრიომმა გაიტანა. პირველ შესვენებამდე ანგარიში უფრო დიდიც იქნებოდა, მაგრამ "კოლორადოს" რუსმა მეკარემ ვარლამოვმა რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი.

გოლკიპერის დამაჯერებლობა წინა ხაზის მოთამაშეებსაც გადაედოთ და "კოლორადომ" თამაშში გარდატეხა შეიტანა. მეორე პერიოდის დაწყებიდან მხოლოდ ორი წუთი იყო გასული და მასპინძლები უკვე წინ იყვნენ რაიან ო'რაილისა და პოლ შჩასტნის გოლებით. სხვათა შორის ეს უკანასკნელი მესამე პერიოდში დაიმტვრა და თამაში ვეღარ გააგრძელა.

მესამე პერიოდში "დეტროიტმა" გამონახა ძალები ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ ეს უფრო იღბალის დამსახურება იყო - ვარლამოვის კარში შაიბა რიკოშეტით შევარდა. გადამწყვეტ მომენტში "კოლორადომ" უკეთ ითამაშა - ტიჯეი გალიარდის კინაღამ გაარღვია ტაი კონკლინის კარის ბადე. "დეტროიტს" კი შტურმი არ გამოუვიდა - ვარლამოვს მხოლოდ ერთი სახიფათო დარტყმის მოგერიება მოუწია. ბოლო წუთზე კი ო'რაილიმ წერტილი დაუსვა შეხვედრას - 4:2.

* * *
ამ წაგებით "დეტროიტმა" ოდნავ წინ გაუშვა ამ სეზონის ერთ-ერთი სიუპრიზი "მინესოტა", რომელიც "ანაჰაიმს" ხვდებოდა. ჯერჯერობით ვერ ამართლებს "იხვების" მთავარ მწვრთნელად დანიშვნას "ვაშინგტონის" ყოფილი დამრიგებელი ბრიუს ბუდრო. "დაქსმა" "მინესოტასთან" 3:5 წააგო, ამასთან, "ანაჰაიმს" გეტცლაფისა და საკუ კოივუს გოლებით ორშაიბიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ "ველურები" ჰიტლის, უელმანისა და ბუშარის გოლებით ჯერ კიდევ მეორე პერიოდის დასრულებამდე გავიდნენ წინ.

მესამე პერიოდში მასპინძლებმა გაათანაბრეს, მაგრამ მეტის გასაკეთებლად ძალა არ ეყოთ. მატჩის ბოლოს კიდევ ორი შაიბის გატანით "მინესოტამ" თავისი მოგებათა სერია ოთხ მატჩამდე აიყვანა, "ანაჰაიმმა" კი მეორე შეხვედრა წააგო მას შემდეგ, რაც ამ გუნდს სათავეში ბუდრო ჩაუდგა.

აღსანიშნავია, რომ "მინესოტას" მხრიდან ხუთივე შაიბა სხვადასხვა ჰოკეისტმა გაიტანა, ამიტომაც მატჩის პირველ ვარსკვლავად მეტ კულენი აირჩიეს, რომელმაც შედეგიანი გადაცემების მიხედვით ჰეთ-თრიკი შეასრულა.

გრძელდება "კალგარის" უიღბლო სერია. "ვანკუვერის" წინააღმდეგ პირველ პერიოდში ლიდერობის შემდეგ, "ფლეიმზმა" ხუთი უპასუხო შაიბის გაშვება მოახერხა.

შეუდარებელი იყო ამ მატჩში ჰიგინსის, ბუტისა და კესლერის ტრიო: პირველმა ორმა თითო შაიბა და ორ-ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, კესლერმა კი ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

კოლორადო-დეტროიტი 4:2
0:1, 2:0, 2:1
გოლები: 0:1 ფრანცენი-12 (დაციუკი-16, ლიდსტრიომი-13), 1:1 რ. ო'რაილი-5 (ლანდესკოგი-7), 2:1 შჩასტნი-8 (დუშენი-10), 2:2 ქლირი-5 (ზეტერბერგი-10, ბერტუცი-6), 3:2 გალიარდი-3 (ლანდესკოგი-8), 4:2 რ. ო'რაილი-6 (მაკლემანი-2, ვინიკი-6).

ანაჰაიმი-მინესოტა 3:5
2:1, 0:2, 1:2
გოლები: 1:0 გეტცლაფი-6 (პერი-11, სელიანე-15), 2:0 ს. კოივუ-5 (სელიანე-16, ბელესკი-2), 2:1 ჰიტლი-8 (კულენი-6, მ. კოივუ-17), 2:2 უელმანი-2 (კულენი-7, ბუშარი-11), 2:3 ბუშარი-4 (კულენი-8, უელმანი-1), 3:3 ფაულერი-3, 3:4 ნ. ჯონსონი-4 (კლატერბეკი-4, ბროძიაკი-6), 3:5 კლატერბეკი-8.

ვანკუვერი-კალგარი 5:1
0:1, 2:0, 3:0
გოლები: 0:1 ტანგეი-5 (ჰორაკი-7, რ. ბურკი-3), 1:1 ბიეკსა-2 (ჰიგინსი-8, ბუტი-7), 2:1 ჰიგინსი-8 (ბუტი-8, ჰამჰუისი-13), 3:1 ბუტი-5 (კესლერი-10, ჰიგინსი-9), 4:1 ჰანსენი-7 (რეიმონდი-1, ბალარდი-2), 5:1 დ. სედინი-9 (კესლერი-11, ჰ. სედინი-19).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული