ნიდერმაიერი სამუდამოდ

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე, "ნიუ ჯერსისა" და "დალასის" მატჩის წინ გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელიც "დევილზის" ლეგენდარულ მცველს სკოტ ნიდერმაიერს მიეძღვნა.

კლუბის ხელმძღვანელობამ ხმარებიდან ამოიღო 27-ე ნომერი, რომლითაც ჰოკეისტი 12 წელი თამაშობდა "ეშმაკების" რიგებში და ამ კლუბთან ერთად სამჯერ მოიგო სტენლის თასი.

სკოტი მესამე ჰოკეისტია "ნიუ ჯერსის" ისტორიაში, ვისაც ამგვარი პატივი ხვდა წილად. მანამდე "დევილზის" საშინაო არენის თაღზე დაკიდეს ორი მცველის - კენ დანეიკოსა (მე-3 ნომერი) და სკოტ სტივენსის (4) მაისურები.

ნიდერმაიერმა კარიერა 2010 წელს "ანაჰაიმის" შემადგენლობაში დაასრულა. 2007 წელს ამ კლუბთან ერთად
მან მეოთხედ მოიგო სტენლის თასი.

"როცა 20 წლის ასაკში დრაფტზე ამირჩიეს, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ლიგაში ასეთი კარიერა მექნებოდა, - განაცხადა ნიდერმაიერმა 35-წუთიანი ცერემონიის დროს. - ჩემთვის საპატიო და სასიამოვნო იყო "ნიუ ჯერსის" რიგებში თამაში. იმ წლების მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში".

* * *
მოვა დრო და სავარაუდოდ, ასეთივე პატივს მიაგებენ "ნიუ ჯერსის" ჩეხ ფორვარდს პატრიკ ელიაშს. "მონრეალთან" მატჩში ამ ჰოკეისტმა დუბლი შეასრულა და "დევილზის" რიგებში გატანილი შაიბების რიცხვი 348-მდე აიყვანა. ეს ახალი საკლუბო რეკორდია, რომელიც მანამდე ჯონ მაკლინს ეკუთვნოდა.

ელიაში უკვე დიდი ხანია "ეშმაკების" საუკეთესო ასისტენტი და საუკეთესო ბომბარდირია, ახლა კი პირველი გახდა სნაიპერებს შორის.
35 წლის ჩეხი 1994 წლის დრაფტზე 51-ე ნომრად აირჩიეს. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მან 933 მატჩი ჩაატარა და 845 ქულა (348+497) დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული