ლიდერი დაბრუნდა და მოიგო

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს მთავარი მოვლენა იყო "ფილადელფიას" რიგებში სეზონის საუკეთესო ბომბარდირის კლოდ ჟირუს დაბრუნება. ფორვარდის ყინულზე გამოჩენა ტრიუმფალური გამოდგა - ჟირუმ ოთხი ქულა მიითვალა, "ფლაიერზმა" კი "დალასი" დაამარცხა და შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია. ახლა, "ფილადელფია" ლიდერობს აღმოსავლეთ კონფერენციას, ჟირუ კი 43 ქულით ერთპიროვნული ლიდერია ბომბარდირთა დავაში.

სეზონის შუა ნაწილისთვის გამოფხიზლდა "კოლორადო", რომელმაც შინ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო. დენვერელები "სენტ ლუისს" მასპინძლობდნენ და 3:2 გაიმარჯვეს. "ეველანში" 2:0-ს იგებდა, შემდეგ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა, მეორე პერიოდის
ბოლოსთვის კი მაკლემანმა გადამწყვეტი გოლი იზეიმა. ბოლო პერიოდში "კოლორადო" დაცვაში ჩადგა და მხოლოდ ერთი დარტყმა შეასრულა ელიოტის კარში. მასპინძლებმა მატჩის ბედი მთლიანად მეკარე ჟან-სებასტიან ჟიგერს გადააბარეს, რომელიც დამაჯერებლად მოქმედებდა და "კოლორადოს" კონფერენციაში მეცხრე ადგილზე გადასვლაში დაეხმარა.

კრიზისიდან ვერ გამოდის "კაროლინა", რომელმაც საკუთარ მოედანზე წააგო "ფინიქსთან" - 3:4. "ჰარიკეინზი", რომელიც კვლავაც სკინერისა და პიტკანენის გარეშე თამაშობს, მატჩის მსვლელობისას 3:1-ს იგებდა, მაგრამ "ფინიქსმა" მაინც გამოსტაცა ორი ქულა მეტოქეს და დასავლეთში მერვე ადგილზე გადაინაცვლა. აღვნიშნავთ მცველ დევიდ რუნდბლადს, რომელმაც ახალ გუნდში პირველი ქულა მიითვალა. "ფინიქსს" ცხრილში უფრო შორს წასვლა შეეძლო, მაგრამ ამისთვის "სან ხოსეს" წაგება სჭირდებოდა, თუმცა "ზვიგენებმა" გუშინ 7:2 გაანადგურეს "ტამპა ბეი".

"შარქსმა" საწყის 15 წუთში ხუთი შაიბა გაიტანა - სამი მეკარე გარონს და ორი მის შემცვლელ როლოსონს. ორი გოლი ჩაიწერა აქტივში ლოგან კუტურმა, რომელიც ჯო პაველსკისთან ერთად "სან ხოსეს" საუკეთესო გოლეადორია. "ტამპამ" მხოლოდ მურისა და სან ლუის შაიბებით უპასუხა. ეს უკანასკნელი პირველად თამაშობდა მძიმე ტრავმის შემდეგ. "შარქსი" ისევ პირველია თავის დივიზიონში, "ტამპა ბეი" კი მე-13 ადგილზეა აღმოსავლეთში და ექვსი ქულით არის დაშორებული პლეი ოფის ზონას.
გრძელდება "მონრეალის" კრიზისი - "კანადიენსმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. კანადელებს "ჩიკაგო" იოლად გაუსწორდა - 5:1. კონფერენციაში ლიდერობისთვის ბრძოლაში "ბლეკჰოქსი" სამი ქულით უსწრებს "მინესოტას".

* * *
ტურის ცენტრალური შეხვედრა ვანკუვერში გაიმართა, სადაც სტუმრად "დეტროიტი" ჩავიდა. ამ მატჩის წინ გუნდები მეზობლად იყვნენ დასავლეთის ცხრილში და შესაბამისად, ორივეს უშუალო კონკურენტის დამარცხების დიდი სურვილი ჰქონდა.

საერთო ჯამში, "დეტროიტი" უკეთესად გამოიყურებოდა. მაიკ ბებკოკის შეგირდებს ერთხელაც არ დაურღვევიათ თამაშის წესი, მაგრამ უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს. "ვანკუვერი" კი ცალკეულ ეპიზოდებში იყო ძლიერი და იღბლიანი.

ასე მაგალითად, თავდაპირველად "კენაქსმა" 21 წამის ინტერვალში ორი შაიბა გაიტანა და სოლიდურ უპირატესობას დაეუფლა.

ამის შემდეგ "დეტროიტმა" ორჯერ შეამცირა მინიმუმამდე სხვაობა, მაგრამ ორივეჯერ "ვანკუვერმა" მოახერხა გაქცევა. მეორედ ასეთ მომენტს მესამე პერიოდის დასაწყისში ჰქონდა ადგილი, როცა მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. ჰანსენმა გაარღვია "დეტროიტის" დაცვა და შემდეგ მის დარტყმულს ედლერმა დაამატა.

სტუმრებს ხელები არ ჩამოუშვიათ. ისინი აგრძელებდნენ იერიშებს, მაგრამ "ვანკუვერის" მეკარე რობერტო ლუონგო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მეტოქეს წარმატებული შედეგის არანაირი იმედი არ დაუტოვა.

კაროლინა-ფინიქსი 3:4
1:1, 2:1, 0:2
გოლები: 0:1 რეი უიტნი-12 (ეკმან-ლარსონი-7, ჰანჟალი-14), 1:1 ტ. რუუტუ-11 (პონიკაროვსკი-5, ი. იოკინენი-16), 2:1 ნოდლი-1 (შპაჩეკი-6), 3:1 ტლუსტი-7 (ფოლკი-4, ჰარისონი-8), 3:2 კ. ო'რაილი-2 (რუნდბლანდი-4, ჩიპჩურა-4), 3:3 კლესლა-1 (კორპიკოსკი-7, ლენგკოუ-10), 3:4 კორპიკოსკი-9 (მორისი-7, რეი უიტნი-20).

დალასი-ფილადელფია 1:4
1:2, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 რაიდერი-12 (ლ. ერიქსონი-17, ბენი-21), 1:1 კ. ჟირუ-17 (იაგრი-18, ჰარტნელი-14), 1:2 სიმონდსი-11 (ტიმონენი-21, კ. ჟირუ-24), 1:3 იაგრი-11 (კ. ჟირუ-25, ტიმონენი-22), 1:4 მეზაროში-4 (კ. ჟირუ-26, ჰარტნელი-15).

ჩიკაგო-მონრეალი 5:1
0:0, 2:1, 3:0
გოლები: 0:1 ა. კოსტიცინი-10 (პლეკანეცი-20, დიასი-6), 1:1 ბრუნეტი-8 (პ. კეინი-25, სიბრუკი-9), 2:1 შარპი-18 (მარიან ჰოსა-23), 3:1 სტალბერგი-7 (ბიკელი-3), 4:1 ტეუვზი-20 (სიბრუკი-10), 5:1 ბიკელი-4 (სტალბერგი-13, პირი-2).

კოლორადო-სენტ ლუისი 3:2
2:0, 1:2, 0:0
გოლები: 1:0 რ. შჩასტნი-11 (ჰანვიკი-1, ელიოტი-3), 2:0 მაკლეოდი-2 (პორტერი-1, ჰეიდა-7), 2:1 ბეკსი-11 (კოლაიაკოვო-9), 2:2 კ. სტიუარტი-5 (ბერგლუნდი-6, პერონი-6), 3:2 მაკლემანი-6 (ბ. მელოუნი-2, შ. ო'ბრაიენი-10).

ვანკუვერი-დეტროიტი 4:2

3:1, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ჰიგინსი-10 (რეიმონდი-4, ბიეკსა-13), 2:0 ჰოჯსონი-7 (ჰანსენი-8, მალორტა-7), 2:1 ბერტუცი-4 (ი. უაიტი-12, დაციუკი-24), 3:1 ბაროუზი-13 (დ. სედინი-26, ჰ. სედინი-31), 3:2 დ. მილერი-7 (ჰელმი-8, ქლირი-9), 4:2 ედლერი-6 (ჰანსენი-9).

სან ხოსე-ტამპა ბეი 7:2
5:1, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 ფერეირო-2 (ჯ. ტორნტონი-21, დ. ბოილი-14), 2:0 პაველსკი-14 (ბერნსი-6, ჯ. ტორნტონი-22), 3:0 დეჟარდენი-3 (ე. მიურეი-2), 4:0 კუტური-13 (მარლო-12, ქლოუ-13), 5:0 კუტური-14 (ჰანძუში-10, ქლოუ-14), 5:1 მური-3 (ბრიუერი-9), 6:1 ბერნსი-6 (ჰანძუში-11), 6:2 სან ლუი-10 (პურსელი-12), 7:2 მარლო-13.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული