ჩვენმა სპორტსმენებმა ორი მატჩი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს, ორი შეხვედრა წააგეს და მე-6 ადგილი დაიკავეს. საუკეთესოდ იასპარეზა თბილისელმა მეკარემ, 23-ე სკოლის მოსწავლე კოტე ბახუტაშვილმა, რომელიც ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარეს და ტრადიციული ტულის "სამოვარით" დააჯილდოვეს", - წერდა გაზეთი "ლელო" 1983 წელს. კოტე ბახუტაშვილი მაშინ 13 წლის იყო.
- სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში ჰოკეი საბჭოთა კავშირში ლამის ნომერ პირველ სპორტად მიიჩნეოდა. მისი პოპულარიზაციისთვის რადიო-ტელევიზიები არაფერს იშურებდნენ. - გვითხრა ბატონმა
ყინული სად გვქონდა - ორრიგიან გორგოლაჭებზე ვიდექით და ისე ვვარჯიშობდით. მალე 32-ე და 37-ე სკოლების წარმომადგენლებიც შემოგვიერთდნენ და გუნდიც ჩამოვაყალიბეთ - "პირველი მერცხალი".
- ყინული როდის მოსინჯეთ პირველად?
- 1981 წლის ზამთარში მოსკოვს გავემგზავრეთ შეკრებაზე. იქვე თანატოლებთან ერთი ამხანაგური შეხვედრაც მოვიგეთ 3:2, იმ პაექრობას ანატოლი ტარასოვი და ანატოლი ფირსოვიც ესწრებოდნენ. მატჩის შემდეგ შეგვაქეს. ჩვენც მეტი რა გვინდოდა - უფრო მონდომებით განვაგრძეთ ვარჯიში.
1982 წელს კემეროვოსთან ახლოს პროფოპიევსკში "ოქროს შაიბის" საკავშირო ტურნირზე ქვეჯგუფში ორი შეხვედრა დავთმეთ მოსკოველებთან და მასპინძლებთან, ესტონელებს კი 4:1 მოვუგეთ. ამ გამარჯვებით განსაკუთრებით ჩვენმა მწვრთნელმა ნოდარ დონაძემ გაიხარა - ზუსტად ოცი წლის წინათ მის თაობას სწორედ ბალტიისპირელებთან ჰქონდა წაგებული საკავშირო ტურნირის პირველი მატჩი. რევანში ესიამოვნა.
- როგორც ვიცი, იმავე წელს ერევანშიც იასპარეზეთ...
- დიახ, სომხებმა მიგვიწვიეს თავიანთ ღია პირველობაზე. უმცროს ასაკში თბილისის "მზიურმა" მე-2 ადგილი დაიკავა. უფროსებში ჩვენთან ერთად 6 გუნდი გამოდიოდა. ტურნირის საზეიმო გახსნისას მასპინძლებმა მთავარ პრიზად ისეთი ბროლის თასი გამოიტანეს, სახელოვან ჰოკეისტებსაც რომ შესურდებოდათ. გადავწყვიტეთ, რადაც უნდა დაგვჯდომოდა, თბილისში წამოგვეღო ეს ჯილდო. მართლაც, ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ.
6-დან ხუთი შეხვედრა მოვიგეთ, ერთი ფრედ დავამთავრეთ და პირველი ადგილი დავიკავეთ, მაგრამ ორგანიზატორებმა განზე გაგვწიეს - უკონკურსოდ მონაწილეობდითო და ჩემპიონად მეორე ადგილზე გასული ლენინაკანელები გამოაცხადეს, ის ბროლის თასიც სადღაც გააქრეს, ჩვენ კი 2,5 მანეთად ღირებული ხის იალქნიანი ნავით დაგვაჯილდოვეს.
- სამაგიეროდ, შჩოკინოში ხომ დაიმსახურეთ რუსული "სამოვარი".
- დიახ, საუკეთესო მეკარედ მაღიარეს. იმ ტურნირმა ჩემს სპორტულ კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა. შეჯიბრების შემდეგ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელი მივიდა ბატონ ნოდარ დონაძესთან და უთხრა, კარგი იქნება, ამ ბიჭს მოსკოვის ან სვერდლოვსკის ჰოკეისტთა სპორტსკოლაში თუ გაუშვებთო. იმავე წელს ანატოლი ფირსოვმა რეკომენდაცია გამიწია და ცსკა-ს სკოლაში აღმოვჩნდი, სადაც თავადაც მუშაობდა. 1988 წლამდე ვივარჯიშე იქ.
- ცსკა-ს ფორმა როდის მოირგეთ?
- მოსკოვში ჩასვლიდან სამიოდე თვეში არმიის ჭაბუკთა გუნდის ძირითადი მეკარე გავხდი, 1984 წელს მოსკოვის პირველობა მოვიგეთ. ერთი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს. ჩვენმა გუნდმა ევროპის მცირე პირველობად მონათლულ ფინეთის ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა - მასპინძლებს, შვედებსა და ჩეხოსლოვაკიელებს ვძლიეთ. იმ ნაკრებში ჩემთან ერთად თამაშობდნენ შემდგომში სახელოვანი ჰოკეისტები - პაველ ბურე და სერგეი ზუბოვი. ფინური ტურნირი იმითაც დამამახსოვრდა, რომ ყველაზე ღირებული მოთამაშის პრიზი დავიმსახურე. 1986 და 1988 წლებში კანადის სხვადასხვა პროვინციის რამდენიმე გუნდი დავამარცხეთ.
იმ წლებში ცსკა-ს კარს იცავდა ევგენი ბელაშეიკინი, საკმაოდ ცნობილი მეკარე. 1987 წელს მოსკოვში არმიელები საკავშირო ჩემპიონატის მატჩში კიევის "სოკოლს" 3:2-ს უგებდნენ. მესამე პერიოდში ვიქტორ ტიხონოვმა შეცვლაზე შემიყვანა. ბოლო სირენამდე ვიცავდი კარს, შაიბა არ გამიშვია. 4:2 გავიმარჯვეთ. მაშინ გუნდში გამოდიოდნენ იგორ ლარიონოვი, სერგეი მაკაროვი, ვლადიმირ კრუტოვი, სლავა ფეტისოვი, ალექსეი კასატონოვი... მსოფლიო ჰოკეის ვარსკვლავები. მათ გვერდით ვარჯიში და თამაში ჩემთვის ბედნიერება იყო, თუმცა გული იმაზე მწყდება, რომ საკავშირო ჩემპიონატის ოქროს მედალი ვერ მივიღე, რადგან პაექრობათა 50 პროცენტში არ მიასპარეზია.
- ალბათ, საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ თქვენ ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი ხართ.
- მქონდა ასეთი ბედნიერებაც. უკვე გითხარით, რომ 1986 წლიდან საკავშირო ახალგაზრდული ნაკრების წევრი ვიყავი. 1988 წელს ჩეხოსლოვაკიაში გავემგზავრეთ ევროპის პირველობაზე. მწვრთნელების შეცდომით ბოლო მატჩი ფინელებთან 1:2 წავაგეთ და მესამე ადგილზე გავედით.
- საკავშირო ჩემპიონატების პირველ ლიგაში 100-ზე მეტი მატჩი გაქვთ ჩატარებული. კარგი პერსპექტივაც გქონდათ. დიდ სპორტს ნაადრევად ხომ არ დაანებეთ თავი?
- რამდენიმე გუნდში მოვსინჯე ძალები. 1989 წელს მოსკოვის ნაკრებთან ერთად რუსეთის ფედერაციის IX ზამთრის სპარტაკიადა და პირველი საკავშირო ახალგაზრდული თამაშები მოვიგე. საუკეთესო მეკარის პრიზიც მერგო. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში, თითქოს, კონკურენციას ვერავინ მიწევდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 90-იან წლებში ქვეყანა აირია, 9 აპრილის შემდეგ ქართველებს კარგი თვალით არ გვიყურებდნენ.
1990 წლის მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებლად ერთხელ შეკრებაზე გამომიძახეს, მაგრამ შემდეგ შეჯიბრებაზე არ წამიყვანეს - რიგელი სერგეი პოლიაკოვი მამჯობინეს. გამოუცდელი ბიჭი იყო. გუნდი დააზარალა - საპრიზო ადგილებზე ვერ გავიდნენ. ამას დაერთო ისიც, რომ მშობლებთან კონტაქტის დამყარება სულ უფრო მიძნელდებოდა, ტრავმებმაც იმატა და 1992 წელს დიდ ჰოკეის თავი დავანებე. სამშობლოში დავბრუნდი.
- ახლა რას საქმიანობთ?
- პროფესიით ვმუშაობ, მყავს მეუღლე და სამი შვილი. უფროსი ვაჟი სანდრო ფეხბურთზე დადის - "ავაზას" სკოლაში ვარჯიშობს.
- მამის კვალს რატომ არ გაჰყვა?
- აბა, საამისოდ საქართველოში შესაძლებლოები სად არის. მართალია, ათი წლის წინათ ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა - დენის დავიდოვმა და ლაშა ცაგარეიშვილმა საქართველოში ჰოკეის აღორძინება დაიწყეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათმა ტრაგიკულმა დაღუპვამ ეს კარგი საქმე მრავალი წლით უკან დაწია. ენთუზიასტები ახლა ცდილობენ ჰოკეისტთა მეოთხე თაობის ჩამოყალიბებას და შავი ზღვის ლიგაში ძალების მოსინჯვას.
წარმატება მინდა ვუსურვო. თუ ყინული და ხელშეწყობა იქნება, მერწმუნეთ, ჩვენთანაც შეიძლება ჰოკეის კარგი გუნდის შექმნა.
ორიოდე დღეა, რაც 2012-მა წელმა შემოაბიჯა. მთელ საქართველოს მივულოცავ შობა-ახალ წელს. ლონდონის ოლიმპიადაზე ჩვენი სპორტსმენების დიდი გამარჯვებების წელი ყოფილიყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"