დანიური პოკერი

AutoSharing Option
არც ისე დიდი ხნის წინ, "მინესოტა უაილდი" რეგულარული ჩემპიონატის ლიდერი იყო, მაგრამ გუნდმა ბოლო ათი მატჩიდან ცხრა წააგო და თუ ასე გააგრძელა, მალე პლეი ოფის ზონის მიღმა აღმოჩნდება. მით უმეტეს, რომ მაიკ იეოს გუნდმა შემდეგი 13 შეხვედრიდან ათი სტუმრად უნდა ჩაატაროს.

გუშინ, "ველურები" ვანკუვერში ჩავიდნენ. მათ რიგებში კარგი ამბავი ის იყო, რომ გუნდს დაუბრუნდა დევინ სეტოგუჩი, რომელმაც პირველ შეტევით ტრიოში დაიკავა ადგილი მიკო კოივუსა და დენი ჰიტლის გვერდით.

სასტარტო პერიოდში "მინესოტა" ცდილობდა საკუთარ ზონაში არ ჩაკეტილიყო და თან საიმედოდ ეთამაშა
დაცვაში, მაგრამ პერიოდის შუა ნაწილისთვის ორი გოლი მაინც მიიღო საკუთარ კარში. თავიდან დანიელ სედინმა გაისროლა ცისფერი ხაზიდან, შემდეგ კი ბაროუზმა ახლო მანძილიდან გამოიყენა იმავე დანიელ სედინის შესანიშნავი პასი. მასპინძელთა მხრიდან მხოლოდ ერთი მომენტია აღსანიშნავი, როცა ნიკ შულცმა ძელს გაარტყა შაიბა. სხვა შემთხვევაში საიმედოდ თამაშობდა "ვანკუვერის" დაცვა.

მეორე პერიოდში "მინესოტა" აშკარად იმსახურებდა თუნდაც ერთ გოლს, მაგრამ ორ ეპიზოდში ბრწყინვალედ ითამაშა მასპინძლების მეკარემ რობერტო ლუონგომ. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მეორე 20-წუთეულში ანგარიში არ შეცვლილა. მესამე პერიოდში "მინესოტამ" მატჩის შემობრუნების შანსი მაშინ დაკარგა, როცა მეტოქის ზედიზედ ორი გაძევება ვერ გამოიყენა. "ვანკუვერმა" შეინარჩუნა უპირატესობა და ბოლოს ცარიელ კარში მესამე შაიბა გაიტანა. ამ მოგებით ალან ვინიეს გუნდმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა ლიდერობა დასავლეთ კონფერენციაში.

"მონრეალის" გულშემატკივრებს მიმდინარე სეზონში ხშირად არ აქვთ სიხარულის საბაბი, ამიტომაც "ვინიპეგის" 7:3 განადგურებამ უნდა გაახალისოს "კანადიენსის" ფანები. "ჯეტსის" ძლევა 22 წლის დანიელი ლარს ელერის პოკერის წყალობით გახდა შესაძლებელი. ამ ფორვარდმა ნახევარ სეზონში ოთხი გოლი გაიტანა, ახლა კი ერთ მატჩში შეძლო იგივე შედეგის მიღწევა! უფრო მეტიც, ოთხიდან სამი გოლი ელერმა ერთ პერიოდში გაიტანა. მეორე 20-წუთეულის შემდეგ ანგარიში 3:2 იყო "მონრეალის" სასარგებლოდ, მაგრამ დასკვნით პერიოდში ელერის სამმა შაიბამ და კამალერის გოლმა "კანადიენსს" იოლი გამარჯვება მოუტანა.

წინა მატჩში "დალასთან" მოულოდნელი წაგებით გაბრაზებული "ბოსტონი" სტუმრად ეწვია "ნიუ ჯერსის" და გაანადგურა ის 6:1! სტენლის თასის ჩემპიონმა ამ მოგებით გაიმყარა ლიდერობა აღმოსავლეთ კონფერენციაში. "ბრუინზი" ექვსი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "ოტავას" და ოთხი თამაში აქვს მარაგში.

როგორი კრიზისულიც არ უნდა იყოს "ანაჰაიმის" მდგომარეობა, "სან ხოსეს" წინააღმდეგ ეს გუნდი ყოველთვის კარგად თამაშობს. მიმდინარე სეზონში "იხვებმა" "ზვიგენებს" სამიდან სამი მატჩი მოუგეს, ეს კი წელს მოპოვებული გამარჯვებების თითქმის მესამედია! მაგრამ ამჯერად სენსაცია არ გამოვიდა - "სან ხოსემ" პირველმა გაუშვა, მაგრამ მაინც გატეხა "დაქსის" წინააღმდეგობა - 3:1. ამ ორი ქულით "შარქსი" დივიზიონში პირველ ადგილზე გადავიდა.

მონრეალი-ვინიპეგი 7:3
2:1, 1:1, 4:1
გოლები: 0:1 სტეპლტონი-6 (ე. კეინი-12, ველერი-23), 1:1 გორჯესი-2 (დეშარნე-19, ე. კოული-12), 2:1 ელერი-5, 3:1 ტ. კაბერლე-1 (მოენი-4, ელერი-9), 3:2 ველერი-7 (ბოგოსიანი-14, ენსტრიომი-10), 4:2 ელერი-6 (მოენი-5, ა. კოსტიცინი-7), 5:2 კამალერი-9 (ე. კოული-13, პლეკანეცი-22), 6:2 ელერი-7 (ა. კოსტიცინი-8, მოენი-6), 7:2 ელერი-8 (ბულიტი), 7:3 ლედი-13 (ჰეინსი-6, ანტროპოვი-15).

ნიუ ჯერსი-ბოსტონი 1:6
1:2, 0:1, 1:3
გოლები: 1:0 კლარკსონი-15 (პარიზე-18), 1:1 გ. კემპბელი-4 (ფერენსი-13, კ. კელი-10), 1:2 ჰორტონი-10 (კრეისი-17, ლუჩიჩი-14), 1:3 პ. ბერჟერონი-8, 1:4 პ. ბერჟერონი-9 (მარშანი-16, სეგუინი-18), 1:5 კრეისი-8 (საიდენბერგი-10, ლუჩიჩი-15), 1:6 შ. ტორნტონი-3 (პეი-3, საიდენბერგი-11).

ვანკუვერი-მინესოტა 3:0
2:0, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 დ. სედინი-18 (ჰ. სედინი-37, ჰამჰუისი-16), 2:0 ბაროუზი-15 (დ. სედინი-28, ჰ. სედინი-38), 3:0 მალორტა-3 (კესლერი-19).

ანაჰაიმი-სან ხოსე 1:3
1:0, 0:2, 0:1
გოლები: 1:0 პერი-15 (კოლიანო-5), 1:1 ვინჩესტერი-4 (მაკგინი-6, დემერსი-7), 1:2 ფერეირო-4 (კუტური-13, დ. ბოილი-15), 1:3 პაველსკი-16 (ჯ. ტორნტონი-24, მარლო-15).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული