შავი ზღვის ლიგისთვის უყინულოდ ემზადებიან

AutoSharing Option
ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ყინულის ჰოკეის ჩაეყარა საფუძველი: 60-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა თბილისში გუნდი, რომელმაც 1962 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა ზამთრის სპარტაკიადაზე ორი მატჩი მოიგო - სომხეთთან და ყირგიზეთთან.

ქართველ ჰოკეისტთა მეორე თაობა 80-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა ასპარეზზე. მათი რიგებიდან განსაკუთრებით კოტე ბახუტაშვილმა იყოჩაღა - ტიტულოვანი არმიის ცენტრალური სასპორტო კლუბისა და საბჭოთა კავშირის ახალგაზრული ნაკრების მაისურაც მოირგო, თანაც ევროპის ახალგაზრდული პირველობის ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე ენთუზიასტებმა მივიწყებული ტრადიციის აღორძინება დაიწყეს. დღეს საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის
გენერალური მდივნის - ალექსანდრე ვაშაკიძის ინიციატივით ჩამოყალიბებული უფროსთა და 14-წლამდელთა ნაკრები გუნდები 27-29 იანვარს თურქულ ერზრუმში შავი ზღვის ლიგის გათამაშებაში ჩაებმებიან.

- სამმხრივი შეთანხმებით შეჯიბრებაში სომხეთის გუნდსაც უნდა ეასპარეზა, მაგრამ თურქეთის ყინულის ჰოკეის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის წინდაუხედაობამ ჩვენი მეზობლები გაანაწყენა, - გვითხრა სანდრო ვაშაკიძემ. - დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, სომხეთის მხარე დაგვეყოლიებინა, რომ პირველ ტურზე ერზრუმში თუნდაც დამკვირვებლის სტატუსით ჩასულიყვნენ.

ტურნირის დღეებში, ალბათ, ისევ მივაღწევთ შეთანხმებას და სომხები მე-2 ეტაპიდან ჩაებმებიან ლიგის გათამაშებაში, რომელსაც მარტის ბოლოს ისევ თურქეთი უმასპინძლებს.

- ორთვიანი პაუზა რით არის გამოწვეული?
- თებერვალში ერზრუმი 18-წლამდელ ჰოკეისტთა მე-3 დივიზიონის მსოფლიოს პირველობას, სტამბოლი კი უფროსების, ასევე, მესამე დივიზიონის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და თურქებს შავი ზღვის ლიგისთვის აღარ ეცლებათ.

- კალენდრით, მეორე ეტაპის მატჩები ბათუმში უნდა გამართულიყო.
- დიახ. თუმცა ბათუმის ყინულის სასახლე ასეთი ტურნირის სამასპინძლოდ ამჯერად ბოლომდე მზად არ არის. იმედია, აპრილამდე ყველაფერი მოგვარდება და მესამე ტურის ორთაბრძოლებს აჭარის დედაქალაქში ვიხილავთ. ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ ერზრუმს ყინულის ხუთი სტანდარტული მოედანი აქვს, აქედან ორი მხოლოდ ჰოკეისთვის. ხუთივე სარბიელი დილიდან საღამომდე დატვირთულია, რადგან, პროფესიონალ მოციგურავეთა და ჰოკეისტთა გარდა, ამ დარბაზებში უბრალო ადამიანებიც მრავლად დადიან ჯანმრთელობის გაკაჟების მიზნით.

- ჩვენი გუნდების შემადგენლობა უკვე ცნობილია?
- დიახ, რადგან დიდი არჩევანი არ გვაქვს. "ყინულის რაინდების" უფროს ასაკში ირაკლი ნატროშვილის ხელმძღვანელობით ითამაშებენ პაატა კავკასიძე, შალვა ოგანეზოვი, კახა ამბროლავა, გიორგი და გოჩა ჯეირანაშვილები, ვახტანგ გოგიჩაიშვილი, ამირან გეფერიძე, გია ოჰანესიანი, გენადი კოსიცკი, მიხეილ დავითაშვილი, ზურაბ ნადირაშვილი, მიხეილ ვადიაპინი, ბადრი ხორბალაძე, ანდრო თევზაძე და ანდრო შენგელია, ხოლო უმცროსებში გუნდის ღირსებას დაიცავენ ჰენრი ბარქაია, ზურაბ ხაბელაშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, თეიმურაზ ვედიაპინი, არტიომ მარტიროსიანი, საბა ნატროშვილი, არტიომ არუშანოვი, ლევან ბუცხრიკიძე, დიმიტრი ბერიძე, ნიკოლოზ კასრაძე და ზაზა ღონღაძე. მთავარი მწვრთნელია ილია დავიდოვი.

- შეჯიბრებისთვის სად ემზადებით?
- თბილისში ყინულის სასახლე რემონტდება და მაისამდე იქ ვერ შევალთ. ამიტომ საერთო ფიზიკური და ტაქტიკური მომზადებისთვის ხან კუს ტბაზე, ხან "ქარიშხალას" მიმდებარე ტერიტორიაზე ვვარჯიშობთ. იქვე დაგებული გვაქვს პლასტიკატის სიმულატორი, რომლებზეც შაიბის გადაცემებსა და კარში დარტყმებს ხვეწენ ბიჭები.

თურქეთში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე ბათუმის ყინულის დარბაზს ვეწვევით და ზოგიერთ ტაქტიკურ მონახაზს იქ დავამუშავებთ.

სპონსორს თუ ვიშოვით, მეორე ეტაპისთვის ვეცდებით, უკეთ მოვემზადოთ - ორი შეკრება გვაქვს დაგეგმილი. საქართველოში ყინულის გეოგრაფიის გაზრდაზეც ვზრუნავთ. შარშან შემოდგომით ქუთაისში არასტანდრატული ყინულის მოედანი გაიხსნა. შევთანხმდით, რომ თებერვლიდან იქ ჰოკეის სექციაც იმუშავებს 6-9 წლის მოზარდებისთვის და მწვრთნელს ქალაქის მერია დააფინანსებს, ჩვენი ფედერაცია კი ინვენტარით მოამარაგებს. სექცია გაიხსნება ზუგდიდშიც. იმერეთსა და სამეგრელოს, ალბათ არც აჭარა ჩამორჩება. საქართველოს სპორტის მესვეურების თანადგომაც გვეიმედება - ქართულ ჰოკეის, რომელსაც 50 წელი შეუსრულდა, ვფიქრობთ, არსებობის უფლება აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული