ორი საგზური დარიგებულია

AutoSharing Option
უცნაურია, მაგრამ ლიგის გუნდებს შორის პირველმა პლეი ოფის საგზური "სენტ ლუისმა" გაინაღდა, ხოლო მეორე გუნდი, რომელიც ასევე ითამაშებს სტენლის თასზე - "რეინჯერსი" გახლავთ.

ჩავარდნის მიუხედავად, გუშინ "ნიუ ჯერსიზე" გამარჯვება საკმარისი აღმოჩნდა პლეი ოფის საგზურის გასაფორმებლად. "რეინჯერებმა" 4:2 მოიგეს, ჩვენ კი აღვნიშნავთ ცოტა ხნის წინ ფარმ-კლუბიდან გამოძახებული ფორვარდის მატს ცუკარელოს ზედიზედ მეორე მატჩში გატანილ მეორე გოლს. საინტერესოა, რომ "ნიუ იორკს" პირველად ბოლო სამი სეზონის განმავლობაში შეუძლია მშვიდად დაასრულოს რეგულარული ჩემპიონატი – შარშანდელ და შარშანწინდელ სეზონებში გუნდის ბედი ბოლო მატჩში ირკვეოდა –
ერთხელ "რეინჯერები" პლეი ოფში გავიდნენ, მეორე შემთხვევაში მეცხრე ადგილზე დარჩნენ.

რა ფორმაშიც არ უნდა იყოს "ბოსტონი", "ტორონტოს" ყოველთვის უგებს. "დათვებმა" მეხუთედ დაამარცხეს თანადივიზიონელი მტერი და გუშინ კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს.

ნოემბერში "ბოსტონმა" 7:0 მოიგო, ახლა კი ჩემპიონმა 8:0 დაამარცხა "ტორონტო", თანაც მეტოქეს მხოლოდ 13 დარტყმა შეასრულებინა. "ბოსტონიდან" ყველაზე შედეგიანები იყვნენ ბრაიან როლსტონი და ბენუა პულიო, რომლებმაც ოთხი და სამი ქულა დააგროვეს. "დათვები" ისევ გაექცნენ "ოტავას" სამი ქულით და ამასთან, თამაში აქვთ რეზერვში. მათი პირადი შეხვედრა სეზონის ბოლოს გაიმართება.

ასევე დამაჯერებლად მოუგო "ბაფალომ" სტუმრად "ტამპა ბეის". ამ სეზონში "სეიბრზს" არ ჰყავდა დამარცხებული "ლაითნინგი", მაგრამ ახლა 7:3 გაიმარჯვა. სტუმრებმა მეორე პერიოდის სტარტისთვის გადაწყვიტეს მატჩის ბედი, როცა 3:0 წაიყვანეს ანგარიში. "ბაფალოში" გამოვყოფთ კოდი ჰოჯსონს, რომელმაც "ვანკუვერიდან" ტრეიდის შემდეგ შემდეგ პირველი ორი ქულა მიითვალა.

მაგრამ "სეიბრზმა" ბოლომდე ვერ გაიხარა, რადგან მოიგო პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში მისმა მთავარმა კონკურენტმა. "ვაშინგტონმა" სტუმრად დაამარცხა "დეტროიტი", რომელმაც ბოლო ათ მატჩში მეექვსედ წააგო. დედაქალაქელთა რიგეში თამაში მიჰყავდა ალექსანდრ ოვეჩკინს, რომელმაც პირველ პერიოდში ორი შაიბა გაიტანა. კაპიტანს ნუბლიც დაეხმარა და სასტარტო პერიოდში მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

"კეპიტალზი" დარჩა კონფერენციის მერვე ადგილზე და თან დივიზიონში ლიდერობისთვის ბრძოლაში სამ ქულამდე მიუახლოვდა "ფლორიდას", თუმცა ამ უკანასკნელს ორი მატჩი თადარიგში აქვს. სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონის ლიდერები რეგულარულის ბოლომდე ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.

რაც შეეხება "დეტროიტს", ის აუარესებს "ნეშვილთან" დაწევის შანსს და შესაძლოა, წააგოს მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა, რადგან "ჩიკაგო" არც ისე შორს არის. უკეთ არ აქვს საქმე დასავლეთის კიდევ ერთ ფავორიტს "ვანკუვერს", რომელმაც მოულოდნელად წააგო "მინესოტასთან" – 0:2. "ველურებმა" შეძლეს სასტარტო პერიოდში გატანა და მატჩის ბოლომდე ამ უპირატესობის შენარჩუნება. თუ "სენტ ლუისს" კრიზისი არ დაეწყო, "ვანკუვერი" ჩემპიონატს კონფერენციაში მეორე ადგილზე დაასრულებს.

გრძელდება საგიჟეთი წყნარი ოკეანის დივიზიონში, სადაც ხუთივე გუნდი ინარჩუნებს პლეი ოფში მოხვედრის შანსს, თუმცა "ანაჰაიმის" საქმე რთულადაა. "იხვები" "სან ხოსეს" ეთამაშებოდნენ. "ზვიგენები" მოგების შემთხვევაში დივიზიონის ცხრილს ჩაუდგებოდნენ სათავეში. მაგრამ "სან ხოსემ" დაბრუნებული მარტინ ჰავლატის ორი ქულის მიუხედავად, 3:5 წააგო და პლეი ოფის ზონის მიღმა რჩება.

საინტერესოა, რომ დივიზიონის პირველ გუნდს "დალასსა" და მეოთხე "სან ხოსეს" შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. "ანაჰაიმმა" კი რაიანისა და ბონინოს სამ-სამი ქულისა და ჯეფ დელაურიეს 27 სეივის წყალობით მოიგო. ამ უკანასკნელმა, როგორც იქნა, სრულფასოვნად შეცვალა იონას ჰილერი.

კვირის სამი ვარსკვლავი
ზედიზედ მეორე კვირაა გასული შვიდი დღის პირველი ვარსკვლავი გახდა "ფილადელფიას" მეკარე ილია ბრიზგალოვი. რუსმა გოლკიპერმა თავის გუნდს ოთხიდან სამ მატჩში მოაგებინა, თავად საშუალოდ 1.44 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 95.0 პროცენტს იგერიებდა.

მეორე ვარსკვლავია "ჩიკაგოს" მეკარე კორი კროუფორდი, რომელმაც საშუალოდ 1.09 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 94.8 პროცენტი მოიგერია, "ბლეკჰოქსმა" კი სამიდან სამი მატჩი მოიგო.

კვირის მესამე ვარსკვლავი, "ნეშვილის" ფორვარდი მარტინ ერატი გასული კვირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა შვიდი ქულით. ერატმა ორი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული