ფავორიტებს გაუჭირდათ

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სტარტი აიღო სტენლის თასის გათამაშებამ. გუშინ სამ წყვილში გაიმართა სერიის პირველი მატჩები.

საინტერესო სერიას გვპირდებიან "პიტსბურგი" და "ფილადელფია". ამის თქმის საფუძველს გვაძლევს გუშინდელი პირველი მატჩის სცენარი.

"ფილადელფიამ" რეგულარულ ჩემპიონატში იმით გაითქვა სახელი, რომ ყველაზე მეტი (20) მატჩი მოიგო იმ დროს, როცა ჩამორჩებოდა მეტოქეს. ეს თვისება "მფრინავებს" კარგად გამოადგათ სერიის პირველ მატჩში.

"მფრინავებმა" შეძლეს რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ევგენი მალკინის შეჩერება. სამაგიეროდ, ორი ქულა ჩაიწერა აქტივში სიდნი კროსბიმ - მან და მისმა პარტნიორებმა პირველ პერიოდში თითქოს გადაწყვიტეს მატჩის
ბედი - 3:0 "პიტსბურგის" სასარგებლოდ.

ამის შემდეგ "ფილადელფიას" რიგებში ორი ჰოკეისტი გამოვიდა სცენაზე და თამაშის სურათი შეიცვალა. რეგულარულის ბოლო კვირა გამოტოვა "მფრინავების" ერთ-ერთმა ლიდერმა დანი ბრიერმა - მან ტრავმა სწორედ "პიტსბურგთან" მიიღო, მაგრამ მოასწრო გამოჯანმრთელება და გუშინდელი ფანტასტიკური გადარჩენის გმირი გახდა.

ბრიერმა შენის ორი საგოლე პასით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, შემდეგ კი თავად შენმა შეძლო თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა. იქ კი იაკუბ ვორაჩეკმა მესამე წუთზე გამარჯვების შაიბა გაიტანა და თავის გუნდს სერიაში საკუთარი მოედნის უპირატესობა მოუტანა.

* * *

დასავლეთის მეოთხე გუნდი "ნეშვილი" შინ ეთამაშებოდა "დეტროიტს".

მატჩის გმირი აღმოჩნდა წლევანდელი სეზონის დებიუტანტი გაბრიელ ბურკი. ჰოკეისტმა, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ შვიდი გოლი გაიტანა, ამჯერად დუბლის შესრულება შეძლო. კიდევ ერთი გმირი კი "ნეშვილის" მეკარე პეკა რინე აღმოჩნდა, რომელმაც 35 დარტყმა მოიგერია.

ყველაზე მოულოდნელი შედეგი ვანკუვერში დაფიქსირდა, სადაც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული "კენაქსი" "ლოს ანჯელესს" მასპინძლობდა. პირველ ორ პერიოდში გუნდებმა გოლები გაცვალეს, მესამეში კი ფრთხილი და თანაბარი თამაში მიდიოდა და თითქოს ოვერტაიმი გარდაუვალი იყო, მაგრამ სირენამდე ორი წუთით ადრე "კინგზმა" გამარჯვება გამოსტაცა ფავორიტს. გამარჯვების შაიბა პენერმა გაიტანა, შეხვედრას კი წერტილი ბრაუნმა დაუსვა, რომელმაც ცარიელი კარი აიღო.

პიტსბურგი-ფილადელფია 3:4 (ო)
3:0, 0:1, 0:2, 0:1
გოლები: 1:0 კროსბი-1 (დუპუი-1, ლეტანგი-1), 2:0 კენედი-1 (ჯ. სტაალი-1, ლეგანტი-2), 3:0 დუპუი-1 (სალივანი-1, კროსბი-1), 3:1 ბრიერი-1 (შენი-1), 3:2 ბრიერი-2 (შენი-2), 3:3 შენი-1 (ჰარტნელი-1, იაგრი-1), 3:4 ვორაჩეკი-1 (მ. კარლი-1, რიდი-1).
სერია: 0-1

ნეშვილი-დეტროიტი 3:2
1:0, 1:1, 1:1
გოლები: 1:0 გოსტადი-1 (იიპი-1, ბუიონი-1), 1:1 ზეტერბერგი-1, 2:1 გ. ბურკი-1 (ჰალიშჩუკი-1), 3:1 გ. ბურკი-2 (სპალინგი-1, ჰორნკვისტი-1), 3:2 ჰოლმსტრიომი-1 (ქუინსი-1, ფილპულა-1).
სერია: 1-0

ვანკუვერი-ლოს ანჯელესი 2:4
1:1, 1:1, 0:2
გოლები: 1:0 ბაროუზი-1 (ჰ. სედინი-1, კესლერი-1), 1:1 მ. რიჩარდსი-1 (კოპიტარი-1, დაუტი-1), 1:2 უ. მიტჩელი-1 (მარტინესი-1, ჯასტინ უილიამსი-1), 2:2 ედლერი-1 (ლაპიერი-1, კესლერი-2), 2:3 პენერი-1 (ჯ. კარტერი-1, მ. რიჩარდსი-1), 2:4 დ. ბრაუნი-1 (მ. რიჩარდსი-2, ჯ. კარტერი-2).
სერია: 0-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული