"ნიუ ჯერსიმ" შეძლო "ფლორიდასთან" სერიაში ანგარიშის გათანაბრება, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი მასპინძლების ლეგენდარულ მეკარეს მარტინ ბროდოს მიუძღვნის. 39 წლის გოლკიპერმა 26 სეივი შეასრულა და პლეი ოფში 24-ე შათაუტი შეასრულა. ამ მაჩვენებლით მან პატრიკ რუას გაასწრო და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.
ბროდო მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და მეორე გოლის დროს ამ სერიაში მეორე შედეგიანი პასი შეასრულა. ეს მის კარიერაში მეათე შედეგიანი გადაცემაა და ოთხით ჩამორჩება ყველა დროის ლიდერ გრანტ ფიურს.
სერიაში კი
* * *
როგორც ჩანს, ორ ძირითადი მეკარის - ტომაშ ვოკოუნისა და მიხალ ნოივირტის ტრავმები მხოლოდ დადებითად მოქმედებს "ვაშინგტონზე". პლეი ოფის დებიუტანტმა ბრეიდენ ჰოლტბიმ 45 დარტყმიდან 44 მოიგერია, "ბოსტონის" კარის დარაჯს ტიმ ტომასს კი 21-ჯერ დაურტყეს და თავის 16 წლით უმცროს კოლეგაზე ერთით მეტი შაიბა გაუშვა.
ახლა სერია ბოსტონში გადაინაცვლებს - ანგარიში 2:2-ია და სტენლის თასის მფლობელს ჯერჯერობით აქვს საკუთარი მოედნის უპირატესობა.
* * *
ზედიზედ მეოთხე მატჩი დასრულდა ფრედ ძირითად დროში. მხედველობაში გვაქვს "ჩიკაგოსა" და "ფინიქსის" დაპირისპირება, სადაც კვლავ არ აღმოჩნდა საკმარისი 60 წუთი გამარჯვებულის გამოსავლენად.
მიუხედავად იმისა, რომ "ფინიქსმა" 13-ით ნაკლები დარტყმა შეასრულა, სტუმრებმა 2:0 დაწინაურება მოახერხეს - 44-წამიანი ინტერვალით კროუფორდის კარში ორი შაიბა გავიდა, მაგრამ ისევ გათანაბრდა ანგარიში და დამატებითი დრო დაინიშნა.
ოვერტაიმი ორ წუთზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და "ფინიქსის" დანიელმა ფორვარდმა მიკელ ბოდკერმა ზედიზედ მეორე მატჩში გამარჯვების შაიბა გაიტანა. "კოიოტებმა" ზედიზედ მეორე გასვლითი შეხვედრა მოიგეს და 3:1-ით ბრუნდებიან შინ.
* * *
სამიდან ორი მატჩის წაგების შემდეგ, "სან ხოსეს" სამწვრთნელო შტაბმა წამყვანი შეტევითი სამეულების შეცვლა გადაწყვიტა. გუშინ, ტორნტონი კუტურთან და პაველსკისთან თამაშობდა, მარლომ კი ქლოუსთან და ჰავლატთან გადაინაცვლა. მაგრამ ამან "ზვიგენებს" დიდად ვერ უშველა, რადგან "სენტ ლუისი" პირველ პერიოდში უფრო შინაარსიანად მოქმედებდა და სწრაფად აიღო ნიემის კარი. პერონმა და ბერგლუნდმა კარგ პოზიციაზე გაიყვანეს კრომბინი და 26 წლის ფორვარდმა მომენტი არ გააფუჭა.
თუმცა ერთხელ სტუმრები სერიოზულად გაერთნენ შეტევით და გამოეპარათ კუტურის ერთი ერთზე გასვლა, მაგრამ ბრაიან ელიოტმა უპრობლემოდ შეაჩერა მეტოქე. "ბლუზმენების" მეკარემ რიცხობრივი უმცირესობის დროსაც შესანიშნავად ითამაშა. პერიოდის ბოლო ნაწილი სტუმრებს დარჩათ, მაგრამ მათ ოდნავ არ გაუმართლათ.
მეორე პერიოდმა, ძირითადად, არათანაბარ შემადგენლობებში ჩაიარა. "ზვიგენები" უფრო სახიფათოდ უტევდნენ, მაგრამ ბრწყინვალედ თამაშობდა ელიოტი - მან ერთხელ კუტურის ორი მეტრიდან დარტყმული მოიგერია. ერთი მომენტი "სენტ ლუისსაც" ჰქონდა, როცა არნოტმა ძელს გაარტყა შაიბა.
მესამე პერიოდის სტარტზე "ზვიგენების" შტურმის მიუხედავად, "ბლუზმა" ძალიან იოლად მოიგერია საფრთხე - ელიოტსაც კი არ დასჭირვებია თამაშში სერიოზულად ჩართვა. "ბლუზმენები" საკუთარ შანსს ელოდნენ და მიიღეს ის რიცხობრივ უპირატესობაში, რომელიც ბერგლუნდისა და პერონის კომბინაციის შემდეგ ენდი მაკდონალდმა გამოიყენა. პლეი ოფში ჰიჩკოკის გუნდი მეორე ადგილს იკავებს "ფილადელფიას" შემდეგ ზედმეტი ჰოკეისტის რეალიზაციის მიხედვით.
ასეთი სერიოზული უპირატესობის მოპოვების შემდეგ, სტუმრებმა მისი ლოგიკურად შენარჩუნება მოახერხეს. სერიაში "შარქსის" საუკეთესო მოთამაშემ ჯო ტორნტონმა ერთი შაიბა მაინც გაქვითა, მაგრამ ისევე როგორც წინა შეხვედრაში, მასპინძლებს ამჯერადაც დრო არ ეყოთ თამაშის გადასარჩენად.
ნიუ ჯერსი-ფლორიდა 4:0
0:0, 1:0, 3:0
გოლები: 1:0 პარიზე-2 (ზაიაცი-2, ჟიდლიცკი-2), 2:0 ბერნიე-1 (ჯონტა-1, ბროდო-2), 3:0 ზაიაცი-2 (კლარკსონი-3, სალვადორი-2), 4:0 კოვალჩუკი-2 (ჰაროლდი-1, სალვადორი-3).
სერია: 2-2
ვაშინგტონი-ბოსტონი 2:1
1:1, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 მ. იოჰანსონი-1 (ლეიჩი-3), 1:1 პევერლი-2 (გ. კემპბელი-2), 2:1 სიომინი-2 (კ. ოკუანი-1, ოვეჩკინი-3).
სერია: 2-2
ჩიკაგო-ფინიქსი 2:3 (ო)
0:0, 0:0, 2:2, 0:1
გოლები: 0:1 დოუნი-1 (რეი უიტნი-1), 0:2 პიატი-2 (ვერმეტი-1, ვრბატა-1), 1:2 ბ. მორისონი-1 (ტეუვზი-2, ჰიალმარსონი-1), 2:2 ფროლიკი-2 (ბოლანდი-3, ოდუია-3), 2:3 ბოდკერი-2 (გორდონი-2, იენდლი-4).
სერია: 1-3
სან ხოსე-სტ. ლუისი 1:2
0:1, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 კრომბინი-1 (ბერგლუნდი-2, პერონი-1), 0:2 ენდი მაკდონალდი-3 (ბერგლუნდი-3, პერონი-2), 1:2 ჯ. ტორნტონი-1 (კუტური-3, ბერნსი-1).
სერია: 1-3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"