სიდნი კროსბის უარი

AutoSharing Option
"პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანმა სიდნი კროსბიმ უარი თქვა მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადის ნაკრების რიგებში თამაშზე.

ასე რომ, "პინგვინების" ლიდერმა შეავსო იმ ვარსკვლავების სია, რომლებმაც არ მოისურვეს სკანდინავიაში პლანეტის პირველობაზე გამგზავრება. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ნაკრებს უარი შეუთვალეს "კალგარისა" და "ტამპა ბეის" ფორვარდებმა - ჯერომ იგინლამ და სტივენ სტემკოსმა.

"ტვინის შერყევის გამო კროსბი სრულფასოვნად ვერ მოემზადა სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის, - ამბობს კროსბის აგენტი პეტ ბრისონი. - ამის გათვალისწინებით, მას სურს დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ასი პროცენტით მზადყოფნაში შეხვდება უახლოეს საწვრთნელ შეკრებას".

რეგულარულ
ჩემპიონატში კროსბიმ მხოლოდ 22 მატჩი ჩაატარა და 37 ქულა (8+29) დააგროვა. ამას ემატება პლეი ოფის ექვს მატჩში 8 ქულა (3+5). შეგახსენებთ, რომ "პიტსბურგმა" სტენლის თასის პირველ რაუნდში 2:4 წააგო სერია "ფილადელფიასთან".

კროსბის კანადის ნაკრების რიგებში 2010 წელს მოგებული აქვს ვანკუვერის ოლიმპიადა, სადაც ფინალში გადამწყვეტი შაიბა გაიტანა ამერიკელთა კარში. ასევე, სიდნი მონაწილეობდა 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც ლატვიაში გაიმართა. იმ ტურნირზე ის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

* * *
გუშინ, გვიან გაირკვა, რომ კანადის ნაკრებს ვერ დაეხმარება "ჩიკაგოს" კაპიტანი ჯონათან ტეუვზი. ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის თქმით, მას ძალიან უნდოდა მსოფლიოს ჩემპიონატში თამაში, მაგრამ მოთამაშის მთავარი მიზანია - ჯანმრთელობის აღდგენა და მოკლე დროში ოპტიმალური კონდიციების აკრეფა.

შეგახსენებთ, რომ ტეუვზს ამ სეზონში კროსბის მსგავსი პრობლემები ჰქონდა - მასაც ბევრი გაუცდა ტრავმის გამო.

დეტროიტი მსოფლიოზე მიდის
"დეტროიტ რედ უინგზის" პლეი ოფიდან გამოვარდნის შემდეგ ამ გუნდის ბევრმა ჰოკეისტმა გადაწყვიტა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა.

ფორვარდები - ჰენრიკ ზეტერბერგი და იოჰან ფრანცენი მცველ ჯონათან ერიქსონთან ერთად შვედეთის ნაკრების ღირსებას დაიცავენ. თავდამსხმელი ჯასტინ აბდელკადერი და მეკარე ჯიმი ჰოვარდი დათანხმდნენ აშშ-ის ნაკრების დახმარებაზე.

გარდა ამისა, შვედეთსა და ფინეთში გაემგზავრება "რედ უინგზის" რუსი ვარსკვლავი, ფორვარდი პაველ დაციუკი. იგივეს აპირებენ ფინელი ფორვარდი ვალტერი ფილპულა, ჩეხი მცველი იაკუბ კინდლი და სლოვაკი მცველი ტომას ტატარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული