დომინატორი: უკან NHL-ში

AutoSharing Option
1998 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ლეგენდარული ჩეხი გოლკიპერი დომინიკ ჰაშეკი ისევ აპირებს კარიერის განახლებას.

47 (!) წლის მეკარემ, შესაძლოა, კონტრაქტი გააფორმოს ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბებთან – “ბაფალო სეიბრზთან” ან “დეტროიტ რედ უინგზთან”. ამ ინფორმაციას ჩეხური ინტერნეტ-გამოცემა Hokej.cz ავრცელებს.

ვებგვერდის ცნობით, ჰაშეკი ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც ამ კლუბების წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები. თავად ჰოკეისტმა განაცხადა, რომ აშშ-ში თავისი შვილის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელიც ამ ქვეყანაში სწავლობს.

მაგრამ ამასთან, ჰაშეკმა ისიც გაამხილა,
რომ მონდომებით ვარჯიშობს, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ “დომინატორი” კარიერის განახლებას აპირებს. ჩეხი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჰაშეკმა ამგვარი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მას ან ფული გაუთავდა ან მოწყინდა უსაქმოდ ყოფნა.

2010-11 წლების სეზონში ჰაშეკი კჰლ-ის ლიგაში მოსკოვის “სპარტაკში” თამაშობდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩეხმა პაუზის აღება გადაწყვიტა. ჰაშეკმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ ითამაშებს ჩეხეთის ჩემპიონატში და უპირატესობას ჰოკეის ეროვნულ ლიგას ანიჭებს.

ჰაშეკს NHL-ში სწორედ “ბაფალოსა” და “დეტროიტის” შემადგენლობაში უთამაშია. 2002 და 2008 წლებში მან “რედ უინგზთან” ერთად ორჯერ მოიგო სტენლის თასი. ჩეხი ექვსჯერ გახდა ლიგის საუკეთესო მეკარე, გარდა ამისა, ორჯერ მოიპოვა სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი.

ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან ერთად “დომინატორმა” მსოფლიოს 1983 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩეხეთის ნაკრებს 1998 წელს, ნაგანოს ოლიმპიადაზე ოქრო მოაგებინა, 2006 წელს ტურინის ოლიმპიადაზე ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული