სიდნი კროსბი 104 მილიონს მიიღებს

AutoSharing Option
"პიტსბურგ პინგვინზის" ხელმძღვანელობამ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია სიდნი კროსბისთან.

როგორც ირკვევა, კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავი "პინგვინების" რიგებში კიდევ 12 წელი ითამაშებს და ამის სანაცვლოდ 104.4 მილიონ დოლარს მიიღებს.

"პიტსბურგის" თანამფლობელებმა მარიო ლემიემ და რონ ბურკმა განაცხადეს, რომ "პინგვინზის" კაპიტანმა შვიდი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გააკეთა კლუბისთვის და იმსახურებდა ასეთ კონტრაქტს.

"ეს მნიშვნელოვანი დღეა ჰოკეისთვის და შესანიშნავი ახალი ამბავი "პიტსბურგისთვის", - კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ლემიესა და ბურკის განცხადებას აქვეყნებს. - მადლობას ვუხდით სიდნის იმისთვის, რაც კლუბისთვის 2005 წლის შემდეგ გააკეთა.

ამასთან,
ლაპარაკია არა მხოლოდ თამაშზე, არამედ მოედნის მიღმა გაწეულ სამუშაოზე. იმედი გვაქვს, რომ ის კარიერის ბოლომდე "პიტსბურგში" დარჩება. ის შესანიშნავი ადამიანია, ადამიანი - უკეთესი".

* * *
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარიგება შედგა "ლოს ანჯელეს კინგზსა" და მის ძირითად მეკარეს ჯონათან კუიკს შორის. ამ ჰოკეისტის ხელშეკრულებას ერთი წლის შემდეგ გასდიოდა ვადა და კალიფორნიულმა კლუბმა აქედანვე იზრუნა წლევანდელი სტენლის თასის საუკეთესო მოთამაშის შენარჩუნებაზე.

26 წლის მეკარე "კინგზთან" 10-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ღირებულებაც 58 მილიონი დოლარი იქნება.

* * *

საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ამერიკულ პრესაში. ის "ნიუ ჯერსის" 40 წლის მეკარეს მარტინ ბროდოს ეხება. ამ ჰოკეისტს მთელი კარიერა "ეშმაკების" რიგებში აქვს გატარებული, ამიტომაც გასაკვირია, რომ ლეგენდარულმა გოლკიპერმა დაიქირავა ცნობილი აგენტი პეტ ბრისონი, რათა მან ბროდოს ინტერესები წარმოადგინოს თავისუფალი აგენტების ბაზარზე.

სხვათა შორის სწორედ ბრისონი იცავდა სიდნი კროსბის ინტერსებს "პიტსბურგთან" მოლაპარაკებების დროს.

ადგილობრივი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მარტი ამ ხერხით ცდილობს "ნიუ ჯერსის" ხელმძღვანელობაზე ზეწოლასა და სარფიან კონტრაქტზე ხელის მოწერას. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ბროდო, როგორც არასდროს, ახლოს არის კლუბის შეცვლასთან. თუ კვირამდე მხარეები მოლაპარაკებას ვერ შეძლებენ, ბრისონი სხვა გუნდებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.

* * *
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია "კალგარიდან". ეს კლუბი არ აპირებს ოლი იოკინენისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას, ამიტომაც, ფინელი ფორვარდი თავისუფალი აგენტიების ბაზარზე გავა.

33 წლის სკანდინავიელმა შარშან, რეგულარული ჩემპიონატის 82 მატჩში 61 ქულა (23+38) დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული