ბოლო შეხვედრა მხოლოდ ერთი საათი გაგრძელდა და მოულოდნელად შეწყდა. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, NHL-ის კომისრის ასისტენტმა ბილ დეილიმ და ლიგის ადვოკატმა ბობ ბეტერმანმა დატოვეს ნიუ იორკის სასტუმრო Midtown და მოლაპარაკებები აღარ განახლებულა.
მოგვიანებით, ჟურნალისტების წინაშე გამოვიდა პროფკავშირების თავმჯდომარე დონალდ ფერი. მან განაცხადა, რომ NHL-ის წარმომადგენლებმა უარყვეს მოთამაშეთა ბოლო წინადადება ახალი კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ და მას მიუღებელი უწოდეს.
"ახლახანს შეგვატყობინეს, რომ მათთვის მოთამაშეთა შეთავაზება მიუღებელია.
იმედია, ვცდები, მაგრამ ეს ის არის, რაც ამ მომენტში გაგვაჩნია. კლუბების მფლობელებთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წინ ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომაც იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს საკამათო საკითხი საბოლოოდ მალე გადაწყდება".
პროფკავშირების თავმჯდომარე თავის განცხადებაში ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ მომდევნო საათებში ახალი დეტალები გახდა ცნობილი, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.
ერთმა ჰოკეისტმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა მოისურვა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ფერმა მოთამაშეებს მოუწოდა - მათ უარი თქვან ლიგის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების ბოლო ვარიანტზე.
მისი თქმით, ჰოკეისტების უმრავლესობა დათანხმდა ლიგის პირობებს, მაგრამ ფერმა მათ თხოვა, რომ არ მიიღონ ეს ვარიანტი, რადგან ეს NHL-ს საშუალებას მისცემს თავისთვის კიდევ უფრო სარფიანი პირობები გაიტანოს. იტყობინებიან, რომ ფერს მხარი მხოლოდ მრავალმილიონიანი კონტრაქტის მქონე მოთამაშეებმა აუბეს.
ამასობაში, "დეტროიტის" თავდამსხმელმა დენ ქლირიმ, რომელიც მოთამაშეთა პროფკავშირების წევრია, ღრმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ ძალიან მაღალია სეზონის გაუქმების ალბათობა. მისი სიტყვებით, უახლოეს დღეებში განიხილავენ პროფკავშირების დაშლის საკითხს.
"მეშინია სეზონის გაუქმების, - ამბობს Detroit Free Press-თან კომენტარში ქლირი. - ეს რბილად არის ნათქვამი. რთულია მონახო სიტყვები იმ იმედგაცრუების გამოსახატავად, რაც მოთამაშეებში სუფევს. ჩვენ ისედაც დიდ დათმობებზე წავედით, საპასუხოდ კი NHL-მ არაფერი მოგვცა. უახლოეს პერიოდში განიხილავენ მოთამაშეთა პროფკავშირების დაშლის საკითხს. არ ვამტკიცებ იმას, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდება, მაგრამ ჩვენ ამას განვიხილავთ. მოთამაშეები მთლიანად უჭერენ მხარს ფერს. ტყუილია თითქოს, ის ჩვენს გაცურებას ცდილობს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"