მოლაპარაკების ბოლოდროინდელი სცენარი არ შეცვლილა. ამჯერად, პროფკავშირებმა წარუდგინა ხელმძღვანელობას ახალი წინადადება, რომლის განხილვისთვის დაახლოებით ერთი საათი გახდა საჭირო.
ეს იყო მეოთხე შეთავაზება ბოლო ექვსი დღის განმავლობაში.
“ჩვენ შევძელით პოზიციების მიახლოება, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაო რჩება, - აცხადებს პროფკავშირების შეფი დონალდ ფერი. - იმედია, 4 იანვარს მოლაპარაკებები გაგრძელდება”.
“ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, - აღნიშნა ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა. - სანამ პროცესი მიმდინარეობს, კიდევ არსებობს სეზონის გადარჩენის შანსი”.
ასევე ცნობილი გახდა,
მოლაპარაკებების პროცესში რომ აშკარა პროგრესი შეიმჩნევა ისიც ადასტურებს, რომ NHL-ის რამდენიმე მოთამაშემ გაწყვიტა ევროპულ კლუბებთან კონტრაქტი და ჩრდილოეთ ამერიკაში დაბრუნდა, რათა იქ დაელოდოს ლოკაუტის დასრულებას.
დაბრუნებულთაგან "ოტავა სენატორზის" რამდენიმე წარმომადგენელია - ჯეისონ სპეცა, ერიკ კარლსონი და კაილ ტარისი. ასევე დაბრუნდნენ მაქს ტელბოტი, ჯო პაველსკი, ტაილერ სეგუინი, პატრის ბერჟერონი და ა. შ.
თუმცა ეს ჰოკეისტები მზად არიან დაბრუნდნენ ევროპაში იმ შემთხვევაში, თუ NHL-ში საბოლოოდ გააუქმებენ 2012-13 წლების სეზონს.
* * *
ამასობაში, ცნობილი გახდა მოლაპარაკებების პროცესში ერთი საინტერესო დეტალის შესახებ, რომელიც სტენლის თასის გათამაშების ფორმატის შეცვლას ეხება.
ერთ-ერთი ვარიანტია პლეი ოფში გუნდების რაოდენობის ოცამდე გაზრდა დღევანდელი 16-ის ნაცვლად. ასეთი სტრუქტურა შეიძლება იმას უკავშირდება, რომ NHL-ს სურს ლიგაში კონფერენციების რაოდენობა ორიდან ოთხამდე გაზარდოს.
ამ შემთხვევაში, კონფერენციის მეოთხე და მეხუთე გუნდებს შორის გაიმართება სამმატჩიანი სერია, რაც ლიგას დამატებით ფინანსურ მოგებას მოუტანს და შეუნარჩუნებს ინტერესს იმ კლუბების გულშემატკვრებს, რომლებიც ძველი ფორმატით ვერ მოხვდებოდნენ პლეი ოფში.
თუმცა ეს ვარაუდი არაოფიციალური ხასიათისაა და NHL-სა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებათა პროცესის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"