ლოკაუტი დასრულდა, ნამდვილი ჰოკეი იწყება

AutoSharing Option
"მალე თქვენ ჰოკეის ნახავთ და არა ჩემი და გერი ბეტმენის სახეებს", - განაცხადა 16-საათიანი შეხვედრის შემდეგ პროფკავშირების პრეზიდენტმა დონ ფერმა.

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, როგორც იქნა, დასრულდა ლოკაუტი. ლიგის ხელმძღვანელობამ და მოთამაშეებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას გაფიცვის შეწყვეტის შესახებ.

"მე და დონ ფერი აქ მოვედით იმის გამო, რომ გაცნობოთ - მოვილაპარაკეთ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების ძირითად პუნქტებზე, რომელთა დეტალები ოფიციალური დოკუმენტებით უნდა გავამყაროთ. წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ ძირითად პუნქტებზე შეთანხმებას მივაღწიეთ.

უნდა გავიაროთ რატიფიკაციის პროცესი, კლუბების მფლობელთა საბჭომ უნდა დაადასტუროს ლიგის მიერ
წარმოდგენილი დოკუმენტი და ბუნებრივია, იგივე უნდა გააკეთონ მოთამაშეებმა. ჯერჯერობით არ შეგვიძლია იმის თქვა, როდის დაიწყება სეზონი, მაგრამ იმედია, მოგვიანებით ჩვენ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით ამის შესახებ"
, - განაცხადა NHL-ის კომისარმა გერი ბეტმენმა.

ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 13 და 16-საათიანი მოლაპარაკებები. დადგინდა, რომ 2013-14 წლების სეზონში სახელფასო ბიუჯეტის ლიმიტი 64.3 მილიონი დოლარი იქნება. კონტრაქტების მაქსიმალური ხანგრძლივობა - შვიდი წელი, ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში - რვა წელი. ახალი კოლექტიური ხელშეკრულება 10 წლით გაფორმდება...

თუმცა ოფიციალურ გარიგებამდე ჯერ შორია, რადგან ხელშეკრულების ყველა პირობა უნდა შეამოწმონ იურისტებმა და შემდეგ გადაიტანონ ქაღალდზე. ამის შემდეგ კლუბების მფლობელებმა და პროფკავშირმა კენჭი უნდა უყარონ მიღებულ ხელშეკრულებას.

სწორედ რატიფიკაციის პროცესის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული სეზონის დაწყების თარიღი. რეგულარული ჩემპიონატი 15 იანვარზე ადრე არ დაიწყება. ყველაზე რეალური ვარიანტია - სტარტი 19 იანვარს, გუნდები კი ჩემპიონატში 48 შეხვედრას ჩაატარებენ და მეტოქეებად მხოლოდ საკუთარი კონფერენციის ბინადარი კლუბები ეყოლებათ.

მოლაპარაკებების დროს განხილვის ერთ-ერთი პუნქტი იყო NHL-ის მოთამაშეების მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე.

თავდაპირველად გამოცხადდა, რომ ლიგის ხელმძღვანელობამ თავის მოთამაშეებს ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლის ნება დართო, მაგრამ მოგვიანებით გამოცხადდა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

მას ცალკე განიხილავენ ოთხმხრივ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, NHL-ის ხელმძღვანელობა და NHL-ის მოთამაშეთა ასოციაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული