გედევანიშვილის ცუდი სტარტი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ ელენე გედევანიშვილს სეზონის სტარტი ჩაუვარდა - გრან პრის სერიის პირველ ტურნირზე,  NHK ტროფიზე ჩვენმა თანამემამულემ მოკლე პროგრამაში ძალიან ცუდად იასპარეზა. ტროფის საპრიზო ფონდი 180 ათასი ამერიკული დოლარია. ნაგოიას ყინულზე ქალთა შორის 12 სპორტსმენი გავიდა, 20 წლის ქართველი მე-7 ნომერი იყო.

ვეღარც ვიხსენებთ, როდის ჰქონდა ასეთი დაბალი შეფასება გედევანიშვილს მოკლე პროგრამაში - მსაჯებისგან 44,51 ქულა მიიღო (ელენეს რეკორდი  61,92 ქულაა). ის იაპონელი მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით წარდგა, მოკლე პროგრამა კინოფილმ "ჩიკაგოს" საუნდტრეკზე შეასრულა. პროგრამულ კომპონენტებში ქართველმა 25,86
ქულა მიიღო, რაც ნორმალური შედეგია, მაგრამ ტექნიკურ კომპონენტებში 18,65 ქულა ძლივს დააგროვა და ამ მაჩვენებლით ბოლოსწინა ადგილზე გავიდა.

საერთო ჯამში, ელენე მოკლე პროგრამის შემდეგ მე-9 ადგილზეა. იმედს მხოლოდ ის გარემოება გვიტოვებს, რომ ვერც მისმა კონკურენტებმა იყოჩაღეს. საკმარისია აღვნიშნოთ, რომ შეჯიბრების პირველი დღის შემდეგ დაწინაურებულ კაროლინა კოსტნერს 57,27 ქულა აქვს, რაც ლიდერისთვის ძალიან ცოტაა. მეორე ადგილზეა 15 წლის იაპონელი კანაკო მურაკამი. მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონმა 56,10 ქულა მოაგროვა. მესამე ადგილზე ამერიკელი რეიჩელ ფლეტია (53,69 ქულა), რომელიც მცირედით უსწრებს თანამემამულე ეშლი ვაგნერს (52,93) და ფინელ კიირა კორპის (52,60).

შეიძლება ითქვას, რომ სეზონის სტარტი ჩააგდო მსოფლიოს ჩემპიონმა მაო ოსადამ, რომელმაც 47,95 ქულას ძლივს მოუყარა თავი და ელენეს წინაა. დღეს ქალთა შეჯიბრება თავისუფალი პროგრამით დასრულდება. ელენე, რომელიც "ოპერის მოჩვენების" მუსიკის ჰანგებზე შეასრულებს პროგრამას, ყონულზე მეოთხე გავა. ტურნირს ფლეტი, მურაკამი და კოსტნერი დაასრულებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული