NHL. პლეი ოფი: ყველგან გაურკვევლობაა

AutoSharing Option
ბოსტონში გასვლითი მატჩის მოგების შემდეგ "ტორონტო" მშობლიურ "ეირ კანადა ცენტრში" გადავიდა, რომელსაც ცხრა წელი არ ენახა პლეი ოფის მატჩები. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა ვერ შეძლეს საკუთარი პუბლიკის გახარება - "ბოსტონმა 5:2 მოიგო და დაიბრუნა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

პირველ პერიოდში ბევრი დარტყმა, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი ჰოკეი და ერთადერთი გოლი ვიხილეთ. მასპინძლებმა რატომღაც იოლად დაარტყმევინეს ადამ მაკუეიდს და ტორონტოელთა მეკარემ ჯეიმს რაიმერმა ვერ მოასწრო რეაგირება - 0:1.

სერიის მეორე მატჩის მსგავსად, გაშვებულმა გოლმა "ტორონტო" გამოაფხიზლა და რენდი კარლაილის შეგირდები შტურმზე გადავიდნენ, მაგრამ ტუუკა
რასკი
შესანიშნავად მოქმედებდა კარში - მან ორი ურთულესი შაიბა მოიგერია ჯოფრი ლუპულისა და ტაილერ ბოჟაკისი დარტყმების შემდეგ, ერთხელ კი სტუმრებს ძელი დაეხმარა.

მაგრამ კარგი შეტევების გარდა, "ტორონტოს" შეცდომებიც მრავლად ჰქონდა. მომდევნო სამი შაიბა რიჩ პევერლის, ნეიტ ჰორტონისა და დანიელ პეის შესრულებით, სწორედ ტორონტოელი მცველების შეცდომების შედეგი იყო. განსაკუთრებით სცოდავდა ამ მხრივ დიონ ფანოფი, რომელმაც ხუთჯერ ჩააბარა შაიბა "ბოსტონის" მოთამაშეებს. ასეთი თამაში კაპიტანს არ ეკადრება.

ტორონტო-ბოსტონი 2:5
0:1, 1:3, 1:1

გოლები: 0:1 მაკუეიდი-1 (ლუჩიჩი-4, კრეიჩი-4), 0:2 პევერლი-1 (იაგრი-1), 1:2 გარდინერი-1, 1:3 ჰორტონი-3 (ლუჩიჩი-5, კრეიჩი-5), 1:4 პეი-1, 2:4 კესელი-2 (ვან რიმსდიკი-1, ფრანსონი-2), 2:5 კრეიჩი-2 (ჰორტონი-1, ლუჩიჩი-6).
სერია: 1-2

* * *
ძალიან დაძაბული გამოვიდა სერიის მესამე მატჩი ნიუ იორკში. ვაშინგტონში ორი წაგების შემდეგ "რეინჯერსს" უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა.

დედაქალაქელებს უკეთესი სტარტი გამოუვიდათ: ნიკ ბექსტრიომმა უკვე მეხუთე წუთზე წარმატებით დაუხვედრა შაიბა ჯონ კარლსონის დარტყმულს - 0:1, მაგრამ მასპინძლებმა ძალიან მალე აღადგინეს თანაფარდობა ბრაიან ბოილის ოსტატობის წყალობით, შემდეგ კი საერთოდ წინ გავიდნენ მეორე პერიოდის სტარტზე, როცა ახლო მანძილიდან დერიკ ბრასარმა შეაგდო.

და მაინც, მესამე პერიოდის სტარტისთვის ანგარიში თანაბარი იყო - მაიკ გრინმა უძლიერესი დარტყმით ისევ აღადგინა მატჩში სტატუს-ქვო.

მესამე პერიოდის პირველ ნახევარში გუნდებმა ისევ გაცვალეს შაიბები: "რეინჯერსის" შემადგენლობაში ბრასარის ბრწყინვალე პასი გამოიყენა "ტაფგაი" აარონ ეშემმა. "კეპიტალზმა", თავის მხრივ, ჯეი ბიგლის გოლის შემდეგ 3:3 გახადა ანგარიში. და მაინც, ბოლო სიტყვა ჯონ ტორტოლერას შეგირდებისა იყო: რიკ ნეშის პასს მიმართულება შეუცვალა რეგულარულში "რეინჯერსის" საუკეთესო ბომბარდირმა დერეკ სტეპანმა. ეს გამარჯვება საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს ნიუიორკელებს მეოთხე მატჩში წინ, რომელიც ასევე "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართება.

რეინჯერსი-ვაშინგტონი 4:3
1:1, 1:1, 2:1
გოლები: 0:1 ბექსტრიომი-1 (ჯ. კარლსონი-1, ერსკინი-1), 1:1 ბ. ბოილი-1 (ბრასარი-1, დელ ზოტო-1), 2:1 ბრასარი-1 (ცუკარელო-1, ბ. ბოილი-1), 2:2 მაიკ გრინი-2 (მ. პერო-2, ჩიმერა-1), 3:2 ეშემი-1 (ბრასარი-2, პიატი-1), 3:3 ბიგლი-1 (ჰილენი-1, ჯ. უორდი-1), 4:3 სტეპანი-1 (რიკ ნეში-1, ცუკარელო-2).
სერია: 1-2

* * *
"ანაჰაიმისა" და "დეტროიტის" სერიაში უკვე მეორე შეხვედრა დასრულდა ოვერტაიმში და მეორედ წარმატებას "რედ უინგზმა" მიაღწია. მასპინძლები ორი პერიოდის განმავლობაში მდევრის როლში იმყოფებოდნენ, რადგან ბრწყინვალედ თამაშობდა "ანაჰაიმის" მეკარე იონას ჰილერი, რომელმაც 41 წუთი "მშრალად" შეინახა საკუთარი კარი.

და მაინც, "დეტროიტმა" ორჯერ შეძლო მესამე პერიოდში ანგარიშის გათანაბრება: მეტ ბელესკისა და დევიდ სტეკელის შაიბებს მასპინძლებმა ბრენდან სმიტისა და პაველ დაციუკის ზუსტი დარტყმებით უპასუხეს.

ოვერტაიმში გუნდები დიდი ხანი კარიდან კარში დარბოდნენ და სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ და ეს ყველაფერი დამატებითი დროის მე-15 წუთზე დასრულდა. იოაკიმ ანდერსონმა გრძელი პასით ჰილერთან ერთი-ერთზე გაიყვანა გუსტავ ნიკუისტი, რომელმაც "დაქსის" კარის მიმართულებით კარგად დარტყმა ვერ შეძლო, მაგრამ დამატებაზე დროულად ითამაშა დემიენ ბრიუნერმა და 3:2 მოაგებინა თავისიანებს. სერიაში ანგარიში გათანაბრდა და ახლა გუნდები კალიფორნიაში დაბრუნდებიან.

დეტროიტი-ანაჰაიმი 3:2
0:1, 0:0, 2:1, 1:0
გოლები: 0:1 ბელესკი-2 (კოლიანო-1), 1:1 ბ. სმიტი-1 (ქლირი-2, ანდერსონი-1), 1:2 სტეკელი-1 (პალმიერი-2, იტემი-1), 2:2 დაციუკი-1 (ბ. სმიტი-1, ქუინსი-2), 3:2 ბრუნერი-2 (ნიკუისტი-1, ანდერსონი-2).
სერია: 2-2

* * *
მხიარული დასაწყისი ჰქონდა "ლოს ანჯელესისა" და "სენტ ლუისის" მეოთხე შეხვედრას. გუნდებმა, რომლებიც არ ბრწყინავდნენ შედეგიანობით სერიის პირველ სამ მატჩში, პირველ პერიოდში ოთხი გოლის გატანა მოასწრეს. პირველ ხუთ წუთში შაიბა ორჯერ შევარდა ჯონათან კუიკის კარში დევიდ ბეიკსისა და ტი ჯეი ოშის დარტყმების შემდეგ. მიუხედავად ამისა, "კინგზმა" პირველივე 20-წუთეულში მოასწრო ანგარიშის გათანაბრება ჯეფ კარტერისა და დასტინ პენერის გოლებით.

მეორე პერიოდში ოშიმ დუბლი გაიფორმა და "ბლუზმენები" წინ გაიყვანა, თუმცა ეს ჩამორჩენა დაახლოებით ერთი წუთის ინტერვალით არა მხოლოდ გაბათილდა, არამედ "ლოს ანჯელესმა" წინ გასვლაც მოახერხა. მატჩის ბოლოს დევიდ ბეიკსს ჰქონდა თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი, მაგრამ კუიკმა ეს არ დაუშვა და "მეფეებმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.

ლოს ანჯელესი-სტ. ლუისი 4:3
2:2, 0:1, 2:0
გოლები: 0:1 ბეიკსი-1 (ბოუმისტერი-1, სობოტკა-2), 0:2 ოში-1 (შატენკირკი-2, პერონი-2), 1:2 ჯ. კარტერი-1 (მ. რიჩარდსი-2, რეგერი-1), 2:2 პენერი-1 (სტოლი-1, მარტინესი-2), 2:3 ოში-2 (სობოტკა-3, ბერგლუნდი-1), 3:3 კოპიტარი-1 (დ. ბრაუნი-1, მუზინი-2), 4:3 ჯასტინ უილიამსი-2 (მ. რიჩარდსი-3, კინგი-1).
სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: სიდნი კროსბის გარეშეც იოლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული