ბლუზმა ზედიზედ შვიდი მოიგო

AutoSharing Option
ამერიკის დედაქალაქში გაიმართა აღმოსავლეთი კონფერენციის ორი ლიდერის მატჩი - "ვაშინგტონი" "ფილადელფიას" წინააღმდეგ. "კეპიტალზი" იყო ის გუნდი, რომელსაც შეეძლო "მფრინავების" ექვსმატჩიანი მოგებათა სერიის შეწყვეტა. საინტერესოა, რომ ორივე გუნდის კარში ახალგაზრდა მეკარეები იდგნენ. "ფილადელფიას" მწვრთნელი ლავიოლეტი ხშირად ანდობს კარს რუს ბობროვსკის, "ვაშინგტონში" კი მხოლოდ მეორე მატჩს ატარებდა ჰოლტბი. აბსოლუტურად თანაბარი მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა. დამატებითი დრო დედაქალაქელებმა რიცხობრივ უპირატესობაში დაიწყეს და თავიდანვე შეუტიეს. ამ შტურმს მცველი მაიკ გრინის შორეული დარტყმა მოყვა, რამაც "ვაშინგტონს" მოგება და აღმოსავლეთ კონფერენციაში 20 ქულით პირველი ადგილი მოუტანა.
ამდენივე ქულა აქვს "ფილადელფიას", თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

ფანტასტიკური მატჩი გაიმართა ანაჰაიმის ყინულზე, სადაც "იხვები" "ნეშვილს" მასპინძლობდნენ. "ანაჰაიმმა" თავიდანვე აქტიურად დაიწყო თამაში და ორჯერ გავიდა წინ, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ მონახეს ძალა ანგარიშის გასათანაბრებლად. მეორე პერიოდში გოლები არ გასულა, მესამეში 20-წუთეულში კი პირველის სცენარი განმეორდა. "ანაჰაიმი" ისევ ორჯერ დაწინაურდა და კვლავ ორჯერ აღდგა თანაფარდობა - 4:4. თითქოს ოვერტაიმი გარდაუვალი იყო, მაგრამ "იხვებმა" იმ დროს გაიტანეს გამარჯვების შაიბა, როცა "ნეშვილს" თამაშის გადარჩენისთვის დრო აღარ დარჩა. მცველმა პოლ მარამ სეზონში თავისი სადებიუტო გოლი საფინალო სირენამდე ორი წამით ადრე შეაგდო. აღსანიშნავია ბობი რაიანის მორიგი სუპერპასი. "ანაჰაიმმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და პლეი ოფის ზონას მიუახლოვდა.

დღის მთავარ გმირად "სენტ ლუისის" მეკარე ტაი კონკლინი აღიარეს, რომელმაც ბრწყინვალედ მოთამაშე იაროსლავ ჰალაკი (3 შათაუტი 10 მატჩში) სრულფასოვნად შეცვალა - კონკლინმაც მატჩი გაშვებული შაიბის გარეშე დაასრულა და კარიერაში მე-15 შათაუტი შეასრულა. მის ანგარიშზე 27 მოგერიებული შაიბა იყო. გარდა ამისა, "რეინჯერსთან" მატჩი ერთგვარად ისტორიული აღმოჩნდა - ამ გუნდების დაპირსპირების ისტორიაში (129 მატჩი 1967 წლიდან) პირველად "სენტ ლუისმა" "მშრალი" ანგარიშით მოუგო ნიუიორკელებს.

კონკლინის გარდა დადებითი შედეგი უზრუნველყო ალექს სტინმა - სწორედ მისი დუბლით მოიგო "ბულზმა", რითაც მოგებათა სერია შვიდ მატჩამდე აიყვანა. "სენტ ლუისს" "ვაშინგტონისა" და "ფილადელფიას" მსგავსად 20 ქულა აქვს და ეს დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობის გარანტია გახლავთ. "ბლუზმენებს" ასეთი მოგებათა სერია 2002 წლის შემდეგ არ ჰქონიათ - მაშინ გუნდმა ზედიზედ ცხრა მოგებით დაასრულა 15 ოქტომბრიდან 5 ნოემბერამდე დროის მონაკვეთი.

"ედმონტონმა" სტუმრად სენსაციურად დაამარცხა "ჩიკაგო" - 2:1. პირველ პერიოდში ანგარიში სტენლის თასის მფლობელმა გახსნა - გოლის თავის ანგარიშზე ფერნანდო პიზანიმ ჩაიწერა, მაგრამ მესამე პერიოდში, 14-წამიან მონაკვეთში "ოლიერზმა" ორი შაიბა გაიტანა. გოლების ავტორები გახდნენ კერტის ფოსტერი და სემ განიე. საინტერესოა, რომ ამ სეზონში "ედმონტონმა" მხოლოდ ორი გასვლითი შეხვედრა მოიგო და ორივე "ჩიკაგოსთან" მატჩში.

ვაშინგტონი-ფილადელფია 3:2 (ო)
1:1, 1:1, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 ჟერდიოვი-4 (ნოდლი-1, ტიმონენი-6), 1:1 ფერი-3 (ერსკინი-2, სლოუნი-2), 1:2 ლეინო-3 (მეზაროში-3, ბრიერი-3), 2:2 სიომინი-9 (ბექსტრიომი-9, ოვეჩკინი-10), 3:2 მ. გრინი-4 (ბექსტრიომი-10, ნუბლი-4).

ჩიკაგო-ედმონტონი 1:2
1:0, 0:0, 0:2
გოლები: 1:0 პიზანი-2 (სკილი-4), 1:1 ფოსტერი-2 (ჰემსკი-5, რაიან უიტნი-10), 1:2 სემ განიე-3 (პენერი-2, ჰემსკი-6).

რეინჯერსი-სენტ ლუისი 0:2
0:0, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 სტინი-2 (ბოიესი-4, ოისტრიკი-2), 0:2 სტინი-3.

ანაჰაიმი-ნეშვილი 5:4
2:2, 0:0, 3:2
გოლები: 1:0 სელიანე-7 (რაიანი-8, ლილია-2), 1:1 ჰორნკვისტი-5 (კ. ო'რაილი-9), 2:1 ს. კოივუ-4 (სელიანე-10, ჯ. ბლეიკი-2), 2:2 სალივანი-5 (ჰორნკვისტი-2), 3:2 ვიშნოვსკი-2 (პაროსი-1, რ. კარტერი-2), 3:3 ფრანსონი-3, 4:3 ს. კოივუ-5 (ლიდმანი-4, ჯ. ბლეიკი-3), 4:4 კ. ო'რაილი-2 (ფრანსონი-4, გოკი-3), 5:4 მარა-1 (რაიანი-9, პერი-10).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული