ამირან კურტანიძე: მინდა საქართველოში ჰოკეი ფეხბურთივით უყვარდეთ

AutoSharing Option
რუსეთის ახალგაზრდულ ჰოკეის ლიგაში მოასპარეზე "კრილია სოვეტოვში" გვარით ქართველი თავდამსხმელი - ამირან კურტანიძე ირიცხება, რომელიც ყინულის მოედანზე კაპიტნის სამკლაურით თავის გუნდს უკვე მეორე სეზონია უძღვება. ახალგაზრდა ჰოკეისტის ოცნება რუსეთის ნაკრებში თამაშია, თუმცა სპორტის ამ სახეობის საქართველოში განვითარება ძალიან სურს.

- ამირან, "კრილია სოვეტოვში" ასაკით შენზე უმცროსი მხოლოდ სამი მოთამაშეა. როგორ ახერხებ "უფროსების" წარმატებით კაპიტნობას?
- უპრობლემოდ! მე ამ ფუნქციას ხომ უკვე მეორე წელია ვითავსებ. გუნდში კარგი ატმოსფერო გვაქვს შექმნილი. თამაშის დროს ყველაფერს ჩემ ასისტენტებთან ერთად ვწყვეტ, რომლებიც ჩემზე დიდები არიან.
მათ რჩევებსა თუ მოსაზრებებს მატჩის დაწყებამდეც და მის შემდაგაც ვიღებ.

თავიდან ასისტენტი ვიყავი, მაგრამ როცა ჩვენი გუნდის კაპიტანმა ტრავმა მიიღო, სამკლაური მე მომანდეს. მაშინ ამ გადაწყვეტილებას ყველა სიხარულით შეხვდა და მას შემდეგ კაპიტანი ვარ.

- უწინდელი კაპიტანი როგორ შეეგუა ამ ამბავს?
- ნორმალურად და ახლა ჩემი თანაშემწეა.

- როცა გუნდი აგებს, შესვენებებზე შენც ხმამაღლა უყვირი ხოლმე დანარჩენებს?
- ზოგჯერ ესეც ხდება. მაგალითად, სეზონის დასაწყისში რამდენიმე წარუმატებელი მატჩი ჩავატარეთ. "სპარტაკთან" მორიგი თამაში გვიწევდა. გუნდი მწვრთნელების გარეშე შევიკრიბეთ, ვითათბირეთ, შიგადაშიგ ხმამაღალი და მკაცრი საუბარიც გვქონდა. ამის შემდეგ "წითელ-თეთრებთან" 12-იდან 10 ქულა ავიღეთ!

- ჰო, ქართველებს მართლაც კარგი ხმა გაქვთ და მუსიკალური სმენითაც ხართ დაჯილდოვებული...
- ეს ჩემზე არ ვრცელდება - სიმღერასთან მწყრალად ვარ.

- მსაჯებთან?
- ვცდილობ, თვითკონტროლი არ დავკარგო, მაგრამ ზოგჯერ ტემპერამენტი თავისას აკეთებს. ამასწინათ, მეტოქემ ჩემთან თამაშისას წესები აშკარად დაარღვია და გაძევებას იმსახურებდა, მაგრამ მსაჯმა ეს საჭიროდ არ ჩათვალა, რაზეც გავცეცხლდი და არბიტრი უცენზურო გამონათქვემებით შევამკე. როცა სიბრაზემ გადამიარა, ძალიან ვინანე - ვიჯექი სკამზე და საკუთარ თავს ვსაყვედურობდი.

- იქნებ ჯობდეს ასეთ დროს ქართული სიტყვები გამოიყენო?
- ქართულად თითქმის ვერ ვლაპარაკობ. სულ რამდენიმე გავრცელებული ფრაზა ვიცი.

- სამზარეულოზე რას გვეტყვი?
- აქ კი ყველაფერი პირიქითაა - ქართულ სამზარეულოს ვეთაყვანები. საცივი, ლობიო, მწვადი...

- გაგვიზიარე მწვადის შეწვის შენეული მეთოდი.
- მწვადს ძირითადად მამასთან ერთად, დღესასწაულებზე ვწვავ ხოლმე. შეწვამდე ხორცს ნიორსა და ბროწეულის წვენში ვაბასტურმებთ.

- საფერავსა და ქინძმარაულს ერთმანეთისგან ანსხვავებ?
- ეგ რა არის?

- როგორ თუ რა არის?! საუკეთესო ქართული ღვინოებია.
- ალკოჰოლთან მწყრალად ვარ.

- ქართული ცეკვა გეხერხება?
- რამდენიმე მოძრაობა ვიცოდი, თუმცა კარგა ხანია, აღარ მიცეკვია.

- ცოტა ხნის წინ საქართველო IIHF-ის 68-ე წევრი გახდა. არ გიფიქრია ამ ქვეყნის გუნდის შექმნაში მონაწილეობა მიიღო?
- ამაზე ხშირად ვფიქრობ. მინდა საქართველოში ჰოკეი ისევე განვითარდეს, როგორც ფეხბურთი. უბრალოდ, ქართველებმა ამ სპორტზე ცოტა რამ იციან. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში რამდენიმე კარგი ყინულის მოედანი რომ აშენდეს, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. როცა დიდი გავიზრდები, აუცილებლად ვიზრუნებ იმაზე, რომ საქართველოში ჰოკეი განვითარდეს.

- საკუთარი თავი საქართველოს ჰოკეის ფედერაციის მომავალ პრეზიდენტად წარმოგიდგენია?
- აქამდე ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა... გამორიცხული არაფერია.

- საქართველის ჰოკეისტთა ნაკრებში თამაში რომ შემოგთავაზონ?
- რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო და დიდი პატივი იქნება, მაგრამ ჩემი ოცნება - რუსეთის ნაკრებში მოხვედრაა. რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ გუნდში ადგილი გარანტირებული მექნება, მაგრამ მასთან ერთად სერიოზულ მიღწევებზე ხომ ვერ ვიფიქრებ.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული