პინგვინები გაჭირვებით იგებენ

AutoSharing Option

"პიტსბურგისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი იყო სეზონის პირველ ნახევარში ქულათა სოლიდური მარაგის შექმნა, რადგან დღეს "პინგვინებს" ძალიან უჭირთ მოგება. მიზეზი ცნობილია - ტრავმის გამო ძალიან ბევრი ჰოკეისტი თამაშგარეშია დარჩენილი. ამიტომაც გუშინ "ლოს ანჯელესის" წინააღმდეგ ყინულზე ვიხილეთ - სტირლინგი, კრეიგი, ჯონსონი, ვიტალე - ეს ჰოკეისტები ფარმკლუბიდან გამოიძახეს და საკმაოდ ღირსეულადაც გამოიყურებოდნენ. "მეფეებმა" კი ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს. ამ გუნდს ტრავმირებული მოთამაშეები არ ჰყავს, ამიტომაც ვალდებული იყო "პიტსბურგის" რთული სიტუაციით ესარგებლა და საჭირო ქულები მოეპოვებინა პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში.

"კინგზმა" მხოლოდ პირველი პერიოდი ჩაატარა

კარგად, სასტარტო შტურმი მოუწყო მეტოქეს, მაგრამ "პინგვინზმა" გაძლო და ცოტა ხანში პირველივე შეტევა გოლით დაასრულა - სადებიუტო მატჩში თავი გამოიჩინა ბრეტ სტირლინგმა. პერიოდის ბოლოსკენ "ლოს ანჯელესმა" მაინც მიაღწია საწადელს და ჯარეტ სტოლმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე და მესამე პერიოდი მოსაწყენ ბრძოლაში წარიმართა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა, სადაც პირველი ოთხი წუთი "ლოს ანჯელესს" სრული უპირატესობა ჰქონდა. მასპინძლები გაჭირვებით იცავდნენ თავს და კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. "პიტსბურგის" ყველა შეტევის დასრულებას ჯორდან სტაალი ცდილობდა: ორჯერ მან მეკარე კუიკს გაარტყა შაიბა, მაგრამ მესამე ჯერზე გაუმართლა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი ორი ქულა მოუტანა.

"პიტსბურგისთვის" გუშინდელი დღე იდეალური იქნებოდა, დივიზიონში მის მთავარ კონკურენტ "ფილადელფიას" რომ წაეგო, მაგრამ "მფრინავებმა" გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოუგეს შინ "კაროლინას" და კონფერენციაში ლიდერობა გაიმყარეს. ყველაფერი მესამე პერიოდში გადაწყდა, როცა "ფილადელფიამ" კარტერისა და ბრიერის შაიბებით დასაჯა "კაროლინა" უხეშობისთვის. სტუმრებმა მხოლოდ ტუომო რუუტუს გოლით უპასუხეს.

"ტორონტოში" დებიუტი ჰქონდა ჯოფრი ლუპულს, მაგრამ ამან კანადური კლუბი ვერ გადაარჩინა. "მეიპლ ლივზმა" მხოლოდ ძირითად დროში ფრეს სანაცვლოდ მიიღო "ნიუ ჯერსისთან" მატჩში ერთი ქულა. დამატებით დროში გაიბრწყინა "დევილზის" რუსმა ვარსკვლავმა ილია კოვალჩუკმა. მან ტურის ულამაზესი გოლი გაიტანა: თავისი ზონიდან შესანიშნავი გარღვევით შევიდა მეტოქის ზონაში და ეფექტური დიაგონალური დარტყმით გაამარჯვებინა თავის გუნდს.

კიდევ ორი ოვერტაიმი გაიმართა "აილენდერსი"-"მონრეალისა" და "ფლორიდა"-"ბაფალოს" მატჩებში. "ბაფალომ" დამატებითი დროის დასრულებამდე 5 წამით ადრე აიცილა თავიდან ბულიტების სერია - ტაილერ მეიერსმა გაიტანა გამარჯვების შაიბა და ახლა მისი გუნდი ორი ქულით არის დაშორებული პლეი ოფის ზონას. "კანადიენსისა" და "აილენდერსის" შეხვედრაში ოვერტაიმიც არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებულის გამოსავლენად და 3:3-ზე მატჩის ბედი ბულიტების სერიამ გაარკვია. "კუნძულელებმა" მოიგეს, მაგრამ მაინც აღმოსავლეთის კონფერენციაში ბოლო ადგილამდე დაქვეითდნენ.

ფილადელფია-კაროლინა 2:1
0:0, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 ჯ. კარტერი-26 (მ. რიჩარდსი-32, პრონგერი-18), 2:0 ბრიერი-27 (ჟირუ-32, მ. კარლი-24), 2:1 ტ. რუუტუ-13 (ლაროუზი-11).
პიტსბურგი-ლოს ანჯელესი 2:1 (ო)
1:1, 0:0, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 სტირლინგი-1 (ჯეფრი-3, ნ. ჯონსონი-1), 1:1 სტოლი-15 (რ. სმიტი-16, ჯასტინ უილიამსი-24), 2:1 ჯ. სტაალი-4 (დუპუი14).
ტორონტო-ნიუ ჯერსი 1:2 (ო)
0:0, 1:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 კულემინი-21 (კესელი-17, გრაბოვსკი-20), 1:1 ზუბრუსი-11 (ფეინი-4, ელიაში-27), 1:2 კოვალჩუკი-18 (სალმელა-3).
ფლორიდა-ბაფალო 2:3 (ო)
0:0, 1:1, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 მ. უებერი-3 (პომინვილი-18, ჰეხტი-13), 1:1 ბერნიე-5 (გარისონი-6, ვიდემანი-20), 1:2 ვანეკი-22 (პომინვილი-19, ტ. მეიერსი-17), 2:2 რისონერი-11 (ვიდემანი-21), 2:3 ტ. მეიერსი-7 (გერბი-9).
მონრეალი-აილენდერსი 3:4 (ბ)
1:1, 2:1, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 პასიორეტი-9 (დეშარნე-4, შპაჩეკი-15), 1:1 ტავარესი-19, 2:1 პუიო-11 (რ. უაიტი-1), 2:2 გრაბნერი-18 (ნილსენი-18, ჰილენი-6), 3:2 პლეკანეცი-19, 3:3 გრაბნერი-19 (ნილსენი-19, ჰილენი-7).
ბულიტები გაიტანეს: ოკსოპო (აილენდერსი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული