მსოფლიოს თასი: რუსეთმა წაგებით დაიწყო

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის გათამაშება B ჯგუფის პირველი ტურით გაგრძელდა. პირველები ტორონტოს ყინულზე რუსეთისა და შვედეთის ნაკრებები გავიდნენ.

შვედების დამრიგებელმა ცოტათი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, როცა კარში არა ლუნდკვისტი, არამედ, მარქსტრიომი ჩააყენა, თუმცა ამ სვლამ 100 პროცენტით გაამართლა. სკანდინავების მეკარემ 27 დარტყმა მოიგერია და ერთადერთი შაიბა მატჩის დასრულებამდე 31 წამით ადრე გაუშვა, როცა თამაშის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო.

პირველი პერიოდი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი რუსებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შიპაჩოვის გაძევება. შვედებს მხოლოდ ოთხი წამი დასჭირდათ რიცხობრივი უპირატესობის გამოსაყენებლად - ეს გააკეთა ლანდესკოგმა. კიდევ ორ
წუთში კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ჰედმანმა შორეული დარტყით ორამდე გაზარდა უპირატესობა.

მესამე პერიოდში შვედეთი აშკარად ანგარიშით შენარჩუნებაზე თამაშობდა და სულ ცოტა დააკლდა "მშრალ" მატჩამდე. ნახევარი წუთით ადრე ოვეჩკინმა ერთი შაიბა გაქვითა. მანვე ბოლო წამზე მეორედაც გაიტანა, მაგრამ ეს ხელით გააკეთა და მსაჯებმა გოლი სამართლიანად არ ჩათვალეს.

რუსეთი-შვედეთი 1:2
0:0, 0:2, 1:0
გოლები: 0:1 ლანდესკოგი (კარლსონი, ბექსტრიომი), 0:2 ჰედმანი (ჰაგელინი, სედინი), 1:2 ოვეჩკინი (მალკინი, დაციუკი).
მეკარეები: ბობროვსკი - მარქსტრიომი
დარტყმები: 28 (8-11-9) - 29 (10-10-9)
საჯარიმო დრო: 8 (2-4-2) - 6 (2-4-0)

***
დღის მეორე მატჩში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალგაზრდა ვარსკვლავებმა, რომლებმაც ჩრდილოეთ ამერიკის ნაკრები დააკომპლექტეს. მათ უშანსოდ მოუგეს ფინეთის ნაკრებს, რომლებსაც მინიმუმ ნახევარფინალში გასვლას უწინასწარმეტყველებენ.

პირველ პერიოდში ერთადერთი შაიბა გავიდა, როცა რიცხობრივი უპირატესობისას, წლევანდელი დრაფტის პირველმა ნომერმა მეტიუსმა დაარტყა, რინემ წინ მოიგერია შაიბა და დამატებაზე აიკელმა ითამაშა - 1:0. ამის შემდეგ, ამერიკელებს კიდევ უამრავი მომენტი ჰქონდათ, ერთხელ კი ძელს გაარტყეს შაიბა.

სამაგიეროდ, მეორე პერიოდში ჩრდილოეთ ამერიკას რეალიზაციის მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა და რინეს კარში კიდევ სამი შაიბა გავიდა. აქედან ორჯერ, ახალგაზრდა კანადელებმა და ამერიკელებმა ისევ დამატებაზე ითამაშეს კარგად.

ბოლო პერიოდში ჩრდილოამერიკელებს თავი აღარ მოუკლავთ, ფინეთს კი, როგორც იქნა, რაღაც გამოუვიდა შეტევაში, თუმცა მხოლოდ ერთხელ მოახერხა მიურეის კარის აღება.

ფინეთი-ჩრ. ამერიკა U23 1:4
0:1, 0:3, 1:0
გოლები: 0:1 აიკელი (მეტიუსი, მაკდევიდი), 0:2 გოდრო (პარეიკო, ლარკინი), 0:3 დრუენი (ნიუჯენტ-ჰოპკინსი, გოსტისბეერი), 0:4 მაკინონი (პარეიკო), 1:4 ფილპულა (იოკინენი, კომაროვი).
მეკარეები: რინე - მიურეი
დარტყმები: 25 (12-6-7) - 43 (13-18-12)
საჯარიმო დრო: 4 (2-0-2) - 6 (4-0-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული