ქართველების "რუბინი" ამხანაგურ მატჩში ცსკა-სთან 0:4 დამარცხდა.
15 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "რუბინი" მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება და რუსეთის დედაქალაქში ნაადრევად ჩავიდა, სადაც "ვატუტინის" ბაზაზე ცსკა-მ დაჯაბნა.
ეს არცაა გასაკვირი, რადგან ყაზანური გუნდი მწვრთნელის, კურბან ბერდიევის წასვლის შემდეგ სერიოზულად გადახალისდა და გაახალგაზრდავდა, შეთამაშება აკლია და როგორც ჩანს, მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს.
თუმცა, ქართველი ლეგიონერებისთვის აქ ერთი პლუსი არსებობს - ხშირად მოუწევთ თამაში.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, პირველი 65-ე წუთზე შეცვალეს, მეორე 57-ეზე, ბექა მიქელთაძე კი, რომელიც გუნდს მხოლოდ გუშინ შეუერთდა, 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
აღსანიშნავია, რომ ანგარიში მე-80 წუთამდე 0:1 იყო და ბოლოს მოახერხეს გამოცდილმა არმიელებმა სტუმრების გატეხვა.