რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ტულის "არსენალის" მცველმა გია გრიგალავამ შორიდან თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა და მოსკოვის "დინამოსთან" მატჩში (1:1) თავის გუნდს ქულა მოუპოვა. გოლი გრიგალავამ ზარ-ზეიმით აღნიშნა და "სპორტ-ექსპრესი" ჩაფიქრა, ემანდ, ქართველმა რამე ხომ არ იგულისხმაო.
გამოცემამ ზემოაღნიშნული შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა და გიას სურათს იჭვნეული წარწერაც დაურთო:
"გია გრიგალავა და მისი ჟესტი მოედნის ცენტრში. რას უნდა ნიშნავდეს?".
დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის გამო, რუსებს ქართველი სპორტსმენების ჟესტებზე რბილად რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს და არაადეკვატური რეაქცია აქვთ - როგორც კორიდაზე ხარს სისხლისფერ მულეტზე.
შეგახსენებთ, მოსკოვის "სლავას" ჩვენებური მორაგბეები, რეზი ბროძელი და საბა ილურიძე გუნდიდან კინაღამ იმის გამო მოკვეთეს, რომ ლელოს დადების შემდეგ ცალ თვალზე ხელი აიფარეს, სოლიდარობის ეს უწყინარი ჟესტი მთელმა რუსულმა სპორტულმა და არასპორტულმა მედიამ განიხილა და ქართველი ლეგიონერები ლამის ანათემას გადასცეს.
რუსებმა ქართველი მორაგბეები თვალზე ხელის აფარების გამო კლუბიდან გაუშვეს [VIDEO]