ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ნიკა კვეკვესკირის და ჯაბა კანკავას "ტობოლმა" საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგულ "ჟენესთან" ფრედ, 1:1 ითამაშა და გათამაშებას გამოეთიშა.
შეხვედრაში "ტობოლი" დაწინაურდა, საკუთარ კარში გოლი ჰალიმ მედი მედურიმ გაიტანა და ყველაფერი ყაზახური კლუბის სასარგებლოდ მიმდინარეობდა, თუმცა 59-ე წუთზე მეჰმეტ არსლანმა პენალტი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანი ჯაბა კანკავას უხეში თამაშის გამო დაინიშნა.
პირველი შეხვედრა ლუქსემბურგში ფრედ, 0:0 დასრულდა და შესაბამისად, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე "ჟენესი" იასპარეზებს.
ქართველმა ფეხბურთელებმა მოედანზე 90-90 წუთი გაატარეს.
ყაზახურმა "სპორტსმა" "ტობოლის" წარუმატებლობას "ჯუჯებთან" ჩამოურეცხავი სირცხვილი უწოდა.
"ჟენესის" მწვრთნელმა ნიკოლა ჰაისმანმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელები მოყვარულები არიან, დღისით მუშაობენ, საღამოს ვარჯიშობენ და ეს უდიდესი გამარჯვებაა.