8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.
ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.
ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.
ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.
76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.
მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...
თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)
დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)
დანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა
ვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან
კრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
ოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!
ვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს
sofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა