upl.uz-ის ინფორმაციით, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის გათავისუფლებაზე მუშაობენ და მის ნაცვლად ტაშკენტის "ფახთაქორის" ქართველი მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის კანდიდატურა განიხილება.
ექტორ რაულ კუპერი ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. კუპერი საქართველოს ნაკრებს 2008-09 წლებში წვრთნიდა. უზბეკეთის ნაკრების სათავეში კუპერი 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან არის. აზიაში ახლა დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და კუპერის გაწვრთნილმა უზბეკეთმა გასვლაზე პალესტინასთან 0:2 წააგო.
რაც შეეხება შოთა არველაძეს, ქართველი სპეციალისტი "ფახთაქორს" 2017 წლიდან წვრთნის. უზბეკეთის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში, 18 ტურის შემდეგ შოთას გუნდს 16 მოგება და 2 ფრე აქვს, ჩემპიონატს 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
უზბეკური გამოცემების მიხედვით, შოთა არველაძესთან ერთად უზბეკეთის ნაკრების მომავალ მწვრთნელად "ბუნიოდკორის" თავკაცი ვადიმ აბრამოვიც განიხილება.