ბერლინის ტურნირი ახალგაზრდებში: ამირან წიქორიძის რევანში

AutoSharing Option
ბოლო უქმეებზე ბერლინში ჩატარდა ევროპის თასი ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ბიჭების ნაკრები მონაწილეობდა, ამჯერად გოგონები არ გვყავდა.

ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ბერლინში გვარიან წარმატებასაც მიაღწია: 8 წონიდან 4-ის ფინალში იჭიდავა, აქედან ორი მოიგო და ამდენივე წააგო ანუ შეჯიბრება 4 მედლით, 2-2 ოქრო-ვერცხლით დაასრულა. ჩემპიონები ვანო ნინიაშვილი (55) და ამირან წიქორიძე (+100) გახდნენ, ვერცხლს კი გიორგი ჩიქოვანი (90) და ონისე სანებლიძე (100) დასჯერდნენ.

საერთოგუნდურ ჩათვლაში ჩვენები მესამეზე გავიდნენ,
თუმცა ცალკე ბიჭების ჩათვლაში ბადალი არ გვყავდა.

ოქროს ყველას ერთი ფასი აქვს, თუმცა წიქორიძის გამარჯვებას მაინც გამოვარჩევთ, რადგან მერვედფინალში ძალიან ძლიერ მეტოქეს მოუგო - ჩვენთვის მართლაც რომ ავადსახსენებელ რუს ინალ ტასოევს, ვინც ბოლო წლებში სისტემატურად გვიმარცხებს მძიმეწონოსნებს და რომ იტყვიან, არ გვახარებს. სიმართლე გითხრათ, არც ამ შემთხვევაში გვქონდა დიდი იმედი, მაგრამ წიქორიძე საკუთარ თავს გადაახტა, ბრუნის მცდელობა დაუხურა და იქით გადააგდო უხერხული რუსი.

ჩვენებურმა ოთხიდან მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ქულებით - ნახევარფინალში მასპინძელ ერიკ აბრამოვს ვაზარით მოუგო, სხვებთან კი წმინდად იმარჯვა. მან პირველ წრეშიც გერმანელს მოუგო - დანიელ მესელბერგერი დააიპონა, მას ტასოევიც მიაყოლა და მეოთხედფინალში პოლონელი კრშიშტოფ ზალეჟნიც ვაზარ-იპონით ჩამოიშორა. ფინალში ახმახი და თავისზე უფრო მაღალი ბრიტანელი უესლი გრენიდგე დააიპონა - კისრულით ვაზარიზე გადმოიღო და თან შებოჭა.

წიქორიძე ჯერ კიდევ ჭაბუკებიდან მოყოლებული იქცევს ყურადღებას, ბერლინში კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გელა ზაალიშვილთან ერთად ეროვნული ნაკრების მძიმეწონოსნებს კარგ რეზერვად ეზრდება.

მისი ამბები ტურნირის მეორე დღეს იყო, პირველ დღეს კი პირველი მედალი ბაგრატ ნინიაშვილის უმცროსმა ძმამ - ვანო ნინიაშვილმა მოგვიტანა, რომელიც წარმატებით აგრძელებს ოჯახურ ტრადიციას. მას იმდენი იპონი არ მიუთვლია, რამდენიც - წიქორიძემ, მაგრამ ისიც ფრიად დამაჯერებელი იყო.

თავიდან მანაც გერმანელი დააიპონა - დომინიკ როდერი, მერე კი ბრაზილიელ ბრუნო ვატანაბესაც ასევე მოუგო. ფრანგ ტეო ჰებრანდ რაულს და ნახევარფინალში რუს შახზოდ ამონოვს ვაზარებით აჯობა. ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა რუმინელ ვლად ლუნკანთან და საქმე დამატებით დრომდე მივიდა: ორივეს თითო ვაზარი ჰქონდა, დამატებითში კი ნინიაშვილმა მეტოქე გააფრთხილებინა და რევანშიც აუღო ნიკა ალხაზაშვილის მარცხისთვის.

დანარჩენ ორ ფინალში სანებლიძის წაგება უფრო ლოგიკური ჩანს, აი, ჩიქოვანს კი მოგებაც შეეძლო ბრიტანელ ჯამალ პეტგრავესთან. სანებლიძე ძალიან ნიჭიერი და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია ახალ თაობაში, მისგანაც ყველა ტურნირზე ჩემპიონობას ველოდებით, თუმცა, ტასოევის არ იყოს, ფინალში მასაც ძალიან უხერხული მეტოქე ჰყავდა - ქვეყნიდან ქვეყანაში მოხეტიალე აზერბაიჯანელი ზელიმ კოსტოევი, რომელიც ხან უკრაინის სახელით გამოდის, ხან - რუსეთის, ახლა აზერბაიჯანში დამკვიდრდა და ვისი რეალური ასაკიც კაცმა არ იცის. ტასოევის არ იყოს, მასაც ბევრჯერ დაუმარცხებია ჩვენებურები და სანებლიძეც საკუთარ თავს თუ გადაახტებოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლო და ვერცხლს დასჯერდა.

თუმცა სანებლიძემ ერთი უხერხული მეტოქე კი დაგვიმარცხა და ესეც აზერბაიჯანელი: მუსა შაქარალიევმა ამას წინათ "ზედაზენის თასზე" დაგვიმარცხა ფალავნები, ჩვენებურმა კი ახლა წმინდად მოუგო.

ჩიქოვანიც დამაჯერებელი იყო და ფინალში მისგანაც მოგებას ველოდით... ტურნირი კარგად დაიწყო ტრისტან მოსახლიშვილმაც (81) და მეორე დღეს ცოტა დაგვაკლდა, ოთხივე წონაში ნახევარფინალში გვყოლოდა მონაწილე. მოსახლიშვილმა ქვეჯგუფში სამი იპონი მიითვალა და მეოთხედფინალში ტიაგო პინტოსაც უგებდა, მაგრამ მოხსნეს. ის საბოლოოდ მეცხრეზე გავიდა.

ჩვენგან ბერლინში კიდევ 6 ფალავანი გამოდიოდა: ზემოხსენებული ალხაზაშვილი, გიგა გიგაური (73), იმედა გოგოლაძე (90) და ზაურ კენჭაძე (100) მეშვიდეზე გავიდნენ, ხოლო გიორგი ლიპარტელიანი (66) და გველესიანი (90) ადრევე დამარცხდნენ და ჩათვლის გარეშე დარჩნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვააა! ამ გიორგას როგორი ზაგარი მიუღია ტო!
ხო გეუნებოდი, ნუ ზიხარ დიდ ხანს მზეზე-მეთქი. კაცო?
გიჟუა
19 ოქტომბერი 2017 10:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული