ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: შორეულ ჩილეში, ნაცნობი მეტოქეები

AutoSharing Option
დღეს, 9 აგვისტოს, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელშიც 13 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: 3 წარმომადგენელი გოგონებში გვეყოლება, ბიჭებში კი მაქსიმალურად გამოვიყენეთ კვოტა და 10 სპორტსმენით ვიასპარეზებთ.

თუმცა ბიჭების გუნდი მაინც არასრულია, რადგან 50 კილოგრამში მონაწილე არ გვყავს.

ჩვენები ცოტა შორ გზას დაუღლია - თან დოჰადან გაფრინდნენ და არა და არ დამთავრდა ფრენაო, თორემ დანიშნულების ადგილას მშვიდობიანად ჩაფრინდნენ და ამ პაპანაქებიდან პირდაპირ ზამთრის კლიმატურ პირობებში მოხვდნენ - სამხრეთ ნახევარსფეროში ახლა ზამთარია.

დღეს ბიჭებში 50-55-ის, ხოლო გოგონებში 40-44
კილოგრამის წარმომადგენლები იჭიდავებენ. ხვალ, შესაბამისად, 60-66 და 48-52-ის, ზეგ კი ტატამი 73-81-კილოგრამიან ბიჭებს და 57-63-იან გოგონებს დაეთმობათ. 12 აგვისტოს პირად პირველობას 90 და +90-ის ბიჭები და 70-+70-ის გოგონები იჭიდავებენ. 13-ში ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდება, რომელიც პირველად ჩატარდება შერეული პრინციპით, ანუ 4 ბიჭი და ამდენივე გოგონა იჭიდავებს.

* * *
დღეს სანტიაგოში მხოლოდ ერთი მონაწილე გვეყოლება - ევროპის პრიზიორი ლუკა კაპანაძე (55), ვინც პირველ შეხვედრას მეორე წრეში გამართავს დომინიკელ ანტფერნი პეპინთან, წარმატების შემთხვევაში კი მექსიკელ იავარ პრიეტოსა და ყაზახ იერმეკ ანამგელდის შორის მოგებულს შეხვდება. ჩვენებურს ფინალამდე ასცდა თურქთა ევროპისა და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული მიჰრაკ აკუსი (ევროპაზე წააგო მასთან), მაგრამ ჯგუფში იაპონელი ჰიტოიოში სუმი ჰყავს.

* * *
ხვალ გოგონებში დაგვემატება ერთი მონაწილე - ეკატერინე ტატუნაშვილი (52), ვინც საწყის სტადიაზე ბრაზილიელ ნიკოლე ფრანზოის ხვდება, ამათში მოგებულს კი უნგრელთა ევროპის ჩემპიონი ჟოფი ოზბასი ელოდება.

ამავე დღეს გიორგი კაპანაძე (60) ასევე პირველ წრეში უკრაინელ ევროპის ბრინჯაოსმედალოსან ვადიმ ჩერნოვს დაეჭიდება, ისე კი, ჯგუფში რუსთა ევროპის ჩემპიონ კაზბეგ ნაგუჩევთან მოხვდა.

ევროპის ჩემპიონი მიხეილ ბახბახაშვილი (66) მეორე წრიდან ჩაებმება საქმეში, სადაც ფრანგი ენცო გიბე ჰყავს დასამარცხებელი, ხოლო ამას თუ შეძლებს, ჩილელ ალვარო ბრავოსა და კანადელ კეგან იუნგს შორის უმჯობესს შეხვდება. მას ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის იაპონელი რანტო კაცურაც ჰყავს, ვისაც წლეულს პოლონეთის ტურნირის ფინალში კაცურად მოუგო.

* * *
პარასკევსაც სამი მონაწილე გვეყოლება. ფესტივალის გამარჯვებული მარიამ ჭანტურია (63) ისევ სერბთა ევროპის ჩემპიონ ანია ობრადოვიჩთან მოხვდა ქვეჯგუფში, ვისაც ფესტივალზე ფინალში კი მოუგო, მაგრამ ასეთ წილისყრას ხელსაყრელს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. თუმცა ეს კიდევ არაფერი და სერბს იაპონელი აიანო იუკიც დაემატა, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ. შეღავათი მხოლოდ ისაა, რომ ჭანტურია ამათ მეოთხედფინალამდე არ ხვდება, პირველ შეხვედრას კი მასპინძელ ხავიერა მუნოზთან ჩაატარებს.

73 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური რეიტინგის ფავორიტია და მეორე წრიდან ჩაერთვება შეჯიბრებაში უნგრელთა ფესტივალის მესამეპრიზიორ გერგელი ნეპრელთან პაექრობით. ჩვენებურს საკმაოდ ხელსაყრელი წილისყრა აქვს, თუმცა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქეებად ევროპის მესამეპრიზიორები, შესაბამისად, სომეხი არმენ აგაიანი და იტალიელი მატია პროსდოციმო ელოდებიან.

* * *
შაბათს გოგონებში ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, ევროპისა და ფესტივალის ტრიუმფით მომგები სოფიო სომხიშვილი (+70) იასპარეზებს, ვისაც საკმაოდ გაუმართლა - პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი პოლონელ კინგა ვოლსცჟაკს ხვდება. მასთან მოგებით მეოთხედფინალში გადის. იმათგან ყველაზე ძლიერი ბრაზილიელი პან-ამერიკის ჩემპიონი და ბერლინის ტურნირის გამარჯვებული ლუიზა კრუზი ჩანს, თუმცა აქვეა ამერიკელი აკიკო ბალიტაკტაკიც, ვინც მანამდე მექსიკელ ალისია სანმიგელს ეჭიდავება. ნახევარფინალში, შესაძლოა, ისევ შეხვდეს ჰოლანდიელ ევროპის პირველობისა და ფესტივალის მესამეპრიზიორ მარიტ კამპსს, ვისაც ორივე ტურნირზე დამაჯერებლად მოუგო.

ამავე დღეს ბიჭებშიც ჩვენი ლიდერები ჭიდაობენ. ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ფესტივალის გამარჯვებული მიხეილ ბექაური (90) თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი რუსი საიდ გაჯიევი ან გერმანელი ივო ვიტასეკი იქნებიან. გაჯიევს ჩვენებურმა წლეულს ევროპირველობაზე მოუგო.

ამავე წონაში გიორგი კარიაული პირველ პაექრობას იაპონელ კენშინ მორისთან ჩაატარებს.

მძიმეწონოსანი ევროპის პირველობისა და ფესტივალის ბრინჯაოსმედალოსანი ლევან ჭელიძე წილისყრამ ისევ იმ უნგრელ რიხარდ სიპოჟს გადაჰყარა, ვისთანაც ფესტივალზე წააგო. თუმცა მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება, პირველ პაექრობას კი ფრანგ იანის ალუასთან გამართავს.

ალექსი სვიანაძე (+90) თავიდან უზბეკ ედგარ გრიგორიანს ხვდება, ჯგუფში კი რუს ევროპის ჩემპიონ დავიდ ბაბაიანთან მოხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული