ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა

AutoSharing Option
ჰოლანდიელი ესტერ სტამი (70) ძიუდოს უბრუნდება და აგვისტოს ბოლოს საქართველოს ნაკრების სახელით ბუდაპეშტშიც იჭიდავებს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნატურალიზებულმა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ ხელზე ოპერაცია გაიკეთა და საკუთარ ჯგუფებში ბავშვთა მწვრთნელობას მიჰყო ხელი, პარალელურად კი სპორტული კარიერის დასრულება განიზრახა. თუმცა ქართული მხარის, უმთავრესად კი, გიორგი გვიჩიანის აქტიურობამ, ვინც ჯერ კიდევ ჰოლანდიაში მუშაობისას სტამის მწვრთნელ-მენეჯერი იყო, შედეგი გამოიღო და ჰოლანდიელი საქართველოს ნაკრების სახელით გამოსვლას ისევ დათანახმდა.

სტამის დაბრუნება აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გუნდური შეჯიბრების ჩატარების ფორმატი
შეცვალა და შერეული პრინციპი შემოიღო, სადაც ქალები და ვაჟები ერთ გუნდად იასპარეზებენ, წონითი კატეგორია კი თანაბარია - 3-3. შერეულ გუნდში 70 კილოგრამიც შედის, ანუ ამ წონამ ორმაგი დატვირთვა შეიძინა.

თუმცა ამასობაში ძიუდოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა სამბოში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ნინო ოძელაშვილმა, რომელიც სწორედ 70 კილოგრამში გამოდის. საინტერესო იყო, სამწვრთნელო შტაბი ორივეს მისცემდა შანსს თუ ერთ-ერთს აარჩევდა. ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ განაცხადა, რომ არ იყო წინააღმდეგი, ორივე ენახა საქმეში, მაგრამ აქ კიდევ ერთი კითხვა რჩებოდა - დააფინანსებდა თუ არა ორივეს ძიუდოს ფედერაცია? ამაზე ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმაც თანხმობა განაცხადა და დასძინა, რომ გუნდის ინტერესებისთვის მზადაა ამის გასაკეთებლად.

ამდენად, რაკი მთავარი საკითხი გაირკვა, ნაკლებად აქტუალურია კითხვა, ვინ გამოვა პირად პირველობაში - სტამი თუ ოძელაშვილი, თუმცა არაა გამორიცხული, ორივე დააყენონ. ოღონდ არც იმას მალავენ, რომ სტამი უფრო გუნდურისთვის ეიმედებათ, სადაც ცოტა სხვა პრინციპია, ვიდრე - პირადში და მისი იმედი იქ უფრო აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში ქალთა ნაკრებში, სწორედ გუნდური შეჯიბრების ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ ორი მონაწილე გვეყოლება ასევე "ქალთა წონებში": ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი (57) და ელენე ქებაძე (+78).
მკითხველის კომენტარები / 2 /
გუნდურში გაერთიანებული გუნდით გამოსვლა "საერთაშორისო ვირთხებმა" სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ "შეიმუშავეს" რათა საქართველოს მუდმივად არ მიცემოდა გამარჯვების შანსი. საინტერესოა რა მოიმოქმედა ძიუდოს ფედერაციამ და ზოგადად სპორტის სამინისტრომ ამის წინააღმდეგ??? უმორჩილესად გთხოვთ "განმანათლოთ"!!!
sandro K.
17:29 12-08-2017
0
ოძელაშვილი კარგი სამბისტია, მაგრამ ძიუდო საერთოდ არ იცის..
ენლილ
11:38 10-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული