[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] ბოლო დღეების იმედად

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატმა ეკვატორი გადალახა, ჩვენ კი ისევ ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) მიერ მოპოვებული ერთი ბრინჯაოს ამარა ვართ.

გუშინდელ დღესაც საკმაოდ დიდი იმედებით ველოდით, მაგრამ ზებედა რეხვიაშვილი (81) მერვედფინალში ჰოლანდიელ ფრენკ დე ვიტთან ილეთის დასრულებამდე ორიოდე წამით ადრე დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. თან, ყველა უბედურებასთან ერთად, კონტრილეთზე მოჰყვა.

ვფიქრობთ, რეხვიაშვილმა ცოტა იჩქარა, რაკი დრო იწურებოდა, და ცოტა არ იყოს, მოუმზადებლად დაიწყო შესვლა. მეტოქემაც ამიტომ წაართვა ინიციატივა. მანამდეც იყო 1-2 მოძრაობა, როცა ჰოლანდიელმა კონტრილეთი დაუპირა, ოღონდ მაშინ გაანეიტრალა.

რეხვიაშვილმა მანამდეც გვარიანად გვანერვიულა
ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან, ვისაც რევანშიც კი აუღო ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე მარცხისთვის, მაგრამ ეს მარათონულ ორთაბრძოლად და უდიდესი ენერგიის ხარჯვად დაუჯდა - ის შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა და ლამის ორი პაექრობისთვის გამოყოფილი დრო წაიღო. თავდაპირველად ხორვატი დაწინაურდა, ზებედამ კი გარდატეხა ბოლო 40 წამში შეიტანა, როცა ორივე ილეთს ცდილობდა, მაგრამ ქართველმა იძალა და გადააგდო.

სამწუხაროდ, ჩვენებური დამატებით დროში ძალიან დაიღალა, თან ჰოლანდიელთან პაექრობაც მალევე მოუწია.

სულ პირველად რეხვიაშვილმა უდავიდარაბოდ დააიპონა ურუგვაელი ალაინ აპრაჰამიანი.

გუნდი ბოლომდე შეივსო
გუშინ ბუდაპეშტში, ძიუდოისტთა სუძუკის მსოფლიოს ჩემპიონატში საჭიდაოდ ქართველ სპორტსმენთა ბოლო ჯგუფიც ჩამოვიდა. საქართველოდან ვაჟი მძიმეწონოსნები - გურამ თუშიშვილი და ადამ ოქრუაშვილი, გუნდურში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი (90), ხოლო ქალებიდან ნინო ოძელაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78) ჩამოფრინდნენ. ესტერ სტამი (70) ჰოლანდიიდან ნაშუადღევს უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ რეისების გადადების გამო გვიან საღამოს ჩამოფრინდებოდა ბუდაპეშტში, თუმცა ის მხოლოდ გუნდურში დაგვეხმარება.

სხვები არ ვიცი, თუშიშვილი კი გუშინ საღამოს დარბაზშიც მოვიდა და ფინალურ ბლოკს დაესწრო.

მოგეხსენებათ, აქ გუნდური ჩემპიონატიც ტარდება, სადაც ლაშა შავდათუაშვილი (73) ისედაც ფეხმტკივანი გვყავს, ახლა კი მას მარიამ ჯანაშვილიც (57) დაემატა: ჯერჯერობით, ისევ სტკივა შეჯიბრებაზე ნატკენი ხელი. ტკივილი ძლიერი არაა და გუნდურში მის გამოსვლასაც არ ემუქრება საფრთხე, თუმცა ხელი შეხვეული აქვს და ყინულები ადევს. შედარებით უკეთესია შავდათუაშვილის მდგომარეობა.

სატურნირო ამბები
უნგრელთა ქომაგობაზე შემდეგში მოგითხრობთ, დარბაზში კი ქართველებიც არიან, თუმცა ვარშავასთან შედარებით - უფრო ცოტა. სამაგიეროდ, ჩამოვიდნენ ვარშავაში ევროპირველობაზე ნამყოფებიც. სხვათა შორის, მათგან ერთ პატარა გუნდს ჯერ კიდევ თბილისის აეროპორტში შევხვდით, ამჯერად ისრაელში მიფრინავდნენ ევრობასკეტზე კალათბურთელების საქომაგოდ, თუმცა ისრაელში თუ არ შეუშვებდნენ, სარეზერვო ვარიანტად ბუდაპეშტში გადმოფრენაც ჰქონდათ.

გუშინ ჩემპიონატშიც ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა, თუმცა თავდაპირველად იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონ ტაკენორი ნაგასეს წაგება უნდა დავასახელოთ მართლაც კარგად მოჭიდავე უზბეკ დავლატ ბობონოვთან. ვინძლო, ნაგასეს პორტუგალიელთა ქართველის - ანრი ეგუტიძის ცოდვამ უწია: ქუთაისელი ბიჭი ორი გაფრთხილებით უგებდა და დიდ ზეწოლას ახორციელებდა ტიტულოვან კონკურენტზე, მაგრამ ნაგასემ ზურგიდან მიპარვით "დააბეტონა" ტატამზე! ლამის ისე, როგორც ტედი რინერიმ გაუკეთა ლევან მატიაშვილს. სავსებით სამართლიანად გაბრაზებულმა ეგუტიძემ სულ ტატამს უბრახუნა მუშტები, მაგრამ ამით მხოლოდ "ბოლი გამოუშვა".

მგონი, იაპონელები გუშინელ რეპორტაჟში მეც დავთარსე - გუშინ არათუ ოქრო, საერთოდ მედალი ვერ აიღეს.

ჯერჯერობით სპორტსმენთა წარმატებებით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ მსაჯებში ვართ ყოჩაღად: ვლადიმერ ნუცუბიძეს გუშინაც ყველაზე საპასუხისმგებლო შეხვედრის - ვაჟთა ფინალის განსჯა ანდეს და მანაც ტრადიციულად წარმატებით გაართვა თავი. სხვათა შორის, ნუცუბიძის გუშინწინდელმა ქალთა ფინალმა მონღოლსა და იაპონელს შორის, რომელიც ლამის 8 წუთი გაგრძელდა, დიდი მოწონება დაიმსახურა.

კვარცხლბეკი
81 კგ.
1. ალექსანდრ ვიცზერზაკი (გერმანია); 2. მატეო მარკონჩინი (იტალია); 3. ხასან ხალმურზაევი (რუსეთი), საეიდ მოლაეი (ირანი).

63 კგ.
1. კლარის აგბენენუ (საფრანგეთი); 2. ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია); 3. მუნგუნჩიმეგ ბალდორჯი (მონღოლეთი), აგატა ოზდოვა (პოლონეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეგონა ცირეკიძე გაცილებით ძლიერად მოამზადებდა ეროვნულ ნაკლებს,მეტად ფიზიკურად,ტაქტიკურად,გამძლეობით მოამზადებდა.

ან საერთოდ ცალ-ცალკეც კი რ ა ტ ო მ ჩადიან,ეს გ უ ნ დ უ რ სულისკვეთებაზე და აქედან გამომდინარე შედეგებზე რომ ცუდად იმოქმედებს,მასზე არ უფიქრიათ ?!

რ ა შ ი არის საქმე ?!
glaxuna
11:06 01-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული