აბსოლუტურ პირველობაზე წონით კატეგორიებში შეზღუდვა არაა, ქვეყანას კი ოთხი მონაწილის გამოყვანა შეუძლია.
მაროკოში ჩვენგანაც კვარტეტი იჭიდავებს, თუმცა იმათგან ერთი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ფინალისტი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი 100 კილოგრამის წარმომადგენელია, სხვები კი მძიმეწონოსნები არიან: ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ადამ ოქრუაშვილი და ევროპის
წინასწარი მონაცემებით, ტურნირში 40 მონაწილეა დარეგისტრირებული: ჰოლანდიელი ჰენკ ხროლი, უნგრელი ბარნა ბორი, ფრანგი სირილ მარე, რუსები - ალექსანდრ მიხაილინი, ადლან ბისულთანოვი, ანტონ კრივობოკოვი, იაპონელები - კოკორო კაგეურა და ტაკეში ოჯიტანი, ტუნისელი ფაიცელ ჯაბალა, ყირგიზი იური კრაკოვეცკი, ებრაელი ორ სასონი, ჰოლანდიელი როი მეიერი, ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი, უკრაინელები: ალექსანდრ გორდიენკო, იაკივ ხამო და სხვები, თუმცა ძიუდოს სამყაროს გამორჩეული ყურადღება და უდიდესი ინტერესი იმთავითვე მიქცეულია თუშიშვილისა და ლეგენდარული ფრანგი ტედი რინერის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე, ამათი ურთიერთპაექრობა კი უკვე იქცა ძიუდოს კლასიკად.
უცხოურ საიტებზე გაჩნდა ვიდეორგოლები მძიმე წონის ამ ორი გიგანტის ბუდაპეშტური შერკინების, მართლაც რომ ტიტანთა სადარი პაექრობის შესახებ. თუშიშვილს ამჯერად მაროკოში რევანშის შანსი ექნება და ვნახოთ, რამდენად წარმატებით გამოიყენებს მას.
მარაკეშში ძიუდოს კიმონოს ისევ ჩაიცვამს ბერძენთა ქართველყოფილი ევროპის ორგზის, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი, ვინც რიოს ოლიმპიადის შემდეგ დაანება ძიუდოს თავი და პენსიაზე გავიდა, თუმცა ახლა მანაც შეიტანა წინასწარი განაცხადი. იგივე ითქმის რუსთა მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიადის ფინალისტ მიხაილინზეც.
ბოლო მონაცემებით, არაბულ სამყაროსთან ისრაელის დაძაბული, არადიპლომატიური ურთიერთობის გამო ვიზის მიღებასა და მაროკოში შესვლაზე პრობლემები შექმნია ორ სასონს, თუმცა ბოლოს საქმეში საერთაშორისო ფედერაციის მოქნილი პრეზიდენტი მარიუს ვიზერი ჩარეულა და, იმედოვნებენ, რომ პრობლემები მოგვარდება და იჯფ-ს დროშით მაინც აჭიდავებენ, როგორც ეს სხვა არაბულ ქვეყნებში მათი გამოსვლისას ხდება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 500 000 ევროა. აქედან ჩემპიონის წილი 100 ათასი ევროა, საიდანაც 80 ათასს უშუალოდ სპორტსმენი მიიღებს, 20 ათასს - მისი მწვრთნელი. ვერცხლისმედალოსანზე 50 ათასია გათვალისწინებული, ბრინჯაოსპრიზიორებზე თითოეულზე - 25 ათასი. გვარიან პრემიებს მიიღებენ მომდევნო ადგილებზე გასულებიც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"