ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონი: ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნის გაჟღერება მსურს!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონობის ტიტულის მოპოვების შემდეგ 20 წლის ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა 5 782 ქულა დააგროვა და საკუთარი წონის (-90კგ) რეიტინგში მხოლოდ ესპანელ ნიკოლოზ შერაზადიშვილსა და ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდს ჩამორჩება. ბექაურის ბოლოდროინდელი თვალსაჩინო პროგრესი კონტინენტის ჩემპიონობამ კიდევ უფრო გაამყარა. 

ლაშას წინ კიდევ უამრავი გამოწვევა აქვს, დღეს კი SPORTALL-ის შეკითხვებს პასუხობს.

- როგორი განწყობით გაემგზავრეთ ევროპის ჩემპიონატზე და სამწვრთნელო შტაბის მხრიდან რა მოლოდინები არსებობდა?
- ძალიან მოტივირებული ვიყავი და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე მწამდა. ამის მწვრთნელებსაც სჯეროდათ. წარმატებისათვის მხოლოდ მონდომება საკმარისი ვერ იქნებოდა, თითოეულ პაექრობაში ბოლომდე დავიხარჯე, თავი არ დამიზოგავს...

- რით ახსნით იმას, რომ ე.წ. პროექტი
2020-ის მონაწილეები
ალიან წარმატებულნი ხართ, ახალი თაობის ჩემპიონები, ფაქტობრივად, ერთ ასაკში იმყოფებით...
- დიდი მადლობა ეკუთვნის ხსენებული პროექტის თითოეულ ხელშემწყობსა და მონაწილეს. ჩვენ ყველა პირობა გვქონდა იმისთვის, რომ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. დიდი  შედეგებისათვის მხოლოდ ნიჭი არ კმარა, ამის ყველა პირობა უნდა გქონდეს შექმნილი...

- წინ კიდევ ბევრი რამ გელით, მათ შორის, მთავარი მიზანი - ოლიმპიადა (თუმცა ჯერ წამსვლელთა სია ცნობილი არაა). რაზე მოგიწევთ მუშაობა და როგორ უნდა მოახერხოთ ფორმის პიკის გადამწყვეტ მომენტში მიღწევა?
- რა თქმა უნდა, წარმატება არ მადუნებს, პირიქით, მოტივაციას მიმაღლებს!  ვხედავ იმ ხარვეზებსაც, რაზედაც სამუშაოა. ამაზე მწვრთნელებიც მიმითითებენ.

რაც შეეხება ფორმის პიკს, სამწვრთნელო შტაბს ამ საკითხში ბოლომდე ვენდობი. მათ უკეთ იციან, ჩემთვის როგორი ინდივიდუალური მზადება იქნება შედეგის მომტანი...

- ტაქტიკური მრავალფეროვნება, ფიზიკური გამძლეობა - ამ მიმართულებით, საკუთარი თავით რამდენად კმაყოფილი ხართ? ასევე, კონკრეტულ ტურნირზე ძალების განაწილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს...

- პირველ რიგში, ვცდილობ, მეტოქეს საკუთარი ძლიერი მხარეები მოვახვიო თავს და ჭიდაობა ისე წარვმართო... შესაძლოა, პარტერში შედარებით ნაკლებად ძლიერი ვიყო, თუმცა ამაზე ვმუშაობ. თავის დაცვის პრობლემა არც ამ კომპონენტში მაქვს.

ტურნირზე შევამჩნიე, რომ ენერგიის გადანაწილებისა თუ ზოგადად, ფიზიკური გამძლეობის კუთხით, თავს ადრინდელზე უკეთ ვგრძნობ...

- როგორ შეაფასებდით ლაშა გუჯეჯიანის მუშაობას, მის როლს გუნდის  წარმატებებში? დავინახეთ, რომ დაძაბული კონკურენციის მიუხედავად, თქვენ და ბექა ღვინიაშვილს მშვენიერი ურთიერთობა გაქვთ და გუნდში ამ მხრივაც დალაგებული სიტუაციაა...
- კი, ოჯახური გარემო გვაქვს შექმნილი. რაც შეეხება გუჯეჯიანისა და სამწვრთნელო შტაბის მიდგომებს - პირადი ურთიერთობები დალაგებულია; ვგრძნობთ, რომ როცა საჭიროა, მწვრთნელი მოდუნების უფლებასაც გვაძლევს...

რაც შეეხება ჩემი და ბექას ურთიერთობას - ჩვენ იმ აზრზე ვართ, რომ კონკრეტულ მომენტში ვინც უკეთ იქნება, ის იჭიდავებს! ბექასგან ყოველთვის მეგობრულ დამოკიდებულებას ვგრძნობ...

- თქვენი სანუკვარი მიზანი ოლიმპიადაა. ალბათ, ბევრს ფიქრობთ ამაზე...
- ოლიმპიადა ძალიან დიდი გამოწვევაა. სია მალე გამოცხადდება. იმედია, მასში მეც ვიქნები. უდიდესი მოტივაციით მოვემზადები, რათა ჩემპიონობა მოიპოვო და საქართველოს ჰიმნი  ავაჟღერო.

alt"ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნს ავაჟღერებ!" - ექსკლუზივი ტატო გრიგალაშვილთან









მკითხველის კომენტარები / 3 /
გულდასაწყვეტია, რომ ბექას ნიჭის და შესაძლებლობის მოჭიდავემ მეტს ვერ მიაღწია, დღეს ლაშას ჯერი დადგა და მას უნდა შეეწყოს ხელი, ისე, რომ მეორე იმედგაცრუება არ მივიღოთ.
ჟორა
11:46 23-04-2021
0
საქართველოს ბევრი სახელოვანი ძიუდოისტი ყავდა და ჰყავს. ლაშა ჭიდაობის მანერით რამაზ ხარშილაძეს მაგონებს, სულ შეტევაზე და დასწრემაზეა ორიენტირებული. 90 კგ-ისთვის კარგი სიმაღლე აქვს, ამიტომ კარგი იქნება თუ ჩოჩიშვილის ბრუნზე გდებას ისე დაამუშავებს, როგორც ამას შოთა აკეთებდა. შოთას კიმონოს საყელოში ხელის მოკიდებას ვერავინ ბედავდა, იმწამსვე ბრუნზე მიფრინავდა. დღეს ყველა, მაჯების დაჭერას და იქიდან კისრულს აკეთებს, ლაშას კი გრძელი ფეხები აქვს და უკან ჩაჩეხვა კარგად გამოუვა. ასევე, ყველა ქართველმა ძიუდოისტმა გაიხსენეთ ქართული ჭიდაობა, იქ ხომ კისრული ჩოხის საყელოდან და ცალი ხელის დაჭერითაც კეთდება.
ჟორა გაბრიჭიძე
11:43 23-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული