სამწუხაროდ, გუშინ ჩვენი დანარჩენი მონაწილეები სანუგეშო წრეში ვერ გადავიდნენ და ნაადრევად დაასრულეს გამოსვლა.
ამდენად, საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრები გუშინწინ მოპოვებული ორი ბრინჯაოს ამარა დარჩა, რაც რობერტ კობლიაშვილის (85) და რევაზ ნადარეიშვილის (98) მონაგარია. დასანანია, საკმაოდ კარგი სტარტი ასევე რომ ვერ გაგრძელდა, რისი დიდი შანსიც იყო...
მართალია,
გუნდურ ჩათვლაში ჩვენი გუნდი 30 ქულით მეოთხეზე გავიდა.
დათუნაშვილის დასანანი ნახევარფინალი
ძალიან დასანანია დათუნაშვილის გამოსვლის ასეთი ფინალი, თუმცა გასაკვირი სხვა გარემოებაა: წინასწარ შეხვედრებში კარგად მოჭიდავე ჩვენებურმა ბოლო ორი პაექრობა "ტუშეზე" დათმო, რაც ძალიან იშვიათად ხდება. არადა, მას წილისყრამაც გაუმართლა, რადგან ძირითადი კონკურენტები მეორე მხარეს იყვნენ და, თითქოს, ფინალამდე არც ისე წინააღმდეგობრივი გზა რჩებოდა, ეს კი მის კარიერაში ყველაზე დიდი წარმატება იქნებოდა... თითქოს, თავიდან არც ის პრობლემები ეტყობოდა, რაც მოსამზადებელ პერიოდში გადახდა თავს, მაგრამ ეტყობა, ამან ბოლო ეტაპზე მაინც იჩინა თავი.
თავდაპირველად დათუნაშვილის გამოსვლაზე სასაყვედურო არაფერი გვქონდა, იმდენად დამაჯერებლად ჭიდაობდა. სიახლე მის გამოსვლაში, თითქოს, არ ყოფილა. ის ძირითადად უფრო ძალისმიერ-ტაქტიკური სტილის მოჭიდავეა, მაგრამ ილეთებსაც ხშირად აკეთებს, თუმცა ქულათა დიდ მარაგს იშვიათად აგროვებს. მის ახლანდელ გამოსვლასაც გვარიანად დაჰკრავდა ტაქტიკური ელფერი, რის დასტურადაც უკვე მეორე ეტაპზე, ხორვატთა ევროპის მესამეპრიზიორ ბოჟო სტარჩევიჩთან შეხვედრა გამოდგება, ვინც უკვე მე-12 წამზე მშვენიერ ჩოქელა კისრულზე გადმოიღო. თან შეტევაც გააგრძელა და მორიგ ილეთს ვერ გამორჩა, მაგრამ წრიდან გაიყვანა და 3:0 დაწინაურდა.
დათუნაშვილი არაა ის მოჭიდავე, ვინც ამხელა უპირატესობას ხელიდან გაუშვებდა. ჩვენებურმა შეტევას მოუკლო და უფრო ჩამშლელ ჭიდაობაზე გადავიდა. საბოლოოდ მან 3:2 იმარჯვა, თუმცა ის 2 ქულაც უფრო ტაქტიკური მოსაზრებებით დათმო, რითაც დრო მოიგო.
ხორვატამდე დათუნაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ძნელი ბრძოლა გადაიტანა ალჟირელ ბახირ სიდ აზარასთან: შეხვედრა ფრედ დასრულდა, 2:2, თუმცა ჩვენებურს უფრო მაღალი ხარისხის ქულები ჰქონდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლებაც ამით მოიპოვა.
მეოთხედფინალში ავსტრიელ მიხაელ ვაგნერთანაც უფრო აქტიურად ირჯებოდა, მაგრამ მეტოქეც ტაქტიკურად ჭიდაობდა და ილეთზე არ შეუშვა. სამაგიეროდ, დათუნაშვილს აქტიურობა დაუფასდა და ავსტრიელი პასიურობისთვის პირველივე პერიოდში ორჯერ დასაჯეს თითო ქულით: 2:0. ავსტრიელმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა ასევე თითოქულიანებით, რაც უკვე მას აძლევდა ხელს. აქ დათუნაშვილი ისევ გააქტიურდა და მეტოქის წრიდან გაყვანით გამარჯვებაც მოიპოვა: 3:2. ამის შემდეგ კიდევ ერთი წუთი რჩებოდა საჭიდაო, მაგრამ ჩვენებურმა წარმატებით შეინარჩუნა ანგარიში.
რაც ამის შემდეგ დათუნაშვილს დაემართა, სპორტული დრამაც შეიძლება ვუწოდოთ - როგორც გითხარით, ზედიზედ ორ შეხვედრაში მოჰყვა "ტუშეზე"! თითქოს წასაგები პაექრობა არც ნახევარფინალში ჰქონდა სომეხ მანუკიანთან (ეს ჩვენი ტურნირის წლევანდელი გამარჯვებულია), ხოლო დამამშვიდებლის ფინალში 2:0-ს უგებდა გერმანელთა ევროპის ჩემპიონ პასკალ ეისელს!
ჩილელიც გვიგებს!
ძალიან მოულოდნელი მარცხი იწვნია მძიმე წონაში ევროპის პრიზიორმა ლევან არაბულმა: იაპონელ არატა სონოდასთან 5:1, ეგვიპტელ აბდელატიფ მოჰამედთან წმინდად, 11:3 მოგების შემდეგ გასაკვირი იყო ჩილელ იასმანი ფერნანდეს აკოსტასთან 2:5 მარცხი! ჩილელი საბოლოოდ მესამეზე გავიდა. წინა შეხვედრებში არაბულმა კარგად იჭიდავა, ეგვიპტელი ოთხქულიანზეც კი გადააგდო, რაც დიდად გვაიმედებდა, მაგრამ... მომავალი ბრინჯაოს მიუხედავად, ჩილელი ფინალში რომ გასულიყო, ნამდვილი საოცრება იქნებოდა და სასწაული არც მოხდა - ნახევარფინალში ესტონელთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰეიკი ნაბისთან 1:2 დამარცხდა და ჩვენებურიც საბოლოოდ გამოეთიშა შეჯიბრებას.
პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ევროპის კიდევ ერთი წლევანდელი მესამეპრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი (66), თუმცა მან 3:3-ზე დამატებითი მაჩვენებლებით დათმო უნგრელ მატე კრიჟნაისთან. მას სანუგეშოში გადასვლის საშუალებაც არ მიეცა, რადგან მადიარი მალევე დამარცხდა.
იგივე ბედი ეწია ლაშა მარიამიძესაც 59 კილოგრამში: ისიც პირველივე პაექრობაში დამარცხდა და ისიც - უნგრელთან, ერიკ ტორბასთან წმინდად, 2:10 წააგო.
ამით "ბერძენ-რომაელთა" ტურნირი დასრულდა. დღეს და ხვალ ჩემპიონატში ქალები იჭიდავებენ, მომდევნო ორი დღე კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"