U23. გელა ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
პოლონურ ბუდგოშჩში 21 ნოემბერს დაწყებულ 23-წლამდელ ბერძენ-რომაელთა მსოფლიოს ჩემპიონატში წარმატებით ჩაება ჩვენი ნაკრები, რომელმაც სტარტზე ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მას ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გელა ბოლქვაძე (75) დაეუფლა. ბრინჯაოს მოპოვება შეეძლო გურამ ხეცურიანს (85), თუმცა საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა.

ბოლქვაძეს წლეულს წარმატებული და ცოტა უცნაური სეზონი აქვს, რადგან მეორედ გავიდა 23-წლიანთა უმთავრესი შეჯიბრების ფინალში, მაგრამ ისევ წააგო და კვლავ ვერცხლს დასჯერდა.

ოღონდ საინტერესოა, რომ სხვადასხვა წონებში გამოვიდა: მარტში ამ ასაკში ევროპის პირველობაზე 80 კილოგრამში იჭიდავა და ფინალშიც გავიდა, სადაც შვედ ალექს კესიდისთან
დამარცხდა, ამჯერად კი 75-ში ჩამოინაცვლა და წარმატებითაც, ტიტულისკენ მიმავალი გზა კი მიზნამდე ისევ ერთ ნაბიჯში თურქმა ფატიჰ ჯენგიზმა გადაუღობა.

ბოლქვაძემ პოლონეთში პირველ შეხვედრაში უკრაინელი პავლო მოლნარი 2:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ყაზახ მირას ბარშილიკოვს 1:1-ზე, ბოლო ქულის დამსახურებით მოუგო. ჩვენებურს ნახევარფინალშიც მძიმე ბრძოლა ჰქონდა ირანელ პაიამ აბდეჰ სალეჰ პაიანისთან, თუმცა 2:1 მაინც მოუგო. მას ფინალში ძლიერი მეტოქე ჰყავდა - თურქი ჯენგიზი უფროსებში მსოფლიოს წლევანდელი პირველობის მეხუთეადგილოსანია. ბოლქვაძემ მასთან კი იბრძოლა, მაგრამ 2:5 მაინც დამარცხდა და მეორეზე დარჩა.

* * *

გუშინ ჩვენი გუნდიდან ნახევარფინალში ხეცურიანიც გავიდა და მით უფრო დასანანია მისი უმედლოდ დარჩენა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხა ძლიერი მეტოქე - რუსი ჰაჯიმურად ჯალალოვი, ვისაც 1:1-ზე მოუგო. ჩვენებური თავიდან ჩამორჩა, მაგრამ მერე გააქტიურდა და მეტოქე პასიურობისთვის ქულით დასაჯეს, ეს კი ჩვენებურს აძლევდა ხელს, რადგან ბოლო ქულა მან მოიპოვა. ხეცურიანმა საკმაოდ მძიმე ჯაჯგურში შეინარჩუნა ეს ანგარიში, მერე კი უფრო იოლად აჯობა ბელარუს ზახარ ძმიტრიჩენკას - 3:1. ჩვენებურმა მეოთხედფინალში ყაზახ ხუსეინ მუცოლგოვს 4:1 აჯობა, მაგრამ მერე თავად დამარცხდა უნგრელთა მომავალ ჩემპიონ ერიკ ჟილვასისთან: 0:3. მას ისევ რჩებოდა კვარცხლბეკზე ასვლის შანსი, მაგრამ, სამწუხაროდ, დამამშვიდებლის ფინალში აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან 1:2 წააგო.

* * *

სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, სხვადასხვა ასაკში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და 23-წლიანებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი რამაზ ზოიძე (71).

ხელვაჩაურელმა ფალავანმა ჩინებულად დაიწყო ჩემპიონატი, მაგრამ მეოთხედფინალში ნაცნობ მეტოქესთან, თურქ მურატ დაგთან დამარცხდა, რითაც მეტოქემ რევანში აუღო წლევანდელ 23-წლიანთა ევროპირველობაზე მარცხისთვის.

ზოიძემ პოლონეთში თავიდან ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო: საკვალიფიკაციოში ქულებით წმინდად აჯობა შვედ ხალიდ ქერჩიევს - 11:2, ვისთანაც ფრიად ეფექტური გდებებით გამოიჩინა თავი, მერვედფინალში კი 4:1 მოუგო ბელარუს რუსლან აჰამალიეუს.

სწორედ ამის შემდეგ გადაიკვეთა მისი გზა მურატ დაგთან, ვისაც წლეულს ზემოაღნიშნულ ტურნირზე ნახევარფინალში აჯობა. ზოიძე ახლაც არ იყო შორს მოგებისგან, რადგან 2 ქულა მოიპოვა, თუმცა საბოლოოდ 2:3 წააგო. სამწუხაროდ, მას არც სანუგეშოში გადასვლის საშუალება მიეცა, რადგან დაგი ნახევარფინალში დამარცხდა.

* * *

კუკური კირცხალიაც (98) უმედლოდ დარჩა, რომელიც ჩემპიონატში ასევე წარმატებით და ხმაურიანად ჩაება: საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრელ ზლოტ ტოპოეკთან - 10:4, მაგრამ მეოთხედფინალში 0:4 წააგო რუსთა მომავალ ჩემპიონ ალექსანდრ გოლოვინთან. რუსის მომდევნო წარმატების კვალად, კირცხალია სანუგეშოში კი გადავიდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და ბელარუს ბოპემბე არსენ სიჩევთან 2:7 დათმო.

დღეს იჭიდავებენ
დღეს პოლონეთში საქმეში მორიგი ბერძნულ-რომაული კვარტეტი ჩაებმება და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი საჭიდაო სამყაროს ყურადღება მძიმე წონისა და იქ მოჭიდავე ქართველის - ზვიად პატარიძისკენ იქნება მიპყრობილი. მას მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებული ფედერაციის საიტმა რამდენიმე დღის წინ მიუძღვნა საგანგებო წერილი და დააანონსა, რომ ქუთაისელი ფალავანი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსედ მოსაგებად ემზადება. პატარიძე ჩემპიონატში მერვედფინალიდან ჩაებმება, სადაც უნგრელი ფერენც ალმასი ეყოლება დასამარცხებელი.

ეს მისთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა - მარტის ბოლოს 23-წლიანთა ევროპირველობაზეც პირველივე წრეში შეხვდა და 6:0 მოუგო. ამჯერადაც თუ იმარჯვებს, აი, მაშინ შეიძლება გადაეყაროს თურქი ილდირიმი, ვინც მანამდე ნორვეგიელ ოსკარ მარვიკს ეჭიდავება.

პატარიძის გარდა, ჩვენგან ასევე იჭიდავებენ ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი გამარჯვებული დავით ჩხარტიშვილი (59), ოლიმპიური და ევროპის მესამე პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66) და უფროსებში მსოფლიოს და 23-წლიანებში ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ლაშა გობაძე (80).

ჩხარტიშვილი ჩემპიონატში შესარჩევი ეტაპიდან ჩაებმება, სადაც მეტოქედ თურქი აჰმეტ უკარი ეყოლება. გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი ბოლქვაძე შესარჩევიდან თავისუფალია, მერვედფინალში კი ფინელ რამი პეტრი სირიაეს შეხვდება. საკვალიფიკაციო წრიდან გობაძეც თავისუფალია, მისი პირველი მეტოქე კი მოდლოველი ვიორელ ბურდუიაა.

71 კგ.
1. დანიელ კატარაგა (მოლდოვა); 2. რობერტ ატილა ფრიჩი (უნგრეთი); 3. ფარსად მირამად ბელფაკე (ირანი), მურატ დაგი (თურქეთი)... 7. რამაზ ზოიძე (საქართველო).

75 კგ.
1. ფატიჰ ჯენგიზი (თურქეთი); 2. გელა ბოლქვაძე (საქართველო); 3. პაიამ აბდეჰ სალეჰ ბოვირი პაიანი (ირანი), ესენ ასანოვი (ყირგიზეთი).

85 კგ.
1. ერიკ ჟილვასი (უნგრეთი); 2. ივან ჰუკლეკი (ხორვატია); 3. ტონი ჰაიკი ჰერმან მეცომაეკი (ფინეთი), ისლამ აბასოვი (აზერბაიჯანი); 5. გურამ ხეცურიანი (საქართველო).

98 კგ.
1. ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი); 2. მატი ელიას კუოსმანენი (ფინეთი); 3. ფატიჰ ბასკოი (თურქეთი), აბუდოურექსიტი ალიმუჯიანი (ჩინეთი)... 8. კუკური კირცხალია (საქართველო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად უყუროტ დაცერეტ გტხოვტ.
BAJO
12:22 22-11-2017
0

სიახლეები პოპულარული