ერთ ჩემპიონატზე ორი ძმის გამარჯვებამ სრულიად საქართველო აალაპარაკა. უფრო მეტიც, ბევრმა მათი ჩემპიონობა მსოფლიო სენსაციად მონათლა.
თუ რა გზა გაიარეს რაჭველმა ფალავნებმა სოფელ პირველი ტოლიდან, ამის შესახებ ჩემპიონი ძმების დედა ელზა
- რა ასაკიდან დაიწყეს ბიჭებმა ჭიდაობაზე სიარული? ორივეს ერთდროულად გაუჩნდა ჭიდაობის მიმართ ინტერესი?
- ავთანდილი წლითა და ერთი თვით არის უფროსი ნიკოლოზზე. 12 წლის იყო, ჭიდაობაზე რომ შევიყვანეთ ძმასთან ერთად. ორივეს უნდოდა ჭიდაობაზე სიარული და ჩემი მეუღლის გადაწყვეტილებით, სოფელ ჭრებალოს საშუალო სკოლაში დაიწყეს ბიჭებმა ვარჯიში. მათი პირველი მწვრთნელი თამაზ მურუსიძე იყო. მინდა აღვნიშნო, რომ პატარა ასაკიდანვე გახდნენ წარმატებულები.
- როგორც აღნიშნავენ, დედებს უჭირთ, შვილების შეჯიბრს უყურონ... ადევნებთ ბიჭების ასპარეზობას თვალს?
- ვერ ვახერხებ იმ ქვეყნებში წასვლას, სადაც ჩემი შვილები საჭიდაოდ გამოდიან. ისე არ მაქვს საქმე აწყობილი, რომ მათ შეჯიბრს დავესწრო. ამიტომ ეკრანიდან ვუყურებ და ძალიან ემოციური ვხდები.
- ფაქტობრივად, მამამ დააყენა შვილები წარმატების გზაზე, როცა ისინი ჭიდაობაზე შეიყვანა. რა რეაქცია აქვს მათი გამარჯვების შემდეგ?
- სიტყვით არ შემიძლია იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობთ მშობლები, როცა შვილების წარმატების შესახებ ვიგებთ. მამა განსაკუთრებულად ღელავს და განიცდის, როცა ბიჭები ასპარეზობენ. ეს არის სპორტის ის სახეობა, სადაც ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩადო წარმატების მისაღწევად, ბევრი უნდა იშრომო. თუ შვილს არ გაუკაფავ გზას, არ დაეხმარები, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ. ძალიან რთული გზა გვაქვს გავლილი მთელ ოჯახს, იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს მიეღწიათ წარმატებისთვის. როგორღაც საკუთარი ფინანსებით ვახერხებდით, რომ შეჯიბრებებში გამოსულიყვნენ.
- ორივე ვაჟი რომ სპორტის ამ სახეობას გაჰყვა, როგორც დედას, რა რეაქცია გქონდათ?
- იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდათ ჩემს შვილებს ჭიდაობის, ვერ გავაპროტესდებდი მათ გადაწყვეტილებას. იციან თავიანთი საქმე, ძალიან იტვირთავენ თავს. შეიძლება მოვიდნენ, ერთი საათით გვნახონ და გაიქცნენ სავარჯიშოდ, რადგან ეს მათი პროფესიისთვის არის საჭირო. ჭრებალოში პატარა ბიზნესი გვაქვს და ამიტომ აქეთ ვართ. ისე, პირველი ტოლაც ჩვენი სოფელია, იქაც გვაქვს სახლი. თავად ბიჭები თბილისში, გლდანის ბაზაზე, 5 წელია სპორტსკოლაში ცხოვრობენ. საკუთარი სახლი ჯერ არ აქვთ.
- ძმები უზიარებენ, ალბათ, ერთმანეთს პროფესიულ რჩევებს...
- რა თქმა უნდა, ეკრანიდანაც კი ჩანს, როგორ გულშემატკივრობენ და აძლევენ ერთმანეთს მითითებებს. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ძმამ ძმას, ნიკოლოზმა ავთანდილს დაუთმო ასპარეზობა, რადგან ის უფროსი იყო.
იხილეთ სრულად Mshoblebi.ge-ზე
ავტორი: რუსკა კილასონია