საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება

AutoSharing Option
ჩვენთვის, ისევე, როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დამაფიქრებელი ინციდენტის შესახებ, რაც წინ უძღოდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ამასწინანდელ საანგარიშო ყრილობას. როგორც ირკვევა, ყრილობაზე მისული ჩვენი სახელოვანი ფალავანი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ორი ოლიმპიური მედლის მფლობელი ლუკა კურტანიძე, არასასურველი სტუმარი აღმოჩნდა ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის. როგორც თვითონ ამბობს, როცა მან მოკრძალებით ითხოვა ყრილობაზე დასწრების უფლება, ჯერ ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ, მერე კი გენერალურმა მდივანმა კარისკენ მიანიშნეს - აქ შენი ადგილი არ არის, ყრილობაზე არავის მოუწვევიხარო.

ნაცვლად იმისა, რომ
ჩვენი სპორტისთვის თავდადებული და განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნება, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი, საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვახტანგ გორგასლის და ღირსების ორდენების კავალერი ყრილობის დარბაზში საპატიო სტუმრისთვის განკუთვნილ ადგილას დაესვათ, იქ შეკრებილი საზოგადოების თვალწინ ზურგი შეაქციეს და კარისკენ მიუთითეს.

ფედერაციის ხელმძღვანელთა ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს ის ფორმალური მოტივი, რომ კურტანიძე ყრილობაზე მოწვეულთა სიაში არ ყოფილა და არც ის, რომ შესაძლო სტუმრობის თაობაზე ყრილობის ორგანიზატორები წინასწარ არ გაუფრთხილებია. ამ შემთხვევაში, არგუმენტად ვერ გამოდგება ვერც ყრილობის რეგლამენტი (თუ რომელიმე პარაგრაფი ამგვარს ითვალისწინებს), ან შესაბამისი მუხლი ფედერაციის წესდებისა (თუ ასეთი რამ წესდების რომელიმე მუხლით რეგულირდება). ამასთან ერთად, არსებობს ეთიკური და ზნეობრივი კანონები, ურთიერთობის წესი და ელემენტარული კეთილგონიერება, რომელიც გვავალდებულებს, პატივი ვცეთ და დავაფასოთ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სახელს და ღირსებას.

მით უმეტეს, თუ ამ ადამიანს გამორჩეული ღვაწლი აქვს ქართულ სპორტში, კონკრეტულად კი - ჭიდაობაში;

მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი არცთუ ისე დიდი ხნის წინ თავად ხელმძღვანელობდა ჭიდაობის ფედერაციას;

მით უმეტეს, თუ მისი დამსახურება ქართული სპორტის წინაშე შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე იმ ყრილობაზე შეკრებილი ადამიანებისა.

ჭიდაობის ფედერაცია, ისევე, როგორც ამ სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, არ გახლავთ რომელიმე კერძო დაწესებულება, რომელიც მოქმედებს კერძო ინტერესების შესაბამისად და აქვს შეზღუდული ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. პირიქით, ფედერაციის სტატუსისა და ქართული სპორტისთვის ჭიდაობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ფედერაციის ხელმძღვანელობა მოვალეა ერთგვარი ანგარიში ჩააბაროს გულშემატკივრებს, მათ შორის, ვეტერან ფალავნებს, იმ ხალხს, ვისი დამსახურებითაც ჭიდაობა ეროვნულ სპორტად იქცა საქართველოში. ჩვენ გვყავს მრავალი დიდი ჩემპიონი, რომელთა ცოდნა-გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია და გამოსაყენებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზით ჩამოცილებულია ფედერაციის მმართველობასაც და სამწვრთნელო საქმიანობასაც.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჭიდაობის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი საზოგადოების, ქართული სპორტის გულშემატკივრების წინაშე აკისრია. ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებული სამწუხარო ამბავი ერთი ეპიზოდია ამ საერთო სურათში. სხვათა შორის, ფედერაციის ბოლო ყრილობა, როგორც ჩანს, დახურული აღმოჩნდა მედიისთვისაც, რომელსაც, სავარაუდოდ, ექნებოდა ლეგიტიმური კითხვები ჭიდაობაში დღეს არსებულ ვითარებასთან და არაერთი მიმართულებით პოზიციების დათმობასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები კარს მოგვადგა, ჩვენ კი, ჯერჯერობით მხოლოდ ორი ლიცენზიანტი გვყავს ჭიდაობაში.

ვფიქრობთ, საერთო საქმისთვის უკეთესი იქნებოდა, ფედერაციას არა მხოლოდ ლუკა კურტანიძე, სხვა ვეტერანი მოჭიდავეები და სპორტის ხელმძღვანელი სტრუქტურების წარმომადგენლებიც მიეწვია ამ ყრილობაზე, რათა ერთად გვემსჯელა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ოთხწლეულის უმთავრეს შეჯიბრებაზე - პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულ გამოსვლას უკავშირდება.

სეოკ-ი იმედოვნებს, რომ ჭიდაობის ფედერაცია, მისი მმართველი ჯგუფი, საღი გონებით შეაფასებს აქ გამოთქმულ ჩვენს გულწრფელ გულისტკივილს და თუ ასე მოხდება, ამ ჯგუფს დასკვნის გაკეთება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა გაუჭირდეს.

სეოკ-ის აღმასკომი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზონდერობა ძალიან ფასეულია საქართველოში! იქ გოგოლაძეები გახდნენ მილიონრები, არც პორშეიანი წიკლაური იკლებს რამეს და რატო გაგიკვირდათ თუ გეგეშიძეც პარპაშობს?! დათო წიკლაურზე ნაკლები ზონდერია თუ შალვა გოგოლაძეზე?
ლაშა
05 დეკემბერი 2023 16:21
0
რაც გეგეშიძემ დათუნაიშვილს გაუკეთა,ჯერ ცემით და შემდეგ,მისთვის ყველა გზის გადაკეტვით,ეს რომ შერჩა,მიტომაა ჩემპიონობა,სანატრელი ხილი რომ გაუხდათ,ქართველ მოჭიდავეებს.ღირსება აყრილი კაცი,ჩემპიონი ვერ გახდება.დათუნაიშვილმა კი,მაგათ ჩამოწერილ მოჭიდავედ რომ გამოაცხადეს,რაკი აქედან გააღწია,იმაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვა,ვიდრე მთელმა საქართველოს ნაკრებმა,დროის ამ პერიოდში.სამწუხარო ის არის,რომ ეს ტიტულები,სხვა ქვეყნის სახელით მოიპოვა და ეს,მთლიანად გეგეშიძის სინდისზეა,თუ საერთოდ გააჩნია სინდისი.
სოსო
05 დეკემბერი 2023 02:08
0
რა თქმა უნდა, კაცს, რომელსაც მოქმედი მსოფლო და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის, ოლიმპიადის მედალოსანისა და პარიზის ოლიმპიადის ფავორიტის დათუნაშვილის ცემა და ქვეყნიდან გაგდება ხახვივით შერჩა, ვინაა მისთვის ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე? საქართველოს ოლიმპიური მედლების ძირითადი მომტანი ყოველთვის მოჭიდავეები იყვნენ. დღეს, მედალი კი არა ნახევარი გუნდითაც ვერ წავალთ ოლიმპიადაზე. ალბათ ურმის გადაბრუნებას ელოდებოდა სპორტის სამინისტრო დროზე, რომ არ მოაშორა ჭიდაობას ეს არაპროფესიონალი ხალხი, ქართული ჭიდაობარომლებმაც ჭიდაობა კარგახნით ჩამოაშორეს მსოფლიოსა და ოლიმპიადის კვარცხლბეკს.
ჟორა გაბრიჭიძე
04 დეკემბერი 2023 23:00
0
ნეტა რა და ვისი საიდუმლება იცის ასეთი ამ გეგეშიძემ, რომ ვერავინ ვერაფერს უბედავს და ვერ იშორებენ.
ტტტ
04 დეკემბერი 2023 22:10
0
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დათუნაშვილის გამო უნდა მოეხსნათ.
გვესმის ,რომ პარტიული ნიშნითაა,მაგრამ ლუკა კურტანიძე მანდაც გაცილებით მაღლა დგას,ათასჯერ მეტი აქვს გაკეტებული ნაცების მოსაშორებლად,სპორტულ მიღწევებზე აღარ არის საუბარი.
ერთხელ მაინც ეყოთ კაცობა და გადაგეს ფედერეაცის ხელმძღვანელი პირები,ვიდრე სრული მარგინალიზაციაა დამართნიათ ნაცებივით
ადამიანი
04 დეკემბერი 2023 22:04
1
რატომ და რის საფუძველზე მოელის ვინმე ჭიდაობის ფედერაციისგან მაღალ სპორტულ შედეგებს გაუგებარია.რცა ამ ფედერაციის 3პრეზიდენტმა ევროპის ჩემპიონ დათუნაშვილს რკინის ჯაჭვით სცემა ხმა არავის ამოუღია.არც მაშინ ამოუღიათ ხმა როცა კურტანიძის ხალხმა ვეტერანი სპორტსმენი თემურ ყაზარაშვილ ფედერაციის შენობაში გალახეს.ასე გრძელდება და დიდხანს იქნება ასე სანამ პოლიტიკური ნიშნით მოხდება ფედერაციის დაკომპლექტება და სპორტსმენებს მაღალი შედეგების მიღწევა აკრძალული ექნებათ ვინძლო რუსებს არ გადაასწრონ,თავად კი ბევრი ფული იშოვნონ.ძიუ დოს 4 ფინალის სამარცხვინოდ ,,ჩაბარების,, შემდეგ პირადად მე ჭიდაობას აღარც ვუყურებ.ერის სირცხვილია ის ყველაფერი რაც დღეს ქართულ კულტურასა და სპოტში ხდება.პ.ს.ვიცი,რომ არ გამოაქვეყნებთ,მაგრამ გულისტკივილს ვეღარ ვმალავ.წაიკითხავთ მაინც.ერისკაცობა რომ გამოიჩინნოთ დაბეჭდავთ,მაგრამ...
გიორგი ჯანიკაშვილი
04 დეკემბერი 2023 20:40
5

სიახლეები პოპულარული