დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?

AutoSharing Option
დიდი შანსია, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძეს (97) პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი გადაეცეს. ეს მას შემდეგ გახდა რეალური, რაც იმ თამაშების ვიცე-ჩემპიონს, ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ოს თეიმურაზ თიგიევს იმ თამაშების სინჯში დოპინგის, კონკრეტულად კი, ტურინაბოლის კვალი აღმოუჩინეს.

ამის შესახებ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ, რომელმაც ათი დასჯილი სპორტსმენის სიაც გამოაქვეყნა, რომელშიც მოხვდნენ ათლეტები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, კუბიდან და ესპანეთიდან.

ყველა პარამეტრით, პეკინის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონად გოგშელიძე უნდა გამოცხადდეს, რადგან მესამეპრიზიორთაგან მან წააგო თიგიევთან და არა აზერბაიჯანელმა ხეტაგ გოზიუმოვმა.
საქმეს მხოლოდ ყაზახების გაპროტესტება თუ გააჯანჯლებს, თორემ მეტი არაფერი.

თუმცა ამის შესახებ ჯერ არც ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებულ ფედერაციას დაუწერია რამე, არც ჩვენს ფედერაციაში მოსულა ოფიციალური შეტყობინება და არც თავად სპორტსმენს დაკავშირებია ვინმე. როგორც თავად გოგშელიძემ გვითხრა, მანაც მხოლოდ ყურმოკვრით, ჭორის დონეზე იცის, რომ თიგიევის სინჯი საეჭვოა, დანარჩენზე კი საქმის კურსში არაა.

სამაგიეროდ, როგორც გითხარით, თიგიევის დოპინგის ამბავი დაადასტურა მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ - ვადა-მ, რაც ყველაზე უტყუარი წყაროა.

შეგახსენებთ, რომ გოგშელიძე თიგიევს ნახევარფინალში შეხვდა და ყაზახთა ოსმა ლამის ქუჩური ბრძოლის ილეთები გამოიყენა მის წინააღმდეგ, შედეგად კი ისედაც თავშეხვეულს თვალიც გვარიანად დაუზიანა.

თუმცა თიგიევების დოპინგ-ეპოპეა ამით არ დასრულებულა - ვადა-ს მიერ ზემოხსენებულ დასჯილთა სიაშია თეიმურაზის უმცროსი ძმა, უზბეკეთის სახელით მოჭიდავე სოსლან თიგიევი (74). მას უკვე მეორე ოლიმპიურ მედალს ართმევენ - წინა სინჯებზე ლონდონში მის მიერ მოპოვებული ბრინჯაო უნგრელ გაბორ ჰატოშს გადასცეს, ახლა კი პეკინურ ვერცხლზეც დააბანინებენ ხელს. ამ მედალს ბელორუსთა დაღესტნელი მურად გაიდაროვი მიიღებს, მის ბრინჯაოს კი რუმინელ სტეფან გეორგიტას გადასცემენ.

არადა, პეკინში თიგიევმა წინასწარ შეხვედრებში საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ემზარ ბედინეიშვილს მოუგო, თუმცა მას შემდეგ შეხვდა გაიდაროვს და ის მედალოსანთა სიაშიც ამიტომაა ქართველზე წინ. თავის მხრივ, გაიდაროვმა პეკინში ჩვენი სახელით მოჭიდავე გელა საღირაშვილს აჯობა, თუმცა გეორგიტასაც ამის შემდეგ, დამამშვიდებლის ფინალში შეხვდა.

ამასობაში გაირკვა, რომ ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია საყოველთაო თანხმობით ერთ გამონაკლისს დაუშვებს და ვერცხლის მედალს არ ჩამოართმევს ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონის, აწ გარდაცვლილი ბესიკ კუდუხოვის (66) ოჯახს, რომელსაც სიკვდილის შემდეგ ასევე დაუმტკიცდა დოპინგის გამოყენება. ეს ვერცხლი ინდოელ იოგეშვაარ დუტის უნდა მიეღო, მაგრამ მან იმთავითვე რაინდული ჟესტი გააკეთა, როცა განაცხადა, რომ გარდაცვლილის ოჯახს გულს მეორედ არ ატკენდა და არ აიღებდა ამ მედალს.

სხვათა შორის, იყო ლაპარაკი, რომ თითქოს დოპინგის მოხმარება უმტკიცდებოდა ლონდონის ფინალში კუდუხოვის მომგებ აზერბაიჯანელ ტოგრულ ასკეროვსაც, თუმცა ეს ხმები მიჩუმდა და ბაქომაც ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მის ფალავანს არ დაუდასტურდა ბრალდება.

ჯერჯერობით როგორღაც მიყუჩდა და არაფერი ისმის უზბეკთა კიდევ ერთი ოსის, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონობამდე ჩამოლაბორანტებული არტურ ტაიმაზოვის (130) მეორე დოპინგზე. შეგახსენებთ, რომ მას უკვე ჩამოართვეს სამი ოლიმპიური ოქროდან ერთი, სწორედ პეკინში მოპოვებული, რის გამოც ოლიმპიურ ჩემპიონად რუსთა დაღესტნელი ათლეტი ბახტიარ ახმედოვი გამოცხადდება. მეორე ადგილზე რუსთა ქართული წარმოშობის მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, იმხანად სლოვაკეთის სახელით მოჭიდავე დავიდ მუსულბესი აინაცვლებს, ბრინჯაო კი კუბელ დისნეი როდრიგესს გადაეცემა.

ინტენსიურად საუბრობდნენ, რომ მისი ლონდონური სინჯიც საეჭვო იყო, რაც ყველაზე მეტად ჩვენ გვაწყობდა - მაშინ ოლიმპიურ ჩემპიონად დავით მოძმანაშვილი გამოცხადდებოდა, მაგრამ, როგორც გითხარით, ამ თემაზე ჯერ სიახლე არაფერია.

სამაგიეროდ, ამასობაში ისევ ჭორის დონეზე კიდევ ორ ეჭვმიტანილ ფალავანს ასახელებენ. ამჯერად უკრაინიდან - ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვალერი ანდრეიცევზე (97) თავისუფალ ჭიდაობაში და პეკინური თამაშების მესამეპრიზიორ არმენ ვარდანიანზე (66) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ვიმეორებთ - ეს მხოლოდ ჭორის დონეზე მოარული ხმებია, თუმცა იმთავითვე, როცა ვადა-მ დასჯილთა პირველი სია გამოაქვეყნა, რუსულ-კავკასიურ საჭიდაო ფორუმებზე მაშინვე იწერებოდა, რომ ეჭვმიტანილთა სიაში იყვნენ რუსი, უზბეკი და უკრაინელი ფალავნები.

შეგახსენებთ, რომ ძველი სინჯების შემოწმება ახალი ტექნოლოგიებით გახდა შესაძლებელი, რომელიც მაშინდელზე ბევრად მეტ შესაძლებლობას იძლევა. შედეგად, პეკინისა და სიდნეის თამაშების 1243 სინჯია გადამოწმებული. აქედან 98-ს დაუდასტურდა დოპინგის მოხმარება. მათ შორის 60 პეკინის თამაშების მედალოსანია, 38 - ლონდონის, თუმცა შემოწმება ჯერ ისევ გრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
rogorc ertma jkvianma dporcmenma twva me eg medsli im wutas mindoda roca vibrzodi tore exla maseti medlis fasi groshiao.... esea simartlesa
0
ირაკლი, დიდ პატივს გცემთ, მაგრამ, აბა, მითხარით, რამდენად სწორია, როცა წერთ „ორგზის მსოფლიო ჩემპიონობამდე ჩამოლაბორანტებაზე“? :) მსოფლიო ჩემპიონობა და მით უფრო ორგზის ჩემპიონობა დიდი მიღწევაა. უბრალოდ, ერთ ვარსკვლავს ააცლიან სამხრეებიდან და ეგაა :)
ძია
18:09 27-10-2016
0

სიახლეები პოპულარული