ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა sportbusinessmag.com-მა საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" მორაგბესთან, ბექა გორგაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საუბარი საქართველოს ნაკრებს, მოახლოებულ მსოფლიო თასს, ტრავმას და მის ფრანგულ კარიერას ეხება.

ინტერვიუს უცლელად გთავაზობთ:

- ბექა, გააცანი თავი ჩვენს მკითხველს...

- მე დავიბადე 1996 წლის 8 თებერვალს საქართველოში, თბილისთან მდებარე პატარა ქალაქში. მთელი ბავშვობა იქ გავატარე და რაგბის თამაშიც დავიწყე.

- ვინ არიან მსოფლიო რაგბიში შენი კერპები?

- როგორც ყველა ქართველისთვის, ჩემი კერპიც მამუკა გორგოძეა. მამუკა საქართველოში ნამდვილი ლეგენდაა, ყველას სურს, მისნაირი კარიერა ჰქონდეს. საფრანგეთში მის გამო წამოვედი. ხოლო რაც შეეხება არაქართველ მოთამაშეებს, კიერან რიდი და დუან ვერმეულენი 8 ნომრის პოზიციაზე ჩემი ფავორიტები არიან.

- საფრანგეთში როგორ და რა ასაკში ჩამოხვედი?

- საფრანგეთში 2014 წელს ჩამოვედი. მაშინ 18 წლის ვიყავი. იმ წელს პოლონეთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ვითამაშე. ტურნირზე სამი მატჩი გავმართეთ და კარგადაც ვითამაშე. როცა სახლში დავბრუნდი, ფრანგი აგენტი დამიკავშირდა და რამდენიმე თვეში აქ აღმოვჩნდი.

- ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოება დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ამან შენ გადმოსვლაში რაიმე როლი ითამაშა?

- ქართველებისთვის საფრანგეთში სათამაშოდ ჩამოსვლა ნამდვილი შანსია. 2000-იანი წლების შემდეგ ბევრმა მოთამაშემ გაიკვალა ეს გზა. როცა აქ გადმოვედი, თავიდან ყველაფერი მარტივი არ იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კლუბში ვთამაშობთ, ერთმანეთთან მაინც ახლოს ვართ.

- რა მოგონებები გაკავშირებს შენს პირველ კლუბთან საფრანგეთში?

- შესანიშნავი მოგონებები, აქ ულამაზესი 4 წელი გავატარე, უკანასკნელის გარდა, რადგან ტრავმამ მოედანს დიდი ხნით დამაშორა. შანსი მომეცა და პროფესიონალი მოთამაშე გავხდი.

- "ბორდოში" გასულ ზაფხულს გადაბარგდი. როგორ შეეგუე ახალ კლუბს?

- ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა, დრო ცოტა მქონდა, თუმცა ზაფხულის მოსამზადებელ ამხანაგურ მატჩებში გუნდთან ინტეგრაცია მოვახერხე.

- გუნდში ორი თანამემამულე დაგხვდა. ამანაც დააჩქარა შენი ინტეგრაცია?

- რა თქმა უნდა. ჩემთან ერთად კლუბში 4 ქართველი მოთამაშეა (ორი მთავარ გუნდში და ორი ახალგაზრდულში.) ჩვენ სულ ერთად ვართ მოედანსა და მის გარეთ. წინა გუნდში მარტო ვიყავი. ვფიქრობ, რომ "ბორდოში" ჩემ გადასვლაში როლი ამანაც ითამაშა.

- ჩემპიონატის დაწყების შემდეგ მოედანზე 12-ჯერ გამოხვედი. ელოდი, რომ ამდენი თამაში მოგიწევდა?

- ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. ზაფხულში, როდესაც მოვედი, მხოლოდ 1 შეხვედრა მქონდა გამართული. შანსი მომეცა და გამოვიყენე.

- რომელი გირჩევნია: მესამე ხაზში ფლანგზე თამაში თუ ცენტრში?

- ცენტრში თამაშს ვამჯობინებ, მაგრამ "ბორდოში" მოსვლის შემდეგ ვიცოდი, რომ სხვა პოზიციაზეც მომიწევდა თამაში.

- რამდენწლიან კონტრაქტზე გაქვს ხელი მოწერილი?

- ზაფხულში სამწლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. ამ წლის შემდეგ კიდევ ორი მრჩება.

- როგორ შეაფასებ სეზონის სტარტს "ბორდოს" რიგებში?

- "პარიზთან" წაგების შემდეგ ცუდი ფაზა დაგვეწყო. შემდეგ "აჟენთან" წავაგეთ, "მონპელიესთან" კი ფრედ ვითამაშეთ.

- TOP 14-სა და PRO D2-ს შორის რა განსხვავებაა?

- ამ ორ ჩემპიონატს შორის ორი დიდი განსხვავებაა. პირველი - TOP 14-ში თამაშის სისწრაფე განსხვავებულია, გადაწყვეტილების მიღება უფრო ჩქარა გვიწევს. მეორე კი პრესინგია, ამ ტურნირში უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

- ამ მომენტისთვის ჩემპიონატში მე-7 ადგილს იკავებთ. რა არის მთავარი მიზანი?

- ცხრილი ძალიან მჭიდროა, მე-7 ადგილზე ვართ, თუმცა მეექვსე პოზიციასთან მხოლოდ ერთი ქულა გვაშორებს. ჩვენი მიზანი ფინალურ ეტაპზე თამაშია. ამისთვის ექვსეულში უნდა მოვხვდეთ და გრძელი სეზონის განმავლობაში არაფერია მიუღწეველი.

- როგორ ახსნი "ბორდოს" წარუმატებლობას "ჩელენჯ თასზე"?

- წარუმატებლობაზე საუბარი არ მსურს. იდეალურად არ დაგვიწყია, მაგრამ ყველაფერი წინაა.

- "რასინგთან" თამაშის შემდეგ საზოგადოებამ უკეთესად გაგიცნო. როგორ ფიქრობ, ეს შენთვის გარდამტეხი მატჩი იყო?

- მატჩამდე დიდი პრესინგის ქვეშ ვიყავი, ეს ჩემთვის პირველი საშინაო შეხვედრა იყო. მინდოდა ყველაფერი კარგად გამეკეთებინა და თამაშიც კარგად წავიდა, დამთავრებული არაფერია. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი მაქვს და წინ მივიწევ.

- "პაუსთან" მატჩში მოედნიდან გაგაძევეს. როგორ გგონია, ეს სასჯელი სამართლიანია?

- სირცხვილია. კარგად დავიწყე, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ მსურს. მსაჯის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თუმცა, ცხადია, რომ სამკვირიან დისკვალიფიკაციას არ ველოდი. საბედნიეროდ, სანაკრებო მატჩები მოდის და ფორმის შენარჩუნებას მოვახერხებ.

- რამდენიმე კვირის წინ არავინ გიცნობდა. როგორ უმკლავდები მედიის მოულოდნელ დაინტერესებას?

- ამას პოზიტიურად ვიღებ. ახლა ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რომ იმ ხალხის და "ბორდოს" გულშემატკივრების იმედები გავამართლო, ვინც ჩემით დაინტერესებულია.

- შენ არ ხარ ერთადერთი ქართველი, რომელმაც სეზონის დასაწყისში გაიბრწყინა. რას ფიქრობ გურამ გოგიჩაიშვილზე?

- ის საფრანგეთში ზაფხულში ჩამოვიდა, ჯერ ფრანგულადაც ვერ საუბრობს და უკვე "რასინგის" უდავო ლიდერია, რაც მის ტალანტს კარგად აჩვენებს. მასთან ერთად საქართველოს ნაკრებში ნოემბრის ტესტებში ვითამაშე და ძალიან გახსნილი ადამიანია. მასთან ერთად თამაში დიდი პატივია.

- ნოემბრის ტესტებმა როგორ ჩაიარა?

- თუ გუნდური შედეგიდან გადავხედავთ, სამ თამაშში ორის მოგება კარგი შედეგია. ჩვენ უკვე მსოფლიო თასისთვის ვემზადებით.

მე ტრავმის გამო გუნდს რამდენიმე თვის შემდეგ შევუერთდი, თუმცა მწვრთნელები მენდნენ და სამჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავსახელდი.

- რა სტატუსი გაქვს ეროვნულ გუნდში?

- სტატუსებზე საუბარი ნაადრევია. მე გუნდში ახლახან დავბრუნდი და ყველაფერს მოგვიანებით ვნახავთ.

- მსოფლიო თასი ახლოვდება, ამაზე ფიქრობ?

- დიახ, ვფიქრობ. ეს ჩემი მიზანი და ბავშვობის ოცნებაა. 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი, თუმცა მონაწილეობა ვერ მივიღე. იქ ყოფნა მინდოდა, თუმცა იმედი მაქვს, ამ წელს ეს გამომივა.

- D ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ურუგვაი და ფიჯია. რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს?

- მსოფლიო თასზე მარტივი მატჩები არ არსებობს. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა ჩვენი ძალების გვწამს. მიზანი მინიმუმ ორი თამაშის მოგებაა, თუმცა რატომაც არ უნდა ვიფიქროთ სიურპრიზებზე?

- საფრანგეთის ჩემპიონობა "ბორდოსთან" ერთად თუ მსოფლიო ჩემპიონობა საქართველოსთან ერთად?

- ცხადია, მსოფლიო ჩემპიონობა მსურს. ეს ნებისმიერი მორაგბის ოცნებაა, მაგრამ "ბორდოსთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონობაც შესანიშნავი იქნება.

- რა პირადი მიზნები გაქვს?

- მინდა მსოფლიო თასზე მონაწილეობა მივიღო და კარგად ვიასპარეზო, ეს მხოლოდ შრომით შეიძლება გამოვიდეს.

- რა უნდა გისურვოთ სეზონის ბოლოსთვის?

- ჯანმრთელობა, განსაკუთრებით, ტრავმის არმიღება. "ბორდოს" რიგებში კი ექვსეულში მოხვედრა და ამის შემდეგ ტიტულზე ოცნებაც შეიძლება.

beso
წარმატებები ბიჭებო იმედი მაქვს ორს კიარა სამ თამაშსაც მოვიგებთ მე მჯერა თქვენი.
კახა
ბევრი უნდა იშრომოთ პირველ რიგში ნაკრებში გაახარეთ სამშობლო ჰეიგი კარგი კაცია მაგრამ თქვენც უნდა აიღოთ ინიციატივა შიგნიდან უფრო ჩანს ვის რა და როგორ შეუძლია ერთად უნდა გადაწყვიტოთ როგორ და რა დაუპირისპიროთ მოწინააღმდეგეს რომ საჭირო შედეგი დადგეს წარმატებები ლომებო ყველა თქვენს გვერდით ვართ უფალი ფარავდეს ქართველ ნორაგბებს და უფალი იფარავდეს საქართველოს.
დავითი
ძალიან სწორად და გაწონასწორებულად აფასებს სიტუაციას, თან უნიჭიერესი ვაჟკაცია. ტრავმები აშოროს ღმერთმა და ეჭვი არ მეპარება დიდ წარმატებას მიაღწევს, რასაც სულით და გულით ვუსურვებ!
გლახუნა
ფიზიკა, ფიზიკაზე მუშობა გჭირდებათ ბიჭებო, წინა თაობები ამით იყო განთქმული და სერიოზული წარმატებებიც მით მაღწიეს, ახალი თაობა სისწრაფეში და ბურთაობაში ჯობიხართ, მაგრამ ფიზიკაში თუ გაუტოლდებით ... მათზე მეტ წარმატებებს მიაღწევთ და მთელ ერს ძლიერ გაგვახარებთ (!)
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
ბექა გორგაძე: ფინალის მოსაგებად დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს