საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ახალ ერას იწყებს. გუნდის მთავარ მწვრთნელად ვეტერანი ბორჯღალოსნის - გიორგი ნემსაძის დანიშვნის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბი კიდევ ორი ვეტერანი ბორჯღალოსნით გაძლიერდა.

შერკინების მწვრთნელად ცენტურიონი კვაჭი, შალვა მამუკაშვილი დაინიშნა, ხოლო ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი ხაზთან იმუშავებს. გუნდში რჩებიან ასევე ვეტერანი ბორჯღალოსანი, შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი და დაცვის მწვრთნელი პაატა მაისურაძე.

„ზურაბ ამონაშვილს დიდი და შრომატევადი სამუშაო აქვს ჩატარებული, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი“ - ამბობს გიორგი ნემსაძე და განაგრძობს - „პაატა მაისურაძეს და მიშა სუჯაშვილს უდიდესი გამოცდილება აქვთ და ძალიან დიდ დახმარებას მიწევენ ორგანიზებასა და სამომავლო გეგმების დაგეგმვაში. მათი გამოცდილება კოლოსალური და ფასდაუდებელია და მათ გარეშე ბევრი რამ ძალიან გართულდებოდა“.

„რაც შეეხება ახალ სახეებს, მე და შალვა მამუკაშვილი წლების განმავლობაში ერთად ვთამაშობდით. კვაჭი, პოზიციიდან გამომდინარე, თავიდანვე ფლობს გუნდის ლიდერობისთვის საჭირო თვისებებს და თამაშის დროსაც მოედანზევე აქვს სამწვრთნელო უნარები. ის იმუშავებს კვაჭების ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაზე და მთელს პირველ ხაზთან მიხეილ სუჯაშვილთან ერთად. შალვა ძალიან კარგი პიროვნებაა და ვფიქრობ, ერთ-ერთი ნათელი წერტილი იქნება ნაკრების სამწვრთნელო ვერტიკალში“.

„ირაკლი ყიასაშვილი დიდი ხანია ‘ლელოში’ მუშაობს. მასაც ახალი დანებებული აქვს თამაშზე თავი და ‘ლელოს’ აკადემია ჩაიბარა, სადაც კარგად გამოჩნდა მისი დადებითი მხარეები. გუნდში ფაქტობრივად ერთი თაობის მორაგბეები ვართ და ვფიქრობ, ყველანი ერთად ახალ ენერგიასა და სასარგებლო სიახლეებს შევიტანთ 18-წლამდელთა ნაკრებში“.

„საქართველოს ნაკრებში მუშაობა, ჩემთვის არის საამაყო და საპასუხისმგებლო საქმე. როდესაც საუბარია საქართველოს ნაკრებზე და ეროვნულ ჰიმნზე, ეს ჩემთვის არის ამაღელვებელი და ამავდროულად, მძიმე ტვირთი და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომელთაც ზუსტად ასეთივე განცდა აქვთ, ვეცდები დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გავართვა“.

ნემსაძე ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი მეტი თამაში იქნება, რაც ახალგაზრდებს ინდივიდუალური უნარების დახვეწაში დაეხმარება:

„ზოგჯერ ჩვენ გვავიწყდება, რომ რაგბი თამაშია და ჩვენც უნდა ვითამაშოთ. სადაც აქამდე მიმუშავია, ჩემი მიზანი ყველგან იყო მეტი რაგბი და თამაში, ასე იქნება ახლაც. მთელს სარაგბო სამყაროში ეს არის განვითარების ასაკი, სადაც მოგებაზე უფრო მნიშვნელოვანი კომპლექსების გარეშე თამაშია“.

„რა თქმა უნდა გვექნება სისტემური რაგბიც, დარტყმა-ახურვის თამაშიც. მე არ ვამბობ, რომ სულ ხელით ვითამაშებთ და ყველა ბურთს ხელით წამოვიღებთ. ეს ასე არ იქნება. ძალიან მომწონს სისტემური და ტაქტიკური რაგბი, მაგრამ ეს უნდა იყოს დაფუძნებული უნარებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ ღია თამაშში უნარებს“.

„ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია მოთამაშეებისთვის პრიორიტეტების დასახვა. მინდა, რომ ყველას ქონდეს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას კარგად იაზრებდეს. მოთამაშეები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული გუნდის ცხოვრებაში, მიიღებენ გადაწყვეტილებებს როგორც შეტევითი, ასევე დაცვითი რაგბის და სტატიკური ფაზების დაორგანიზებაში. მათ უნდა გაითავისონ, რომ ჩვენ ყველანი ერთი მთლიანის ნაწილი ვართ“.

„დღევანდელ რაგბში კომბინაციები ისეა დახვეწილი, რომ თეორიულად, ხაზს ნებისმიერ გუნდს გაუჭრი, მაგრამ აქ უკვე გადამწყვეტი ხდება ჩვენი უნარები. როდესაც მოედანზე ვიყავი, ყველაზე კარგად მე ვიცოდი რისი გაკეთება შემეძლო. მწვრთნელმა შეიძლება მოგცეს დავალება, რომელსაც ვერ შეასრულებ. ამიტომ, ჯერ უნდა შევთანხმდეთ შეგვიძლია თუ არა რაიმე კონკრეტულის შესრულება და მერე მის აღსრულებაზე ვიყოთ პასუხისმგებელი“.

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გიორგი ნემსაძე ქუთაისის ‘აიას’ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და სრულად ჩაერთვება ჭაბუკთა განვითარებაში:

„‘აია’ ყოველთვის იქნება ჩემს გულში, მაგრამ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მასთან პროფესიულ კავშირს ვწყვეტ. 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელობა რთული და შრომატევადი საქმეა, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს“.

„მომავალი სეზონიდან მაქსიმალურად ვიქნები ჩართული ა ლიგისა და ზოგადად ასაკობრივი კლუბების საქმიანობაში, იქნება ეს მენტორული საქმიანობა თუ მასტერკლასები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ უნარებიანი მოთამაშეების შექმნა, რომელთაც ამ უნარების მაღალ წნეხში გამოყენება შეეძლებათ. ძალიან რთულია ამ ყველაფრის ერთ კვირიან, თუნდაც ერთთვიან შეკრებაზე მოხერხება. ეს მხოლოდ ერთობლივი მუშაობით მიიღწევა და მუდმივი კონტაქტი მექნება ჭაბუკთა ლიგის მწვრთნელებსა და მენეჯერებთან. მწვრთნელების მიზანი უნდა იყოს, რომ მათი აღზრდილი რაც შეიძლება მეტი მოთამაშე მოხვდეს ნაკრებში. ვფიქრობ, ეს მიდგომა მოგვცემს იმ ხარისხის მოთამაშეებს, რაც დაგვაახლოვებს ტიერ1-ის ქვეყნებთან“.

Rugby.ge

რა გეგმებზეც გიორგი ნემსაძე ლაპარაკობს,სწორედ ის არის,რაც ქართულ რაგბს ყველაზე ძალიან სჭირდება.ღმერთმა არ ქნას და მიზანს თუ ვერ მიაღწია,ჩვენი რაგბი აუცილებლად დათმობს პოზიციებს და რაგბის პოპულარობაც დაიკლებს,ქვეყანაში.რა თქმა უნდა ყველაფერს მხოლოდ გია ვერ გამოასწორებს,მაგრამ კლუბებთან მუშაობაში სწორედ მაგაზე ისაუბრებდნენ და რაკი ზუსტად ვიცით,რომ მწვრთნელებსაც სურთ ქართული რაგბის აღმავლობა,დარწმუნებული ვარ,ერთობლივად დაძრავენ პროცესს.რაც მალე შეძლებენ,მით სწრაფად აღმოვფხვრით ჩამორჩენას.აგერ,ერთი,ნინიაშვილი გამოჩნდა,თანამედროვე უნარებით რომ გამოირჩევა და ვნახეთ,როგორი მოწონება გამოიწვია მისმა თამაშმა,გულშემატკივრებში.დღეს ბავშვებს სამაგალითო ქართველი ვარსკვლავი უკვე ჰყავთ და მისი მაგალითი,მწვრთნელებსაც ძალიან დაეხმარება. წარმატებებს ვუსურვებ,გიას და მის გუნდს.
alexandre
წარმატებებს გისურვებთ, გიორგი! გვახსოვს შენი ჯიგრული (!) თამაში, თავდადება! იგივე ჩაუნერგე ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს და ყველაფერი კარგად იქნება!
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ
ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
U19 | საქართველო 6:2 ყაზახეთი
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა
18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე