რაულ გონსალეს ბლანკო 40 წლისაა
"ეს შენი სახლია. შენ ჩვენი გული ხარ. ეს შენი ტრიბუნებია" - "რეალის" გულშემატკივრებმა სწორედ ასეთი ბანერი გამოფინეს იმ დღეს, რა დღესაც კრიშტიანო რონალდო "სამეფო კლუბის" ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფორვარდი გახდა. ფეხბურთელს, რომელსაც მან გადაასწრო, რაულ გონსალეს ბლანკო ჰქვია. ამ ბანერით ძალიან ბევრი რამ ითქვა.

რაული უკვე ხუთი წელია, აღარ თამაშობს ფეხბურთს. რა თქმა უნდა, იზრდება იმ გულშემატკივართა რაოდენობა, რომლებიც მხოლოდ გადმოცემით იცნობენ "რეალის" ლეგენდას და არ ახსოვთ მისი თამაში. არადა, როგორ გინდა, რაულზე ისაუბრო მხოლოდ ფაქტებით. რა მშრალი სტატისტიკა დაიტევს იმას, რასაც ის წლების განმავლობაში აკეთებდა მინდორზე.

არადა, იყო დრო, როცა რაულმა თავად გადაასწრო მეორე ლეგენდას ციფრებით. ამის თაობაზე 2009 წლის 1-ლი თებერვლის "მარკა" იტყობინებოდა. რაულმა მაინც შეძლო და მის დიდ წინამორბედს გადაუსწრო. ამის გასაკეთებლად მას ბევრი ოფლის ღვრა დასჭირდა. მან მეორე ახალგაზრდობა იპოვა "რეალში" და ეს მაინც შეძლო.

2006/07 წლების სეზონის ფინალი "რეალის" ლეგენდისათვის ძალიან მძიმე იყო. კრიზისი თანდათან გაღრმავდა. უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში რაულის ანგარიშზე მხოლოდ 21 გოლი იყო. გონსალეს ბლანკომ საკლუბო იერარქიაში შედარებით უკანა პლანზე გადაინაცვლა. ამასთან ერთად, მან ესპანეთის ნაკრებშიც დაკარგა ადგილი. ადამიანი, რომელიც მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთეს დასაწყისში ესპანური ფეხბურთის სახე იყო, თანდათან შეავიწროვეს და უკანა პლანზე გადაიყვანეს შედარებით ახალგაზრდა მოთამაშეებმა.

2007 წლის ოქტომბერში ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის არაგონესს "ფურია როხას" გულშემატკივრებმა ნამდვილი ობსტრუქცია მოუწყვეს.

"იცით, რამდენჯერ იყო რაული მსოფლიოს ჩემპიონატზე? სამჯერ! და ევროპის ჩემპიონატზე? ორჯერ! იცით, რამდენია სამს პლუს ორი? ხუთი! და რამდენი ტიტული მოიგო ესპანეთმა რაულთან ერთად? ნული!" ასე უთხრა ესპანელ ქომაგებს არაგონესმა, რომლებიც მწვრთნელს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ რაულის უგულებელყოფისათვის და ნაკრებში მის სასწრაფოდ დაბრუნებას მოითხოვდნენ.

დიდმა, მაგრამ ძალიან თავისებურმა მწვრთნელმა რაულის სამსახურზე უარი საბოლოოდ თქვა გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ. და ეს მან გააკეთა საზოგადოების არნახული წნეხის პირობებში. არაგონესისათვის რაული წარსული ეპოქის სიმბოლოდ რჩებოდა, იმ ეპოქისა, რომელშიც ესპანეთის ნაკრები ვერაფერს იგებდა და საამაყოდ მხოლოდ ის თუ ჰქონდა, რომ შემადგენლობაში მაღალი დონის ინდივიდუალისტები ჰყავდა.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ნაკრებმა რაულის გარეშე ყველაფერი მოიგო, გამორიცხულია, ტანში ჟრუანტელმა არ დაგიაროს, როცა გაიხსენებ, თუ როგორ კოცნიდა სულ ახალგაზრდა რაული საქორწინო ბეჭედს ყოველი გატანილი გოლის შემდეგ და რა სიმსუბუქით გაჰქონდა გოლები მას მოწინააღმდეგეთა კარში.

კაპიტნის სამკლავური მას უფრო და უფრო უხდებოდა. ჯერ კიდევ სამი თვით ადრე, სანამ ხუანდე რამოსი კონტრაქტს გააფორმებდა მადრიდულ კლუბთან, ის მომავალ მთავარ მწვრთნელთან ერთად სადილობდა რესტორანში და გუნდის თამაშში შესატან ცვლილებებს მასთან ერთად განიხილავდა. მას ყველა აფასებდა. დღესაც კი შეუძლებელია ისეთი ფეხბურთელის მონახვა, ვინც ცუდს იტყვის რაულზე. ჩვენ მხოლოდ ერთ სტატისტიკურ მაჩვენებელს მოვიყვანთ - 20 წელი ფეხბურთში და არც ერთი წითელი ბარათი!

მართლაც ძალიან რთულია, გაატარო "რეალში" 17 წელი, შეიცვალო ამდენივე მწვრთნელი და ექვსი პრეზიდენტი. გამოიცვალო უამრავი პარტნიორი და იყო სულ მოწოდების სიმაღლეზე. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

"რეალში" მოგება ჩვეულებრივი ამბავია. როცა "შალკე" იგებს, მთელი გელზერკირხენი ზეიმობს. ეს არის ნაღდი დღესასწაული. ჩემთვის ამის შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მეხმარება, უკეთესად გავიგო ფეხბურთი", - თქვა გონსალეს ბლანკომ 2011 წლის აპრილში, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წინ, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედთან" ითამაშა მისმა ახალმა გუნდმა.

ამბობენ, რომ "რეალიდან" თავისი ნებით არავინ მიდის. ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რაულის შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა თავად ფეხბურთელი მის წასვლას "სამეფო კლუბიდან" სხვანაირად ხსნის.

"მე უნდა წავსულიყავი "რეალიდან". იქ ფეხბურთით სიამოვნებას უკვე ვეღარ ვიღებდი. "შალკეში" წნეხი თითქმის არ იყო. მე შემეძლო მეფიქრა მხოლოდ პარტნიორებთან ურთიერთობასა და ფეხბურთზე. მე ვარ "მადრიდისტა" და მთელი ცხოვრება ასეთად დავრჩები, მაგრამ მინდოდა, შემეცვალა გარემო. კარგია კაპიტნის სამკლავური და მით უმეტეს, "რეალში", მაგრამ მე მინდოდა რაღაც სხვა", - თქვა ლეგენდამ.

რაულმა ითამაშა გერმანიაში, ყატარსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. რას უნდა მივაწეროთ მისი მოგზაურობა? ალბათ, ისევ და ისევ ფეხბურთელის ძალიან თავისებურ ნატურას. დროა, ისევ გონსალეს ბლანკოს მოვუსმინოთ:

"ბუნებით ინტერესიანი ადამიანი ვარ. მაინტერესებს სხვადასხვა ქვეყანა და მისი კულტურა. მინდა, რაც შეიძლება, მეტი შევიცნო ამ სამყაროში. მეორეც, ვიღაც შეიძლება მაგალითად მიმიჩნევდეს და ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ასე მგონია: როცა კარიერას დაასრულებ, შენ მოსაყოლი უნდა დაგრჩეს შენი შვილებისათვის. ბედნიერი ვარ, რომ მათთან დადუმებულს არ მომიწევს ჯდომა. ვფიქრობ, რაღაც დავტოვე და ისიც მგონია, რომ წლების შემდეგ რაღაც უსათუოდ მექნება სათქმელი".

ესპანეთის ნაკრებში რაულმა 102 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. ის ამბობს, რომ ეროვნულ გუნდში გატარებული აბსოლუტურად ყველა წამი ახსოვს. "ესპანეთის ნაკრებისათვის მე თავი არასოდეს დამიზოგავს. ჩემმა თაობამ ვერ მოიგო ტიტულები, მაგრამ ჩვენ შევამზადეთ მყარი ნიადაგი მომავალი თაობისათვის. ეს ძალიან მახარებს.

რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ ჩემს კარიერაში საკლუბო ტიტულებთან ერთად სანაკრებოც იყოს, მაგრამ რას ვიზამთ. შემთხვევით არაფერი ხდება და, ალბათ, ასე იყო საჭირო. ესპანეთის ნაკრებმა მაშინ მოიგო ტიტულები, როცა ის მომწიფდა სერიოზული წარმატებისათვის და ამაში გასაკვირი არაფერია. მერწმუნეთ, ყველა ტიტულზე ბავშვივით ვხარობდი", - ამბობს რაული.

დოსიე

რაულ გონსალეს ბლანკო

დაიბადა: 1977 წლის 27 ივნისს მადრიდში (ესპანეთი)

კარიერა: 1994-2010 რეალი; 2010-12 - შალკე; 2012-14 - ალ სადი; 2014-15 - ნიუ იორკ კოსმოსი

ესპანეთის ნაკრები: 102 თამაში, 44 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
"ბარსელონა" კუნდესთან თანამშრომლობას გააგრძელებს
ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
იქ, სადაც რაულის სახლია: ლეგენდა უნდა დაბრუნდეს...
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად - ფლორენტინო პერესის გეგმა
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
პსჟ "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას გეგმავს
ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს