საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან-პრის მესამე ეტაპზე მეექვსე ადგილზე გავიდა
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან-პრის მესამე, ექსეთერის (ინგლისი) ეტაპი წინა ორზე (მოსკოვის და პარიზის) ბევრად უკეთ ჩაატარა და მე-6 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე ჩვენი გუნდი ბოლოსწინა მე-11, ხოლო ერთი კვირის წინ ‘მარკუსიზე’ მე-10 ადგილზე გავიდა.

წინა ეტაპის შემდეგ, 12-კაციან განაცხადში სამი ცვლილება განხორციელდა და ამ ცვლილებებმა გაამართლა. გუნდს დაემატა ბორჯღალოსანი სოსო მათიაშვილი, ასევე უმცროსი ბორჯღალოსნები ლაშა ლომიძე და ოთარ ძაგნიძე.

ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მასპინძელმა ინგლისმა შანსი არ დაგვიტოვა და 43:5 იმარჯვა. ერთადერთი ლელო აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა. ტაბუცაძემ ლელო მეორე მატჩში, რუსეთთანაც გაიტანა, თუმცა მანამდე სამი გვქონდა გაშვებული - 7:19.

თასის მეოთხედფინალში გასასვლელად საჭირო იყო, რომ დასკვნით მატჩში პოლონეთი 12-ზე მეტი ქულის სხვაობით დაგვემარცხებინა და ამოცანა წარმატებით შესრულდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა ტაიმი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა: მათიაშვილის ოფლოუდის შემდეგ, რევაზ ხარაზიშვილმა სიჩქარე აკრიფა, მბოჭავი ხელით ჩამოიშორა და თავისივე ლელო გარდასახა - 7:5.

მეორე ტაიმში საქართველომ საუცხოოდ ითამაშა და 5 უპასუხო ლელო გაიტანა: დასაწყისში ფრთაზე მცველს ლომიძე გაექცა; მე-3 წუთზე მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და კომბინაცია ლელოთი გიორგი ჭუაძემ დაასრულა; მერე ირაკლი სვანიძე ორ დამცველს შორის გაძვრა და ოფლოუდით რევაზ ხარაზიშვილს დუბლი შეასრულებინა; ბოლო ორი ლელო რამაზ ხარაზიშვილმა მიითვალა - პირველ ჯერზე მან მათიაშვილის კარგი თამაშის შემდეგ იხეირა, მეორედ ფეხით გადაკიდებულ ბურთს მიყვა - 38:5.

მეოთხედფინალში წინა ორი ეტაპის გამარჯვებულს და რეიტინგლიდერ ირლანდიას დიდი ბრძოლა გავუმართეთ, მაგრამ კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ორი ლელოს გაშვების შემდეგ ბურთი მოვიხელთეთ, მეტოქე სინბინით დაისაჯა და ზურაბ ძნელაძემ ლელო ძელებსშუა გაიტანა - 7:10. თამაში განახლდა თუ არა ფრთაზე ილია სპანდერაშვილი გაიქცა და ორი ქულით დაგვაწინაურა, მაგრამ დარჩენილ დროში კიდევ ორი ლელო მივიღეთ - 12:22.

მე-5 ადგილის ნახევარფინალში რეიტინგის მეორეადგილოსანი გერმანია შეგვხვდა, რომელმაც წინა ორივე ეტაპზე ფინალში ითამაშა. მატჩის დებიუტში თერნოვერით ვისარგებლეთ და რევაზ ხარაზიშვილმა ანგარიში გახსნა. მერე მათიაშვილმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და სვანიძემ 12:0 დაგვაწინაურა, თუმცა შესვენებამდე გერმანიამ წონასწორობა აღადგინა - 12:12.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლამაზი ლელო გავიდა. სპანდერაშვილმა იერიში ჩვენი 5-მეტრიანის წყვეტილიდან დაიწყო, ლომიძემ დაახლოებით 60 მეტრი ირბინა და ძაგნიძეს უპასა, რომელმაც თავის მხრივ ძნელაძე მოძებნა. განახლდა თუ არა თამაში ბურთი მოვიპოვეთ და კარგი იერიში ლოგიკურ დასასრულამდე რამაზ ხარაზიშვილმა მიიყვანა - 24:12.

გერმანელებმა ერთი ლელო გაქვითეს და მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანეს, თუმცა მათ იმედები მათიაშვილმა გადაუწურა, რომელმაც ხაზი შესანიშნავად გაჭრა და კომენტატორს კანადასთან გატანილი ლელო გაახსენა. უკვე გაწითლებულ დროზე ლელო გიორგი ჭუაძემ მიითვალა და წერტილი დასვა - 36:17 ძლიერ გერმანიის ნაკრებთან.

საქართველოს მე-5 ადგილის დაკავების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ამისათვის რამდენიმე წამი დააკლდა. უელსთან მატჩის პირველ წუთზე სვანიძემ ხაზი გაჭრა და ლელოში ძნელაძე შეუშვა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა. უელსმა შესვენებამდე ორი გარდასახული ლელო გაიტანა, თუმცა მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად დაიწყო: ამჯერად ხაზი მათიაშვილმა გაჭრა და ლელოს გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ ძაგნიძეს უკეთესი გარდასახვისთვის ძელებსშუა გაატანინა - 14:14.

უელსმა კაცნაკლულ საქართველოს ერთი ლელო გაუტანა და 5 ქულით დაწინაურდა, თუმცა თამაში რომ განახლდა, ჯერ კიდევ კაცნაკლულებმა ლელო ცენტრში გავიტანეთ: რამაზ ხარაზიშვილმა თავისი დაწყებული შეტევა დაასრულა და გარდასახვის შემდეგ - 21:19. ბოლო წუთზე საქართველომ მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დერეფანში დაკარგა ბურთი, დასანანი ლელო გაუშვა და უელსმა 26:21 იმარჯვა.

ამრიგად, ექსეთერში მე-6 ადგილის დაკავებით, საქართველომ საერთო ჩათვლაში 10 ქულა მიიღო, ჯამში 15 გაუხდა, ესპანეთი უკან მოიტოვა და მე-9 ადგილზე აღზევდა.

გრან პრის ბოლო, მეოთხე ეტაპი, 8-9 სექტემბერს პოლონეთში, ლოძში გაიმართება.

ექსეთერის ეტაპზე ითამაშებენ

ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (აია), სოსო მათიაშვილი (აკადემია), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენს), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), იოანე ხელაია (აკადემია), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), ოთარ ძაგნიძე (აია).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია