საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები შაბათ დილას დაბრუნდა რომიდან, სადაც მოჭიდავეებმა 10-დღიანი შეკრება გაიარა
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები შაბათ დილას დაბრუნდა რომიდან, სადაც 10-დღიანი შეკრება გაიარა. მათთან ერთად იტალიელთა პირველი გუნდიც ვარჯიშობდა, ხოლო საბერძნეთიდან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური, 90) იყო ჩასული კიდევ ერთ იქაურ ბერძენ სპორტსმენთან ერთად.

ჩვენები დასახული გეგმით ემზადებოდნენ, ყოველდღიური ვარჯიშებით და სპარინგ-შეხვედრებით. ერთი ეგაა, რომ ვერ მოხერხდა იტალიელებთან გუნდი-გუნდზე პრინციპით საკონტროლო ორთაბრძოლის გამართვა, რასაც იქ წასვლამდე ჩვენებურთა ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი იმედოვნებდა, თუმცა ამას არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებდა და არა გვგონია, ახლა ამაზე დიდად ინაღვლოს. უბრალოდ, მისი აზრით, ასეთი შეხვედრა თუ გამოვიდოდა, კარგი იქნებოდა, თორემ აუცილებლობა არ იყო.

სპორტსმენებმა იტალიაში ყველამ ჩვეულებრივად სრული დატვირთვით ივარჯიშა და ნაყოფიერი შეკრება გაიარა. საბედნიეროდ, არც ტრავმები ყოფილა ერთი გამონაკლისის გარდა - გიორგი ბაინდურაშვილმა (81) ნატკენი ფეხი კიდევ უფრო გაიმიზეზა.

ფეხი მან ჯერ კიდევ თბილისში, რომში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე იტკინა, თუმცა მკურნალობდა და ზაიზენბახერმა მაინც წაიყვანა იმ იმედით, რომ იქ ყოფნისას საბოლოოდ მოურჩებოდა, სამწუხაროდ, მორიგ ვარჯიშზე მუხლი ისევ დაარტყა და მოუშუშებელი იარა უფრო გაურთულდა. ამით 23-28 აგვისტოს პარიზში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე მისი წასვლა საბოლოოდ გამოირიცხა. არადა, ზაიზენბახერი მას ისე ელოლიავებოდა, ვფიქრობთ, საფრანგეთში წასვლა განაღდებული ჰქონდა.

ამის თქმის საფუძველს თუნდაც ის ფაქტი გვაძლევს, რომ ევროპის მედალოსანი ლევან წიკლაური თავდაპირველად უნივერსიადაზე გაამწესა ანუ ამ წონაში მსოფლიოზე წასვლის კანდიდატებად ბაინდურაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი დატოვა. საყურადღებოა ისიც, რომ ტრავმის მიუხედავად, ბაინდურაშვილი მაინც წაიყვანა იტალიაში ანუ ის ბოლომდე არ ეთმობოდა და მაინც ამზადებდა მსოფლიოსთვის იმ იმედით, რომ გამოჯანმრთელებას მოასწრებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ბაინდურაშვილიც საბოლოოდ გამოირიცხა.

ნაკრები კვირას დუშეთში წავიდა, სადაც გუშინ მსოფლიოსთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება დაიწყო. გუნდი იქიდან 20 აგვისტოს დაბრუნდება, 21-ში კი პარიზში გაფრინდება. ცხადია, ზაიზენბახერს უკვე შეგულებული ჰყავს იქ წასაყვანი შემადგენლობა, მაგრამ ბოლო დღემდე მის გამოცხადებას არ ჩქარობს. ამბობს, რომ ზოგიერთ წონაში ჯერ კიდევ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. თან იმისიც ეშინია, ვაითუ ვინმემ დარჩენილ დროში ვარჯიშს მოუკლოსო.

თუმცა ზაიზენბახერი ყველას აფრთხილებს, რომ სპორტული რეჟიმის ნებისმიერი დარღვევა - ვარჯიშებისადმი ზერელე დამოკიდებულება თუ ხულიგნურ-ძველბიჭური გამოხტომა, ნაკრებიდან მოკვეთით დაისჯება და უდისციპლინობას არავის აპატიებს.

ზაიზენბახერი შემადგენლობას ჯერ ოფიციალურად არ ასახელებს, თუმცა კულუარულ ინფორმაციებზე და შეჯიბრებათა შედეგებზე დაყრდნობით ბევრ წონაში მონაწილეთა უმეტესობა ისედაც შეიძლება გამოვიცნოთ.

მაგალითად, 60 კილოგრამში ევროპის ვიცე-ჩემპიონ ბეთქილ შუკვანსა და ამირან პაპინაშვილს კონკურენტი არც ჰყავთ. თან ორივე მაღალი დონის ჭიდაობას აჩვენებს. ბაინდურაშვილის გამოკლებამ ჭრიკიშვილი და წიკლაურიც უკონკურენციოდ დატოვა. 73-ში ამბაკო ავალიანის უნივერსიადაზე წასვლა მსოფლიოს სიიდან ამოღებას ნიშნავდა, ამ წონაში კი კანდიდატებად ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილი რჩებიან, თუმცა არ გამოვრიცხავთ (და ამას ჩვენი ინფორმაციებიც ადასტურებენ), რომ იქნებ ორივე არც წაიყვანოს.

კულუარული ხმებით, შესაძლოა ასევე ერთი მონაწილე გვყავდეს 66-შიც, 90-ში კი ვალერი ლიპარტელიანთან ერთად ზვიად გოგოჭურსაც გუნდის წევრად ასახელებენ. 100-შიც ლამის გარკვეულია მონაწილეთა ვინაობა - მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანი. მძიმეში ზვიად ხანჯალიაშვილს განაღდებული აქვსო ადგილი, მეორე მონაწილეზე კი სხვადასხვა ხმები დადის და მოდით, დაველოდოთ მწვრთნელთა გადაწყვეტილებას.

მსოფლიოს ჩემპიონატი 23 აგვისტოს დაიწყება და პირადი პირველობა 27-მდე გასტანს, შეჯიბრება კი 28-ში დასრულდება გუნდური ასპარეზობით. 23-ში ქალთაგან 48, ვაჟთაგან კი 60-66-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. მეორე დღე ქალთაგან 52-57-ს, ვაჟთაგან კი 73-ს დაეთმობა. 25-ში სუსტი სქესიდან 63 კილოგრამიანები, ძლიერიდან კი 81-კილოგრამიანები მოსინჯავენ ძალებს, 26 აგვისტო 70-78 კილოგრამში ქალებს და 90-კილოგრამში ვაჟებს დაეთმობათ, 27-ში კი ორივე სქესის მძიმეწონოსნები და პლუს 100-კილოგრამიანი ვაჟები იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
მამარდაშვილი სასტარტოშია - "ლივერპულმა" პირველი მატჩი "ბილბაოს" დამაჯერებლად მოუგო
მამარდაშვილი "ბილბაოსთან" "ლივერპულის" პირველ მატჩში არ ითამაშებს - Evening Standard-ი მიზეზს განმარტავს
ჰატო 2022 წლის შემდეგ "ჩელსის" 50-ე შენაძენი გახდა - შემდეგი სამიზნეები გარნაჩო და სიმონსი არიან
სად შევძლებთ "ლივერპულისა" და "ბილბაოს" მატჩების ყურებას?
კვარაცხელიას თანაგუნდელმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგის გუნდში გააგრძელოს
"ნაპოლი" ფრანგულ "ბრესტთან" დამარცხდა
"დავითაშვილს და სტასენს "სენტ-ეტიენის" დატოვება უნდათ - სიტუაცია იძაბება" - ფრანგული მედია
ჩვენებურები "ეპიცენტრთან" - "შახტარმა" ისევ ბრაზილიელის გოლით მოიგო
"ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა ახალგაზრდებთან და არა მესისთან და მბაპესთან ერთად ამიტომ მოიგო" - შოტლანდიელი მწვრთნელი
ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს
ვეა "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავა
"მილანმა" შეთავაზება გააკეთა - "როსონერის" "იანგ ბოიზის" მცველი სურს
სიმეონე "ნაპოლიდან" მიდის, მაგრამ იტალიაში რჩება
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
მამარდაშვილის "ლივერპულში" ვარსკვლავთცვენაა - როდრიგოც სავარაუდოდ, "ენფილდზე" მიდის
მიქაუტაძეს კონკურენტს მიუყვანს - ფონსეკამ "ლიონის" ტრანსფერებზე ისაუბრა
"ეს ფრაზა ილიას აბაზანაში ჩამოკიდეთ, რადგან შეახსენოთ, რომ შარდვის დროს..." - ცარუკიანი თოფურიას გამოწვევას აგრძელებს
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
ზაბარნისთან ერთად გუნდში ვერ იქნება - პსჟ-მა საფონოვის გაყიდვაზე მუშაობა დაიწყო