41 წლის ასაკში ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ემოციურ ვიდეოში მან გულშემატკივარს მიმართა.

"ძვირფასო პორტუგალიელებო, დადგა დღე, როდესაც უნდა დავაბრუნო პორტუგალიის ნაკრების მაისური და კაპიტნის სამკლაური, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის.

ისინი მხოლოდ ჩემს საკუთრებად არასდროს მიმიჩნევია. თუმცა, 23 წლის განმავლობაში მქონდა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა, მეტარებინა ეს მაისური, დამეცვა მისი ღირსება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მაისურით გამოვსულიყავი.

დღეს დადგა დრო, ეს ყველაფერი მომავალ თაობას გადავცე. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ადვილი არ ყოფილა. ბოლოს და ბოლოს, ზოგიერთი გადაწყვეტილება მხოლოდ გონებით კი არა, გულითაც მიიღება. ვასრულებ გზას, რომელიც 2003 წლის აგვისტოში დაიწყო და ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

როდესაც უკან ვიხედები და ვიხსენებ ყველაფერს, რაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამოვიარე, მხოლოდ მატჩებს, გოლებს, რეკორდებსა თუ ტიტულებს არ ვხედავ. მე ვხედავ ადამიანებს.

ვხედავ თანამემამულეებს, რომლებიც სამშობლოსგან შორს ცხოვრობენ და რომლებისთვისაც ეს 90 წუთი მშობლიურ პორტუგალიასთან ოდნავ უფრო დაახლოების საშუალება იყო.

ვხედავ მილიონობით პორტუგალიელს, რომლებსაც პირადად არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცნენ. საბოლოო ჯამში, ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. ფეხბურთი - ეს ადამიანებია.

ეროვნულ ნაკრებში გატარებული კარიერის განმავლობაში, ყოველთვის ვცდილობდი, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი გადამელახა. მინდოდა გამარჯვება, მინდოდა ვყოფილიყავი საუკეთესო, მინდოდა ისტორიის შექმნა.

საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მომთხოვნი ვიყავი. ყოველთვის მეტი მინდოდა. მჯეროდა, რომ შეგვეძლო ახალი მწვერვალების დაპყრობა. და ამ მაისურისთვის ყველაფერი გავიღე, რაც კი გამაჩნდა.

იყო იდეალური დღეები და დაუვიწყარი საღამოები. იყო გამარჯვებები, რომლებსაც არასდროს დავივიწყებ. იყო მარცხებიც, რომელთა გახსენება დღემდე მტკივნეულია.

შეცდომებიც დამიშვია. ტკივილიც განმიცდია. ყოფილა მომენტები, როდესაც პორტუგალიელებს ვერ მივეცი ის, რასაც ისინი ასე მოუთმენლად ელოდნენ. მაგრამ არასდროს დავნებებულვარ. რაც მთავარია, არასდროს შემიწყვეტია სიამაყის განცდა იმისა, რომ პორტუგალიას წარმოვადგენდი.

წლების განმავლობაში რამდენიმე მარტივი რამ ვისწავლე: გოლების გატანა და დავიწყებას მიეცემა, ტიტულები მუზეუმებში ხვდება, რეკორდები კი ადრე თუ გვიან მყარდება. მაგრამ არსებობს რაღაცები, რასაც დრო ვერასდროს წაშლის.

ეს არის ადგილი, რომელიც ადამიანების გულებში დავიკავე. თუ თუ ერთხელ მაინც გაგაბედნიერეთ, თუ ჩემმა რომელიმე მიზანმა გიბიძგათ, ჩაგეხუტებინათ საყვარელი ადამიანი, დაგევიწყებინათ პრობლემები ან გეგრძნოთ სიამაყე ჩვენი ქვეყნის გამო, ესე იგი, ყველაფერი ამად ღირდა.

საბოლოო ჯამში, პორტუგალიელობა, გარკვეულწილად, სწორედ ამ გრძნობების გაზიარებაა. ჩვენ ერთად განვიცდით. ერთად ვდგებით ფეხზე დაცემის შემდეგ და კვლავ ვიწყებთ რწმენას.

პორტუგალიას ყოველთვის დასჭირდება ახალგაზრდა მეოცნებეები, ფეხბურთელები, რომლებიც არასდროს ნებდებიან, და ახალი თაობები, რომლებსაც სჯერათ, რომ შესაძლებელია იმის მიღწევა, რაც აქამდე არავის მიუღწევია, რადგან ქვეყანა, რომელიც მუდმივად ზრდის ახალ გმირებს, არასდროს წყვეტს საკუთარი თავის რწმენას.

მინდა რამდენიმე სიტყვა ვუთხრა ჩემს თანაგუნდელებს. მადლობა თითოეული წახალისებისთვის, ჩახუტებისთვის, კამათისთვის, მოედანზე გასვლის წინ არსებული სიჩუმის წუთებისთვის, ერთად აღნიშნული გამარჯვებებისა და იმ მარცხებისთვისაც კი, რომლებმაც უფრო ძლიერები გაგვხადა.

ჩემთვის დიდი პატივია თქვენი კაპიტანი ვიყო. თუმცა, არცერთი კაპიტანი არ გადის თავის გზას მარტო. თითოეული თქვენგანი ჩემი ისტორიის ნაწილია. მადლობა ყველა მწვრთნელს, მენეჯერს, ექიმს, ფიზიოთერაპევტს, ადმინისტრატორსა და პერსონალის წევრს, ვინც წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდა.

ბევრი თქვენგანი ფოტოებზე არასდროს ჩანხართ, მაგრამ თქვენ გარეშე ეს ფოტოები უბრალოდ არ იარსებებდა. მადლობა ჩემს ოჯახს, რომ ეს ოცნება ჩემთან ერთად გაიზიარეთ. მადლობა იმ პერიოდების გაგებისთვის, როცა თქვენს გვერდით არ ვიყავი. მადლობა ყველა მსხვერპლისთვის და იმ მომენტებისთვის, როცა ეროვნულმა ნაკრებმა ჩემს ცხოვრებაში ის ადგილი დაიკავა, რომელიც, სამართლიანად, თქვენც გეკუთვნოდათ.

თუ ასეთი გრძელი გზის გავლა შევძელი, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ყოველთვის გვერდიგვერდ მივდიოდით. თითოეულ პორტუგალიელს, სადაც არ უნდა იყოთ, კიდევ ერთ რამეს გეტყვით.

არსებობს ერთი სურათი, რომელიც სამუდამოდ დამამახსოვრდება: მომენტი, როდესაც ეროვნული ჰიმნი იწყება. გარშემო ვიყურები. ვხედავ ჩემს თანაგუნდელებს. ვხედავ ტრიბუნებს. ვხედავ ბავშვებს, დედებს, მამებს, ბებია-ბაბუებს. ვხედავ პორტუგალიელებს, რომლებმაც ათასობით კილომეტრი გამოიარეს, რათა აქ ყოფილიყვნენ.

ზუსტად ამ წუთებში ყველა განსხვავება ქრება. აღარ არსებობს კლუბები, ფერები, სოციალური ფენები, პროფესიები - არანაირი განსხვავება. რჩება მხოლოდ ერთი სიყვარული - პორტუგალია. ეს არის გრძნობა, რომელიც მთელი ჩემი მომავალი ცხოვრების განმავლობაში თან გამყვება.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩემი საფეხბურთო გზა დღეს სრულდება. მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით და ვიცი, რომ პორტუგალიას მივეცი ყველაფერი, რაც შემეძლო. თუმცა, ყოველთვის თქვენი ნაწილი ვიქნები.

გმადლობთ ამ 23 წლისთვის. მადლობა, რომ გჯეროდათ ჩემი. მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ ამეხდინა ოცნება, რომელიც მადეირადან მოსულ პატარა ბიჭს გაუჩნდა, როცა ის ფეხბურთის ბურთს დასდევდა.

მე-7 ნომრიანი მაისური დარჩება, მაგრამ მისი ტარების სიამაყე ყოველთვის მექნება. პორტუგალია მუდამ ჩემი ნაწილი იქნება. სამუდამოდ.

თქვენი კრიშტიანო რონალდო", - ნათქვამია პორტუგალიელი ვარსკვლავის გზავნილში.

გეტყვით იმასაც, რომ რონალდოს პორტუგალიის ნაკრებში დებიუტი 2003 წლის 20 აგვისტოს 18 წლის ასაკში ყაზახეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა.

მან ჯამში ეროვნული გუნდის მაისურა 234 შეხვედრაში მოიგო, სადაც 146 გოლი გაიტანა და 45 ასისტი მიითვალა.

"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
"ეს ჯილდო გულშემატკივრებს ეკუთვნის"! - რონალდო "ყველა დროის ოქროს ბურთის" მფლობელის პრიზის მოპოვებაზე
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა