ძალამ აღმართი მოხნა, ინგლისი ლიგაში დარჩა

"ნაპოლის" კაპიტანი პაოლო კანავარო, ალბათ, დიდხანს იდარდებს იმის გამო, რომ პირველ მატჩში "ჩელსიმ" "სან პაოლოზე" ის ერთადერთი, მაგრამ ორი მატჩის ჯამში უმნიშვნელოვანესი გოლი სწორედ მისი უნებლიე შეცდომით გაიტანა; იდარდებს ნეაპოლელთა მარჯვენაფლანგელი კრისტიან მაჯოც, რომელსაც პირველი მატჩის მიწურულს ანგარიშის 4:1-ამდე გაზრდა შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან დარტყმის შემდეგ ეშლი კოულმა ბურთი ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა...

ალბათ მიხვდით, რომ "ნაპოლი" შეგვეცოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგას თავაწეული ტოვებს - ნეაპოლელებმა იბრძოლეს, როგორც შეეძლოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში არ ეყოთ გამოცდილება და არც გაუმართლათ.

გადამწყვეტ მომენტში "ნაპოლის" ძალიან დასჭირდა სათანადო ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამიდან და თუკი "ჩელსის" თავკაცმა რობერტო დი მატეომ გადაღლილი მოთამაშეები ისეთი მაღალი კლასის ფეხბურთელებით ჩაანაცვლა, როგორებიც არიან ტორესი, მალუდა და ბოსინგვა, ვალტერ მაძარის ერთადერთი, მეტ-ნაკლებად ხეირიანი ჯოკერი გორან პანდევი გახლდათ.

"ჩელსის" გამარჯვება დამსახურებულია - ლონდონელებმა ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ღირსება გადაარჩინეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ორრაუნდიან ბრძოლაში, ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და შემდეგ ეტაპზე გასვლა აქამდე 44-იდან მხოლოდ 3 გუნდს ჰქონდა მოხერხებული - უკანასკნელად ეს "მონაკომ" გააკეთა 2004 წელს (2:4, 3:1 "რეალთან"). ისიც ვთქვათ, რომ დი მატეოს ხელში "ჩელსიმ" მესამე თამაშიც მოიგო.

რეაქციები

რობერტო დი მატეო ("ჩელსის" მწვრთნელი): "ეს იყო ორი დიდი გუნდის დუელი, ჩვენ კი პირველი მატჩის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში ვიყავით და ვიცოდით, რომ მხოლოდ უდიდესი თავდადების შემთხვევაში გავიმარჯვებდით.

მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით კი, ვეტერანების უდიდეს მონდომებას გავუსვამ ხაზს. ყველამ მაქსიმუმი გაიღო: დავიდ ლუისი ბოლოს ვეღარ დარბოდა, ჯონ ტერის ყველაფერი სტკიოდა... ჩეხმა რამდენიმე სუპერსეივი გააკეთა... დროგბა, ტორესი - ყველამ ბოლომდე იბრძოლა! "ჩელსისთვის" ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მეოთხედფინალში გავედით."

ვალტერ მაძარი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "ახლა, რა თქმა უნდა, ყველანი შოკირებულები ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ საერთო ჯამში ჩემმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ღირსეულად ითამაშა. ოდნავ მეტი გამოცდილება და მეოთხედფინალშიც გავიდოდით. "ჩელსი" საკუთარ მოედანზე გოლებს იშვიათად უშვებს და ჩვენ მაინც გავუტანეთ ერთი! თანაც, კიდევ არაერთი საგოლე მომენტიც გვქონდა.

მაჯოს სახით, პირველ ტაიმში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა დავკარგეთ; ორი აზრი არ არსებობს: "ჩელსიმ" მეოთხედფინალში გასვლა დაიმსახურა, მაგრამ ამას ჩვენც ვიმსახურებდით. ალბათ დაცვაში უფრო ყურადღებით და ფრთხილად ყოფნა გვმართებდა. ვფიქრობ, ნეაპოლს შეუძლია იამაყოს ამ გუნდით!"

TOP-ფეხბურთელი

დიდიე დროგბა (ჩელსი)

როგორც ჩანს, ვეტერანმა თავდამსხმელმა დი მატეოს ხელში თავდაჯერება დაიბრუნა, რაც იმის დამსახურებაცაა, რომ რობერტო ენდობა. დროგბამ თითქმის ყველა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, წინა ხაზზე ძალიან პროდუქტიული გახლდათ, ანგარიშიც გახსნა და დამატებით დროში ივანოვიჩს ბრწყინვალე საგოლე პასიც მისცა. როცა დასჭირდა, კოტ დ’ივუარელმა კიდეც იეშმაკა და დრო გაიყვანა. მოკლედ, თავისი გუნდის, "ჩელსის" სასარგებლოდ ყველაფერი გააკეთა და "არისტოკრატების" ამ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ დიდიეა.

FLOP-ფეხბურთელი

სალვატორე არონიკა (ნაპოლი)

ვეტერანი, 34 წლის მცველისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ მერვე მატჩი გახლდათ და მიუხედავად უდიდესი მონდომებისა, არონიკამ თავისი საქმე ცუდად გააკეთა. ფიზიკურად გაცილებით ძლიერ დროგბასთან ყოველ მეორე ორთაბრძოლას აგებდა და 110-ე წუთისთვის, როცა შეცვალეს, აბსოლუტურად გამოფიტული, უკიდურესად დაღლილი იყო. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც "ნაპოლის" სხვა მცველები, კანავარო და კამპანიარო იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე.

ტაქტიკა-სტრატეგია

პირველ მატჩში "ჩელსის" თავკაცი ჯერ კიდევ ანდრე ვილაშ ბოაში გახლდათ და მოსალოდნელიც იყო, რომ დი მატეო როგორც იმ მატჩისგან, ისე პრემიერლიგაში ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრისგან განსხვავებით, ბევრ რამეს შეცვლიდა: კეჰილის, მეირელესის (დისკვალიფიკაცია), მიკელისა და კალუს ნაცვლად მან დავიდ ლუისი, ესიენი, სტარიჯი და მატა ათამაშა. 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში რამირესი ამჯერად მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა.

მაძარიმ "კალიარისთან" 6:3-ზე მოგებულ მატჩში დასვენებული ლიდერები, მაჯო და კავანი სასტარტო შემადგენლობაში დოსენას და პანდევის ნაცვლად დააბრუნა. ნეაპოლელებმა თამაში ნაცადი 3-4-2-1-ით და სხვამხრივ იგივე შემადგენლობით დაიწყეს, მერე დროებით 4-4-2-ზე გადაეწყვნენ და ბოლოს ისევ 3-4-2-1-ს დაუბრუნდნენ.

ანალიზი

დროგბას სტარტზევე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და მიუხედავად ამისა, პირველ წუთებში "ნაპოლი" უფრო თავდაჯერებული ჩანდა. ცხადია, მაძარის შეგირდები კონტრშეტევებზე იკბინებოდნენ, თანაც, ისე მწარედ, რომ პირველ 20 წუთში მათაც შეეძლოთ დაწინაურება (დარტყმები მე-18 წუთისთვის: 7-2).

თავდაცვისას "ნაპოლის" ერთ-ერთი გარემარბი (უმეტესად მაჯო) უკან იხევდა და უმეტესად მეოთხე მცველის ფუნქციას ითავსებდა. საინტერესო ტაქტიკური ჩანაფიქრი ჰქონდა დი მატეოსაც: რამირესი ხშირად იწევდა ცენტრისკენ, რითაც ნეაპოლელთა უკანახაზელებს აბნევდა. თუმცა რამირესმა საქმე მაინც გარემარბის რანგში გააკეთა: დროგბამ ანგარიში სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ გახსნა. ამ გოლმა "ნაპოლი" ათწუთიან შოკში ჩააგდო. ლონდონელები დარწმუნდნენ, რომ მორგან დე სანკტისის კარისკენ მისასვლელი დერეფნები სწორედ ფლანგებიდან უნდა ეძებნათ და მაძარის გუნდი მედგრად დაწნეხეს.

გაუგებარია, რატომ ერთხელაც ვერ გამოიყენეს იტალიელებმა ივანოვიჩის უკან დატოვებული სიცარიელე, როცა ეს უკანასკნელი შეტევებში საკმაოდ აგრესიულად და უკანმოუხედავად ერთვებოდა. ვერც ლავეციმ და ვერც კავანიმ ამით რეალურად ვერ ისარგებლეს.

"ნაპოლიმ" თავზეხელაღებული ბრძოლა მეორე ტაიმის დასაწყისში, ტერის გოლის შემდეგ გააჩაღა და შესაბამისად, ინლერის გოლი ლოგიკური და დამსახურებული გახლდათ, თუმცა ლონდონელთა უდიდეს მონდომებას სამართლიანი პენალტი მოჰყვა, რომელიც დე სანკტისმა ლემპარდს კინაღამ აუღო და რომელმაც ძირითად დროში პირველი მატჩის იდენტური ანგარიში (3:1) დააფიქსირა.

ორი ვარიანტია: ან "ნაპოლის" არ უნდოდა არაფრისდიდებით თამაშის პენალტების სერიამდე მიყვანა, ანაც "ჩელსიმ" გადაწყვიტა ძალების ჭკვიანურად გადანაწილება და დამატებით დროში ამიტომაც გააკეთა აქცენტი კონტრშეტევებზე. ივანოვიჩმა მეოთხე გოლის დროს ძალიან კარგად კი დაარტყა, მაგრამ ამ გოლში დროგბას მიუძღვის ლომის წილი. დარჩენილ დროში ნეაპოლელებმა ლონდონელებს ვეღარაფერი მოუხერხეს - მონდომება ეტყობოდათ, მაგრამ ცხადად ჩანდა, რომ არაფრის თავი აღარ ჰქონდათ.

დასკვნა

ძალამ აღმართი მოხნა და "ჩელსი" დამსახურებული გამარჯვებულია, "ნაპოლი" კი ღირსეული დამარცხებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"