31 მაისს ანკარაში ახალგაზრდების დიდი საერთაშორისო ტურნირი "ჩემპიონები" დაიწყო
31 მაისს ანკარაში დაიწყო ახალგაზრდების დიდი საერთაშორისო ტურნირი "ჩემპიონები", რომელიც მუდმივად ძლიერი შემადგენლობით გამოირჩევა და სახელწოდებასაც ამართლებს - აქ მართლაც ბევრ მომავალ დიდ ჩემპიონს დაუწყია კარიერის მწვერვალისკენ სვლა.

იქ ჩვენებიც ყოველთვის კარგად გამოდიან, თუმცა გუშინდელი დღე ქართველი ახალგაზრდებისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა - ჩვენებმა მხოლოდ ერთი ბრინჯაო მოიპოვეს, რაც ბერძენ-რომაელთა შორის მოასპარეზე ფირუზ წულუკიძემ (66) შეძლო.

ამასთან, კიდევ რამდენიმემ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, თუმცა წააგეს და ხელცარიელნი დარჩნენ.

მათ გუნდურ ჩათვლაში ქულები კი მოგვცეს, მაგრამ ამგვარ შეჯიბრებებში მთავარი მაინც მედალია. თან გულდასაწყვეტია, რომ არც ისე მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენეს და მეტოქეებმა აჯობეს, მსაჯებს ამ კონკრეტულ წაგებებში ვერ დავადანაშაულებთ.

ფირუზ წულუკიძე ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონია, რაც ბოლო წლებში ჩვეულებრივი ამბავი გახდა - მას თანატოლებში პირველობას ვერავინ ეცილება.

ანკარაშიც მესამე ადგილისთვის მოასპარეზე ქართველებიდან ის ერთადერთი იყო, ვინც კონკურენტი ყველაფერში დაჯაბნა.

დამამშვიდებლის ფინალში მას ადგილობრივ ფალავანთან მოუწია პაექრობა და ცოტა დააკლდა, მსაჯთა მსახვრალი ხელიც არ იწვნია.

პაექრობამ რამდენჯერმე შეჩერდა თურქთა პროტესტის გამო, მეორე პერიოდში ერთ-ერთ ეპიზოდს არბიტრები ძალიან დიდხანსაც არჩევდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, წულუკიძის უპირატესობა იმდენად აშკარა იყო, მსაჯები ვერაფერში მიედავნენ და, პირიქით, მეტოქე დასაჯეს ქულით ცრუ პროტესტისთვის.

წულუკიძემ ყველაფერი გაუკეთა მოწინააღმდეგეს, რისი საშუალებაც მიეცა, მაგრამ განსაკუთრებით ძლიერად ჩოქბჯენიდან დატრიალებებში გამოიყურებოდა, რაც ჩვენი "აქილევსის ქუსლია" და ამ ტურნირზე სხვებისთვის სუსტ წერტილად იქცა - ჩოქბჯენიდან არც ერთხელ არ დაუკარგავს თავისი შანსი.

მეორე პერიოდის ზემოხსენებული ეპიზოდის განახლებისთანავე თურქმა ზუსტად იმ "ავაზას ნახტომით" მოუნდომა თავზე გადახტომა, რომელსაც უფროსებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (74) აკეთებს ასე კარგად, ადგილიდან ახტომით დიდი სიმაღლეც აიღო და თავზე უნაკლოდ გადაახტა, მაგრამ წულუკიძე მომზადებული დაუხვდა და თვითონ გადაისროლა იქით.

ბათუმელმა ფალავანმა პირველ შეხვედრაშიც დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა ისევ მასპინძელთა წარმომადგენელთან, მთლიანობაში, საკმაოდ გამართულად, ძლიერად ჭიდაობს და ცოტა გასაკვირია, უფრო მასშტაბურ წარმატებებს რატომ ვერ აღწევს.

შეგახსენებთ, რომ ის ბოლო წლებში მუდმივად შედის ეროვნული ნაკრების კანდიდატებში და უფროსებში საქართველოს პრიზიორიც სტაბილურად ხდება. ვიმედოვნებთ, შორს არაა ის დღე, როცა მთავარ გუნდში დაიმკვიდრებს ადგილს და ტავის ნიჭს ბოლომდე გამოიყენებს.

სამწუხაროდ, თურქეთი იმ ქვეყნების რიცხვში შედის, რომელთა ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრებებს მსაჯთა არაობიექტურობა თან სდევს.

გასაგებ მიზეზთა გამო, ამ ტურნირის პირდაპირი რეპორტაჟისას ყველა შეხვედრის ნახვა ჭირდა, მაგრამ ჩვენებიდან ვისაც ვუყურეთ, ყველაზე უფრო თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ბუჯიაშვილი (55) შეგვეცოდა - ის ნამდვილად გახდა არბიტრთა მსხვერპლი.

ჩვენმა მწვრთნელებმა ბევრი კი იკამათეს, თან ისე აქტიურად, ვიფიქრე, ჯარიმას არ გამოჰკრან ხელი-მეთქი, მაგრამ ამაოდ - ჭიდაობის სამყარო თავისი უცნაური მსაჯობით კვლავაც აუღებელ ციხე-სიმაგრედ რჩება...

ბერძენ-რომაელთაგან ბრინჯაოსთვის ხვიჩა ჭითავამ (66) და კუკური კირცხალიამ (96) იჭიდავეს, "თავისუფალთაგან" - ნიკა ტატუაშვილმა (50).

სამწუხაროდ, შანსი ვერც ერთმა ვერ გამოიყენა. მაგალითად, ჭითავამ შეხვედრის დამატებით პერიოდში გადაყვანის ჩინებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, როცა მეორე პერიოდში ჩოქბჯენიდან ვერ დაატრიალა მეტოქე.

არადა, სამჯერ აქაჩა ლეიბიდან, მაგრამ ვერ გადააგდო. კირცხალიაც ყველა კომპონენტში დაჩაგრა მასპინძელმა ალი ულვი ჩეთინმა. ტატუაშვილმა კი იბრძოლა ემრე დემირცანთან, მეორე პერიოდში ორჯერ ორქულიანზეც გადაატრიალა, მაგრამ თვითონაც იოლად უთმობდა ფანდებს და ეს პერიოდი 4:6 მაინც წააგო.

დასასრულს, იმასაც გეტყვით, რომ რატომღაც თურქები ამ ტურნირს ისევ ძველი წესებით ატარებენ, რაც ცოტა გასაკვირია.

არადა, ბერძენ-რომაელებმა ახალ წესებთან ადაპტაციის მიზნით თურქეთში ძირითადი შემადგენლობა წაიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე მათი ჭიდაობა არ იგეგმებოდა.

ამ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო რამდენიმე ფალავანი ზედა წონაში გამოდის. მათ შორის - ჭითავაც.

ანკარის "ჩემპიონთა" ტურნირი 2 ივნისს დასრულდება და, იმედია, დარჩენილ ორ დღეში ჩვენები ბევრად უფრო წარმატებით იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
2 ივლისს ახალგაზრდა მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებენ
წვერის სკანდალი ჭიდაობაში გრძელდება - ამჯერად აზერბაიჯანში
ქართველი "ბერძენ-რომაელები" და "თავისუფლები" "ჩემპიონებში" იასპარეზებენ
ბაქო 2015-ის შეჯამება: მწარე რეალობა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე
მოჭიდავე ფირუზ წულუკიძეს მუსულმანობის გამო ტერორისტებთან კავშირს აბრალებენ
ირაკლი გაბრიჭიძემ 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის პირველობაზე ატაცში ბრინჯაო მოიპოვა
შმაგი ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე სირცხვილისგან გვიხსნა
ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" მსოფლიოს პირველობის პირველი დღე ჩააგდეს