ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იაკუტსკში ამ უქმეებზე გამართულ დმიტრი კორკინის მემორიალში წარმატებით გამოვიდნენ
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები წარმატებით გამოვიდნენ იაკუტსკში ამ უქმეებზე გამართულ დმიტრი კორკინის მემორიალში - 7-კაციანი გუნდის ანგარიშზე სამივე სინჯის თითო მედალია.

ტურნირის ჩემპიონი ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი, მსოფლიოს პრიზიორი დავით მოძმანაშვილი (120) გახდა, რომელმაც ფინალში თანაგუნდელი თორნიკე ხიდეშელი დაამარცხა, მესამეზე კი ელიზბარ ოდიკაძე (96) გავიდა.

მოძმანაშვილის ეს ერთადერთი გამარჯვება არ ყოფილა - 6 ოქტომბერს ის უკვე იაკუტიელთა ეროვნულ ჭიდაობა ჟაპსაგაიში გამოვიდა და იქაც გაიმარჯვა, რისთვისაც დამატებით 2-ათასდოლარიანი ჯილდოც მიიღო (ძირითად ტურნირში საპრიზო ფონდი დაკავებული ადგილების მიხედვით ასე იყო განაწილებული - 3 000, 2 000 და 1 000 დოლარი).

კორკინის მემორიალი რომ თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება, შაბათის ნომერშიც დავწერეთ.

სასიხარულოა, რომ ყველაზე პრესტიჟულ - მძიმე წონაში ქართული ფინალი გაიმართა. იმედია, ეს გამარჯვება მოძმანაშვილის დაბრუნების დასაწყისად იქცევა, ანუ კრიზისს დაძლევს; თუმცა არანაკლებ გასახარია ახალგაზრდა ხიდეშელის ფინალში გასვლაც, ანუ ძლიერი ჭიდაობა.

მას შემდეგ, რაც ირანელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი რეზა იაზდანი (96) საჭიდაოდ არ გავიდა და შეჯიბრების საპატიო სტუმრის სტატუსს დაყაბულდა, მოძმანაშვილი ტურნირის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად იქცა.

საბედნიეროდ, სტატუსიც ბოლომდე გაამართლა და მთელი შეჯიბრება დამაჯერებლად ჩაატარა.

პირველ წრეში იოლად დაამარცხა სომეხი ჰამლეტ აბრახამიანი - 6:0, მერე კი კიდევ უფრო ადვილად, ქულებით ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა ჩრდილოეთ ოსეთის გუნდის წევრ ედუარდ კოდალაევთან - 7:0. ქართველ ფალავანს ტურნირზე ერთადერთი დაძაბული ორთაბრძოლა ამის შემდეგ ელოდა მასპინძელ უვარ ტიმოფეევთან, რომელმაც ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია და პირველი პერიოდი მოიგო კიდეც - 1:0.

საბედნიეროდ, მეორეში მოძმანაშვილმა ყველაფერი თავის ადგილას დააყენა. როგორც იქაური მედია წერს, გამოცდილმა ქართველმა მშვიდად მოახერხა შეხვედრის სასურველ რეჟიმში გადაყვანა.

შედეგად, ქართველმა სამი ქულა მიითვალა, სანაცვლოდ არაფერი დათმო და 3:1 იმარჯვა. ალბათ, მან ყველაზე იოლი გამარჯვება ნახევარფინალში მიითვალა, სადაც ირანელი ავილი გხომი ბეჭებზე დააწვინა. არადა, გხომიმ მანამდე ფრიად შთამბეჭდავად იასპარეზა, თუმცა ქართველმა კლასის ხარჯზე ისე აჯობა, შანსიც არ დაუტოვა.

ამასობაში ბადის მეორე მხარეს ხიდეშელიც უმოწყალოდ მუსრავდა ხალხს - პირველ შეხვედრაში ამერიკელი მიულენერი 7:0 დაამარცხა, სლოვაკეთის სახელით მოჭიდავე ოსი სოსლან გაგლოევი 11:3 გააცამტვერა.

ფინალამდე მასაც მხოლოდ ერთხელ გაუჭირდა - ნახევარფინალში ირანელი ხაშაიარ დეგესტანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 6:5.

ქართული ფინალი ლოგიკურად წარიმართა - ბევრად უფრო გამოცდილმა და ტიტულოვანმა მოძმანაშვილმა ისევ წმინდად იმარჯვა, ოღონდ ამჯერად ქულებით - 8:0. მას არც ჟაპსაგაიში გასჭირვებია, სადაც კატეგორიებად დაყოფა არაა და მონაწილეობა ყველას შეეძლო.

მას წელზევით შიშვლები ჭიდაობენ, წესები კი მარტივია: მეტოქე ან სამი წერტილით უნდა შეახო ლეიბს, ან სამჯერ განდევნო წრიდან.

ფინალში ჩვენებურმა ბურიატი ბალდან ციჟიპოვი დაამარცხა და თურმე, ნოემბერში გერმანიაში გასამართი ტრადიციული საჭიდაო სახეობების მსოფლიოს ჩემპიონატში ჟაპსაგაიში გამოსვლის სურვილიც გამოუთქვამს.

"მოხარული ვარ აქ გამარჯვებისათვის. მადლობა ორგანიზატორებს მოწვევისა და მშვენიერი ორგანიზებისთვის. გადაჭედილ დარბაზში ჭიდაობა სასიამოვნოა. მე უკვე დავიწყე სრულყოფილი მომზადება ნოემბერში გასამართი საქართველოს ჩემპიონატისთვის, რადგან დავამთავრე ტრავმების მკურნალობა" - განუცხადა ძირითად ტურნირში გამარჯვების შემდეგ მოძმანაშვილმა ჩვენს იაკუტსკელ კოლეგა ფედორ რახლეევს.

ოდიკაძე ნახევარფინალში 1:3 დამარცხდა დაღესტნელ შამილ ახმედოვთან - ავარელმა ამით სანატრელი რევანშიც აიღო შარშან ბაქოში, "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალში წაგებისთვის.

მანამდე ჩვენებურმა ორი შეხვედრა მოიგო ქულებით, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი დამაჯერებლად აჯობა ყაბარდო-ბალყარეთის გუნდის წევრ აზრეტ შოგენოვს - 8:0.

იაკუტსკში ჩვენგან კოტე ხუციშვილი (55), ტრისტან ჩირგაძე (60), გიორგი მარსაგიშვილი (74) და ოთარ უროტაძეც (84) გამოდიოდნენ, მაგრამ ადრევე დამარცხდნენ და უმედლოდ დარჩნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
დავით მოძმანაშვილი იაკუტსკის ტურნირის გამარჯვებულია
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
მოჭიდავეთა გეგმები - პირველი დმიტრი კორკინის მემორიალია
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ქართველმა მოჭიდავეებმა ციმბირი უმედლოდ დატოვეს
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]