არიან სპორტსმენები, რომელთა კარიერასთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა ჩნდება
არიან სპორტსმენები, რომელთა კარიერასთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა ჩნდება.

მაგალითად, გიორგი ქინქლაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი... რატომ ვერ იქცა "ქინქი" მარადონად ან ცქიტიშვილი - ნოვიცკიდ? რა დააკლო ერთმა თუ მეორემ? დაუშვეს თუ არა კარიერის გარკვეულ მონაკვეთში შეცდომა კლუბის შერჩევისას?

გიორგი ქინქლაძის მოსაზრებებს არ ვიცნობ, ამიტომ მასზე წერისგან თავს შევიკავებ. ნიკა ცქიტიშვილთან კი ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია და თავადაც კარგად იცის, რატომ ვერ იქცა დირკ ნოვიცკიდ. 2002 წელს, როცა 215 სმ სიმაღლის ნიკა NBA-ში მოხვდა, ყველა ერთთავად ნოვიცკის ადარებდა, მასავით მოქნილი, სწრაფი (სიმაღლის კვალობაზე), მობილური და სნაიპერიაო.

ცქიტიშვილის "დენვერი" 2002-ში ნოვიცკის "დალასს" რომ დაუპირისპირდა, გერმანელი ქართველს თბილად შეხვდა, თამაში შეუქო და უთხრა - შეგიძლია ამერიკაში ჩემზე არანაკლებ წარმატებული კარიერა გქონდესო...

დღეს, 36 წლის დირკი კვლავ NBA-ს "ოლ სტარში" თამაშობს, ნიკა კი ლიბანის ჩემპიონატშია. სხვათა შორის, ლიბანში, ერთ მატჩში ჩაგდებულმა 52-მა ქულამ გადამაწყვეტინა ნიკას შესახებ "სპორტრეტის" დაწერა. რა მოხდა, რატომ ვერ მოიკიდა ცქიტომ ფეხი NBA-ში? სადმე ხომ არ მოუვიდა შეცდომა? ამას წინათ მითხრა:

- ვიცი, ამერიკაში 2002-ში არ უნდა წავსულიყავი. თინეიჯერულ ასაკში NBA-ს კლუბთან კონტრაქტის გაფორმება შეცდომა იყო. მანამდე ევროპაში სათამაშო დრო ძალიან ცოტა მქონდა, იტალიური "ბენეტონის" შემადგენლობაში ევროლიგაზე ჯამში 40 წუთიც არ მქონდა ნათამაშები. არ უნდა ავჩქარებულიყავი, ევროპაში კიდევ ორი წელი მეთამაშა და NBA-ზე შემდეგ მეფიქრა.

ნიკას ვკითხე: დროის დაბრუნების შესაძლებლობა რომ იყოს, ამერიკაში 18 წლისა არ წახვიდოდი-მეთქი? კითხვითვე მიპასუხა:

- შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას. ამერიკული გუნდები გპირდებიან, რომ NBA-ს დრაფტზე ტოპ-ხუთეულში აგიყვანენ, რაც გარანტირებულ სამწლიან კონტრაქტს გულისხმობს. ასეთ დროს, არ გაგიჩნდება შეგრძნება, რომ შენ ამას იმსახურებ, რომ შეგიძლია ვარსკვლავებში ვარსკვლავურად ითამაშო? არ შეგემატება თვითრწმენა, თავდაჯერება?

"დენვერ ნაგეტსმა" ცქიტიშვილი დრაფტზე მე-5 ნომრად აიყვანა და მოხდა ის, რასაც თორნიკე შენგელიამ დროულად გამოასწრო: მწირწუთიანობას.

- NBA-ს რეგულარულ სეზონში კვირაში 3-4 თამაშია, გუნდები მატჩიდან მატჩამდე შედიან ფორმაში, თუ მოედანზე გასვლა იშვიათად გიწევს, ვერც ფორმაში შეხვალ და სათამაშო პრაქტიკაც არ გექნება.

ვარჯიშებზე ხომ არავინ იტვირთება, რათა მომდევნო დღის თამაშისთვის საღად იყოს. მთელი სეზონი მხოლოდ ინდივიდუალური წვრთნა ბევრს არაფერს შეგმატებს.

ცქიტიშვილი "დენვერში" გატარებულ პირველ სეზონში საშუალოდ 16.3 წუთს თამაშობდა, მას მერე, ოთხი წლის განმავლობაში მისი წუთობრივი მონაგარი 2.6-დან 7.9-მდე მერყეობდა. არადა, სკიტაზე მოთხოვნა იყო: "დენვერიდან" "გოლდენ სტეიტმა" გადაიყვანა, შემდეგ იყო "მინესოტა", "ფინიქსი" და 2006 წელს იგი ევროპაში დაბრუნდა.

უკვე შუასაკალათბურთო ხნის ცქიტიშვილს ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწია. თამაშობდა იტალიასა და ესპანეთში, ყველაზე დიდი დრო მადრიდის "ფუენლაბრადაში" გაატარა და "ბარსა"-"რეალის" წინააღმდეგაც არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა მისგან ესპანელ-იტალიელებიც იმაზე მეტს მოელოდნენ, რასაც აკეთებდა.

რატომ? იმიტომ, რომ ცქიტიშვილი NBA-ს დრაფტის მე-5 ნომერი იყო. ის კი ავიწყდებოდათ, რომ 2002 წლის შემდეგ ოთხი წელიწადი სათამაშო პრაქტიკის ძიებაში გაატარა, რაც ახალგაზრდა კალათბურთელისთვის დიდი შეფერხებაა. მოთამაშედ ხომ ყველა სწორედ 18-24 წლის ასაკში ყალიბდება.

საქართველოს ნაკრებში ხომ ჰქონდა საკმარისი სათამაშო დრო? - იკითხავთ. ეროვნულ გუნდში მას 1998-დან 2012 წლამდე სიხარულით იწვევდნენ, თუმცა აქაც იყო დიდი მოლოდინი, რაც სავსე ტრიბუნების წინაშე მოთამაშე ახალგაზრდისთვის უთუოდ ფსიქოლოგიურ ბარიერად იქცეოდა.

თუმცა სათამაშო პრაქტიკაზე ბოდიში - წელიწადში ნაკრები 3-4 ოფიციალურ მატჩს ატარებდა, მხოლოდ 2010 წლიდან ავიდა 7-8-მდე. თუმცა ამხანაგურ-ოფიციალურებიანად მაინც შეიძლებოდა გარკვეული კონდიციების მიღწევა და შესაძლებლობების კარგად გამოვლენა.

მაგალითი გაინტერესებთ? კი ბატონო:

2005 წელს, ფინეთში ზაზა ფაჩულიას ერთბაშად 2-3 კალათბურთელი რომ "ეჭიდავებოდა", ნიკა ბოლომდე გაიხსნა - 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ 23 ქულას გამორჩა. 2011 წლის ევრობასკეტზე მაკედონიის წინააღმდეგ მატჩის წინ მწვრთნელებმა ნიკას უთხრეს - მეტოქის ცენტრი პერო ანტიჩი როგორც ფარქვეშ, ისევე წარმატებით თამაშობს პერიმეტრზე, სწორედ იმ ტიპის მატჩი იქნება, შენს სტილს რომ შეესაბამებაო: მართლაც, ნიკამ 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, რაც საქართველოს ნაკრებში მისი საუკეთესო თამაში გამოდგა. ნიკამ სამქულიანებიც ჰყარა, ბოლო წამებზე ორი საჯარიმოს ტყორცნისას ხელი არ აჰკანკალებია და ანგარიშიც გაათანაბრა - 63:63.

ეროვნულ გუნდსა თუ კლუბში ცქიტიშვილის კიდევ არაერთი ეფექტური მატჩის გახსენება შეიძლება, ბევრი ქულამწირისაც, მაგრამ აქ მთავარი ორი რამაა: სკიტას სტილი და ხასიათი. მაკედონიასთან იგრძნო, რომ მასზე თამაშის მოგება იყო დამოკიდებული და ყველაფერი გამოუვიდა.

2011-12 წლების სეზონში ირანის ჩემპიონი გახდა, შეუცვლელი კალათბურთელი იყო, დაახლოებით ისე თამაშობდა, როგორც ახლა, ლიბანის "ჩამპვილში": სამოვერტაიმიან მატჩშიც კი არ ისვენებს, სრული კარტ-ბლანში აქვს და 52 ქულამდეც ადის. "ჩამპვილში" ცქიტიშვილი თავისუფალი მხატვარია, რა ფერში, რომელი წერტილიდანაც მოისურვებს, იქიდან "ხატავს" ორქულიანს თუ სამქულიანს.

შემოქმედ ადამიანს ერთი თვისებაც აქვს: თუ ხასიათზე არ არის, შედევრს ვერ შექმნის, ჩარჩოში მოქცევა არ უყვარს და არც შეიძლება. ხასიათზე მწვრთნელმა უნდა მოიყვანოს, პალიტრაც მისცეს, საღებავებიც და ტილოც, მაგრამ რა უნდა ქნას მაშინ, როცა გუნდში ასეთი ნიჭის კიდევ ექვსი-შვიდი შეგირდი ჰყავს? - ფუნჯი და ფუნქციები ყველას გადაუნაწილოს, რაც თავისთავად გულისხმობს ჩარჩოს...

ბმბ
კაი რა,რა დროის ცქიტიშვილია თუ ძმა ხარ
kl
აუცილებლად ნაკრებში უნდა აიყვანოს ამ დებილმა კოკოშკოვმა. რაც სტატიაში წერია ყველაფერი მართალია. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რო იზარმაცა თუმცა ახლა ზარმაცობის დრო აღარ აქვს. ნაკრებს ძალიან გამოადგება
jojo
სიზარმეტსე დიახ სიზარმატსე,ქარტველი ადამიანის დაუდზინებელი სენი.კქინქლადზეტს მაგან დაყუპა და ნიკაც.
dddd
ყველაფერს უნდა დაარქვათ ხოლმე თავის სახელი ჟურნალისტებმა...რას ქვია არ იყო მზად NBA-სთვის? დრაფტზე მე-5 ნომრად რომ აგირჩევენ, ეს ნიშნავს, რომ შენგან უკვე ვარსკვლავობას ელოდებიან და არც სკამზე დაგსვავენ თუ ბურთს დაკარგავ ან ააცილებ... ამარე სტაუდმაიერს რატომ არ შეექმნა "წუთობრივი პრობლემა" იმ სეზონში? ნიკას პრობლემა ხასიათში იყო და არა იმაში ათამაშებდნენ თუ არა საკმარისად... თანაც თუ გგონიათ თამაშში 15 წუთი საშუალოდ ცოტა ძალიაააან ცდებით... თოკო რომ 15 წუთით ეთამაშებინათ ბრუკლინში პირველ სეზონზე, ეხლაც იქ იქნებოდა დარწმუნებული ვარ... დრაფტის 5 ნომრობა ნიშნავს, რომ შენ აგიყვანეს ძირითადი ხუთეულის კალათბურთელად და არა როლურ მოთამაშედ...
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
[VIDEO] დარბაზი დაინგრა - საოცრება არგენტინის ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩში
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ