"იუნაიტედმა" დარმიანი წარადგინა
ბასტიან შვაინშტაიგერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა. გამოცდილი გერმანელი ნახევარმცველისა და "წითელი ეშმაკების" "სიყვარულის ისტორიის" შესახებ საუბარი საკმაო ხანია, დაიწყო, მაგრამ მერე შესაძლო ტრანსფერზე საუბარი მიჩუმათდა და "ლავსთორად" შვაინშტაიგერისა და ანა ივანოვიჩის ურთიერთობა გამოვიდა წინა პლანზე.

თუმცა, საბოლოოდ, მოსახდენი მაინც მოხდა და, როგორც ირკვევა, თავად შვაინშტაიგერის სურვილი დიდი გახლდათ, რომ კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" გაეგრძელებინა. სწორედ ამან იქონია გადამწყვეტი გავლენა და "ბაიერნს" ისღა დარჩენოდა, ბასტი გაეშვა. მსოფლიოს ჩემპიონმა მიუნხენურ გუნდს განუცხადა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებდა, მოქმედი კი მომავალ ზაფხულს ეწურებოდა.

30 წლის საყრდენი (1-ელ აგვისტოს 31-ის ხდება) წინა სეზონში ტრავმებითა და მცირე სათამაშო დროით გაიტანჯა და როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ხოსეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბაიერნში" მისნაირი ვეტერანების, "მოხუცების" ადგილი არ არის. ფანებს კი შეუთვალა, ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდეთო.

"იმედია, ჩემს გადაწყვეტილებას გაიგებთ. ვერავინ წაგვართმევს იმ ბრწყინვალე თავგადასავლებს, რომლებიც ერთად გვქონდა. ეს ნაბიჯი ურთულესი გადასადგამი გახლდათ, რადგან თქვენ - "ბაიერნი" იყავით, ხართ და ყოველთვის იქნებით ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი" - ასე მიმართა ფანებს შვაინშტაიგერმა.

"მანჩესტერისადმი" კი, ალბათ, მართლაც ჰქონდა სიმპათიები, რადგან მსურველები სხვებიც ეყოლებოდა, მაგრამ "ბაიერნის" ექსკაპიტანს მტკიცედ ჰქონია გადაწყვეტილი კარიერის "ოცნებების თეატრზე" გაგრძელება და ამას თავისი ოცნებაც კი უწოდა და ისიც დაამატა, ახალი გამოწვევისა და გამოცდილების მიღება მსურდაო. არც ლუი ვან გაალს ექნებოდა საწინააღმდეგო რამე, რადგან თითქოსდა, "იუნაიტედს" ცენტრში კარგი ფეხბურთელები არ აკლია, მაგრამ ამ პოზიციაზე ჰოლანდიელ სპეციალისტს მაინც სულ პრობლემა ჰქონდა და უკმაყოფილო გახლდათ.

იგი, მინიმუმ, ერთ საყრდენს ეძებდა და ამაზე უკეთესს ცოტას თუ ნახავდა. შესაბამისად, ალბათ, უეინ რუნისაც უფრო ნაკლებად და იშვიათად მოუწევს უკან დახევა და მეტი თავისუფლება ექნება, აქცენტს შეტევაზე გააკეთებს და მანჩესტერელების შემტევი პოტენციალი მოიმატებს.

"კიდევ ერთი, ბოლო ოცნება ჩემს კარიერაში ახდა. ძალიან აღელვებული და გახარებული ვარ იმით, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი თავი იწყება" - დაწერა სოციალურ ქსელში შვაინშტაიგერმა.

"ბაიერნის" მმართველი კარლ-ჰაინც რუმენიგე: "ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ბასტიანი გუნდისთვის ბევრს ნიშნავდა და მან "ბაიერნთან" ერთად ბრწყინვალე წარმატებებს მიაღწია. თუმცა კარიერის მიწურულს რაღაც ახლის გაკეთება სურს და მან გვთხოვა, რომ მისი პოზიცია მიგვეღო და გაგვეთვალისწინებინა".

"რასაკვირველია, უნდა მივიღოთ და პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ახალი გამოწვევის ძიებაშია, მაგრამ პირადად ჩემთვის, უაღრესად გულდასაწყვეტია, რომ იგი მიდის" - აღნიშნა ფილიპ ლამმა.

შვაინშტაიგერს "ბაიერნში" დებიუტი 2002 წელს ჰქონდა და მან მიუნხენელთა მაისურით 536 მატჩი ჩაატარა. მათ შორის, ცხადია, 2009-11 წლებში, როდესაც რეკორდმაისტერს ვან გაალი წვრთნიდა. ასე რომ, ბასტი და ლუი ერთმანეთს მშვენივრად იცნობენ და წარმატებული თანამშრომლობის იმედი აქვთ.

შვაინშტაიგერს "ბაიერნთან" ერთად 8-ჯერ აქვს მოგებული ბუნდესლიგა, 7-ჯერ გერმანიის თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. გერმანიის ნაკრებში კი იგი 2004 წლიდან მოყოლებული თამაშობს და ნაციონალმანშაფტთან ერთად 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიუმფის გარდა, მუნდიალის ორგზის მესამეადგილოსანია (2006, 2010) და ევრო 2008-ის ფინალისტი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" დღეს გეზი ამერიკისკენ აიღო, სადაც გუნდს ტურნე აქვს. "წითელი ეშმაკები" სიეტლში დაბანაკდებიან და პარასკევს პირველი მატჩი ექნებათ მექსიკურ "ამერიკასთან". ვან გაალს იმედი აქვს, რომ შვაინშტაიგერი უკვე მოახერხებს თამაშს. იქამდე, ბასტიანმა სამედიცინო შემოწმება და სხვა სახის დეტალები უნდა მოაგვაროს.

შეგახსენებთ, რომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებმა ჯერ კიდევ წინა სეზონის დასრულებამდე დაიბევეს მემფის დეპაი, რომელშიც პსვ-ს 31 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. შემდეგ მათ ხანგრძლივი პაუზა ჰქონდათ და ახლა ერთბაშად ორი მოთამაშე დაიმატეს - შვაინშტაიგერი და მატეო დარმიანი "ტორინოდან".

როგორც აღვნიშნეთ, დეპაი ძველი ამბავია და ახალგაზრდა ჰოლანდიელის ათამაშების დიდი მოლოდინი რომაა, ესეც ვიცით. აი, დარმიანზე კი უფრო დაწვრილებით უნდა შევჩერდეთ, რადგან "ცხელი" ამბავია. 25 წლის ფლანგის მცველი საფეხბურთო სამყაროში უცბად შემოიჭრა და თითქოს, იტალიის ნაკრებსაც გადაუჭრა ფრთის პრობლემა, "სკუადრა აძურას" მაისურით მან უკვე 13 შეხვედრა ჩაატარა. დარმიანს დებიუტი ტურინული გუნდის რიგებში 2011 წელს ჰქონდა და "ტოროს" მაისურა 146-ჯერ მოირგო.

მან "წითელ ეშმაკებთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ გავრცელებული ცნობით, ეს სიამოვნება "იუნაიტედს" 12,7 მილიონი გირვანქა დაუჯდა. დარმიანს ბევრი სხვა მსურველი ჰყავდა, "მილანის" აღზრდილს, პირველ რიგში, სერია A-ს წამყვან გუნდებს და ჩემპიონ "იუვენტუსს" უკავშირებდნენ, მაგრამ "მანჩესტერმა" ყველას დაასწრო და აჯობა.

"იმუშავო ლუი ვან გაალთან ერთად, რომელსაც ამდენი რამისთვის მიუღწევია, შესანიშნავია და ძალიან მიხარია, რომ ასეთ ძლიერ გუნდში გადმოვედი" - თქვა დარმიანმა.

"მატეო მარჯვენა მცველია, რომელიც აქტიურად ერთვება შეტევებში, რაც პრემიერლიგისთვის იდეალური თვისებაა. ის ძლიერი და მრავალმხრივია და მარცხნივაც შეუძლია თამაში" - განაცხადა ვან გაალმა.

ცხადია, ჰოლანდიელი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და კიდევ აქვს კლუბის გაძლიერება გეგმაში. სხვათა შორის, "ბაიერნთან" თანამშრომლობაც შეიძლება გაგრძელდეს - მაგალითად, მიუნხენელებს ანხელ დი მარია აინტერესებთ, ხოლო "მანჩესტერი" "ალიანს არენას" გარშემო მეჰდი ბენატიას, არიენ რობენისა და თომას მიულერის გამოც უტრიალებს. ის, რომ "იუნაიტედს" სერხიო რამოსის დამატება სურს, ძველი ამბავია.

გამოვარჩიოთ ისიც, რომ "იუნაიტედმა" უარი მიიღო "საუთჰემპტონისგან" მორგან შნაიდერლენის თაობაზე გაკეთებულ პირველ წინადადებაზე, "წმინდანებს" ფრანგში უფრო მეტი სურთ, ვიდრე "წითელი ეშმაკები" უხდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ტრანსფერ ONLINE. ჭორები და ტრანსფერები. 8 ივლისი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
"ტორინო": რა იქნება დარმიანის შემდეგ
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს: 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...
"ჩემთვის შვილივით არის, მაგრამ..." - ტენ ჰაგმა ანტონიზე ისაუბრა
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია